საია დაკავებულთა დაცვის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს
მან სამართალდამცავების ქმედებას არაკანონიერი უწოდა და თქვა, რომ საია-ს ადვოკატს დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვის საშუალებას არ აძლევენ: "ჩვენთვის უცნობია, რატომ იბარებენ ადამიანებს პოლიციაში. ამის დადგენის საშუალება სამართალდამცავებმა არ მოგვცეს. პოლიციის მხრიდან ეს ქმედება დაუშვებელი და უკანონოა, რის შესახებაც უკვე ვაცნობეთ სახალხო დამცველს", _ უთხრა "გურია ნიუსს" ტრაპაიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. საია-მ დაკავებულთა დაცვის უფლების შეზღუდვაც გააპროტესტა: "საია-ს ოზურგეთის ოფისმა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული, დაცვის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა _ ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართა 26 მაისის აქციის მონაწილემ ნუგზარ ბურჭულაძემ, რომელიც ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაბარებული იყო მოწმის სტატუსით. პოლიციაში გამოცხადების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკითხვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ იმერლიშვილის სახელზე საჩივარი დაწერა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ადვოკატს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა სიტყვიერად განუმარტა, რომ ბურჭულაძეს ადვოკატის მომსახურება არ სურდა, თუმცა, ჯაბა ზერეკიძეს არ მიეცა საშუალება პირადად მოენახულებინა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და დაედასტურებინა ეს ფაქტი. საია-ს მიაჩნია, რომ მოხდა ბურჭულაძისთვის დაცვის უფლების შეზღუდვა. მოვითხოვთ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", _ აცხადებენ საიას ცენტრალურ ოფისში.
როგორც "გურია ნიუსს" ადვოკატმა ჯაბა ზერეკიძემ უთხრა, პოლიციის შენობაში ვინმე დავით დოლიძე (ასე გაეცნო იგი ზერეკიძეს) მას განუმარტავდა, რომ დაკითხვამდე ამ პირებთან, ადვოკატის დასწრების გარეშე, მეგობრული გასაუბრება უნდოდა. ზერეკიძისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, პოლიციის შენობაში "მეგობრული გასაუბრება" და ამის ახსნა მოითხოვა ვინმე დოლიძისგან: "ვერ ვიხსენებ, რომელიმე კანონში ეწეროს "მეგობრული გასაუბრების" შესახებ. "მეგობრული გასაუბრების" შემდეგ თუ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, ამის შესახებ არ ვიცოდი და პირველად ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში გავიგე. მითხრეს, შენ დარჩი და ჩვენ გავესაუბრებითო. ვკითხე, გასაუბრება ყავის, წვენის თუ ალკოჰოლური სასმელის დალევის ფონზე შედგება,-მეთქი? ამის შემდეგ იმერლიშვილს მივმართე წერილობით, რათა თანამშრომლების უკანონო ქმედებებზე რეაგირება მოეხდინა", _ ამბობს ზერეკიძე, რომელიც ვარაუდობს, რომ სამართალდამცავები მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ათქმევინებენ, არ მჭირდებოდა ადვოკატიო და დასძენს: "თუ არ სჭირდებოდათ, შესაბამისად, არც მომთხოვდნენ მათი ინტერესების დაცვას".