„ძალაუფლებით დაბრმავებული ირაკლი კობახიძე საკუთარ მომავალს დაასამარებს„ _ ლია მუხაშავრია
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განათლებით იურისტია, მაგრამ მისმა მოღვაწეობამ ცხადყო, რომ ძალიან ცუდი პოლიტიკოსი და კიდევ უფრო უარესი იურისტია. ირაკლი კობახიძე უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკუთარ მომავალს დაასამარებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ. იურისტი „ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კარგად შეისწავლოს.
_ ქალბატონო ლია, საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სიის განხილვას უცვლელი შემადგენლობით გეგმავს. შექმნილი ვითარებიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი მოსამართლეების ჯგუფს ლობირებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა აღნიშნული სია უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა, რა საფრთხის წინაშე დადგება ქართული მართლმსაჯულება?
_ მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. თუ ათკაციანი სია დამტკიცდა და უზენაეს სასამართლოში სკამები იმ მოსამართლეებმა დაიკავეს, რომლებიც თანამდებობებზე უვადოდ განმწესდებიან, მომავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნას არ უნდა ველოდოთ. რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში პროგრესი, სტაბილურობა და მშვიდობიანი სოციალური ცხოვრება არ იქნება. დღეს წამხდარი ადამიანები ხვდებიან საკვანძო თანამდებობებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქართული სახელმწიფოს სხეულზე, ფაქტობრივად, ძალიან საშიშ და მძიმე მეტასტაზად გადაიქცა, რაც ქართული სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემაა.
_ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, არ ვარაუდობთ, რომ ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოზიციას ახმოვანებს და ბიძინა ივანიშვილი თანამდებობებზე მოსამართლეთა უვადოდ განწესებას ლობირებს?
_ამ მომენტისთვის, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი მოტყუებულია. ვვარაუდობ, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილს კარგად არ ესმის, რა მოჰყვება ამ ათკაციანი სიის შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განათლებით იურისტია, მაგრამ მისმა მოღვაწეობამ ცხადყო, რომ ძალიან ცუდი პოლიტიკოსი და კიდევ უფრო უარესი იურისტია. ირაკლი კობახიძე უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკუთარ მომავალს დაასამარებს. შესაძლოა, მან აღნიშნული საკითხი გაიტანოს, მაგრამ სამომავლოდ საკუთარ პროფესიასთან დაემშვიდობება მოუწევს.
ვფიქრობ, რომ ჩვენდა ჭირად, ირაკლი კობახიძე ძალაუფლებით დაბრმავებული ადამიანი გახდა. ბიძინა ივანიშვილს კვლავ მივმართავ, როდესაც ხელში ამხელა ძალაუფლებას აიღებ, ელემენტარულად მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციაში და დანიშნულებაში უნდა ერკვეოდე. ბიძინა ივანიშვილმა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად, სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებთ, უცილებლად უნდა მოუსმინოს.
_ რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას პრინციპული პოზიცია ირაკლი კობახიძისთვისაც ცნობილი იყო, როგორ ფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომარეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დაწინაურება, მართლმსაჯულების სისტემიდან ჩამოცილებისთვის და მოსამართლეთა სიის გატანის მიზნით ხომ არ სურდა?
_დიდი ალბათობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ჩამოცილება მისი დაწინაურების გზით სურდა. ბესელიასა და კობახიძის ბრძოლას, შესაძლოა, მართლმსაჯულების მომავალი გადაჰყვეს, რაც ძალიან საშიშია. მხარეებს შორის ბრძოლა არა მარტო „ქართულ ოცნებას“ გადაიყოლებს, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებასაც შეაფერხებს.