გურიაში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაერთი საჯარო მოხელე დააკავეს
"გურია ნიუსთან" საუბარში გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი აცხადებდა, რომ ყველა მოხელე, ვინც ქრთამს აიღებს, დანაშაულს ჩაიდენს, ან უბრალოდ, ყურადღებას მოადუნებს, მკაცრად დაისჯება, რადგან კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობს.
გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი გელა ლომჯარია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ასევე შარშან, 10 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, მინდია დოლიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, რასაც ამავე სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების დათხოვა მოჰყვა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გასული წლის 17 სექტემბერს, წლების წინ უკანონოდ გაყიდული მიწების გამო, სოფელ წყალწმინდის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტი, ჯემალ გოგოლაშვილი და სუფსის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი, პავლე ბენაშვილი დააკავეს. გასული წლის ივნისის ბოლოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის რწმუნებული, ამირან ჩაგუნავა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათის რწმუნებულის თანაშემწე, ტარიელ ძნელაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ასევე გასული წლის 7 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი, გელა დოლიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, რომელიც შოთა სირაძესთან ერთად, გაყიდული ნაკვეთების ნახაზებს აყალბებდა. ამას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, შოთა სირაძის გაქცევა მოჰყვა, რომელიც ამჟამადაც იძებნება. ამის გამო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მამუკა დოლიძეს თანამდებობა დაატოვებინეს. მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდნენ სამართალდამცველები და ბახმაროს გახმაურებულ სკანდალს გურიის მაღალჩინოსანი პოლიციელების სავარძლებიც შესწირეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გახმაურებული საქმის ფიზიკური შემსრულებელი, როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებდა, კურორტ ბახმაროს ქვეგანყოფილების პოლიციის მაშინდელი უფროსი, შოთა მჟავანაძე იყო. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი დღეს აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ბიზნესში, აქვს კარიერები და ტაკიძის დაკავების შემდეგ, გამგეობის შენობაშიც ხშირად ჩნდება. ერთ დროს შექმნილი ელიტარული ფეშენდასახლება ჩვენს საამაყო კურორტზე უკვე აღარ არსებობს. მაშინ საზოგადოება ხშირად საუბრობდა, რომ ამ ფაქტებს გურიის გუბერნატორიც გადაჰყვებოდა. გურიის გუბერნატორი კი ამ მოსაზრებას, "ზოგიერთი ჟურნალისტის ნააზრევს" უწოდებდა: "ჭორებს ყურადღების არ ვაქცევ, არც გადავმდგარვარ და არც ვაპირებ," _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბარში გუბერნატორი.
ბახმაროს სკანდალი საზოგადოებას მიწყნარებული ეგონა, რომ დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურორს, იმერეთისა და ოზურგეთის რაიონულ პროკურორებს თანამდებობები დაატოვებინეს. "საპროკურორო წმენდა" წყარომ, გურიაში მომხდარ მოვლენებს დაუკავშირა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსის, მერაბ კურდღელაშვილის დაკავებამ, ეს პროცესები "გააცოცხლა". 10 ივლისს დაკავებულ კურდღელაშვილს, რამდენიმე დღეში საპროცესო გარიგება გაუფორმეს და გამოუშვეს. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას საპროცესო "ერთი დავალების შესასრულებლად" გაუფორმეს.
წყარო ამტკიცებს, რომ ის "ჩამწერით" დადიოდა და გამგებელს, გია ტაკიძეს შეხვდა და შეხვედრის ჩუმი ჩანაწერიც გააკეთა. მისი თქმით, კურდღელაშვილი გია ტაკიძეს დახმარებას სთხოვდა, _ "საპროცესოს ფული მაქვს შესატანი, რასაც გაძლევდით უკან დამიბრუნეთო", მისთვის ტაკიძეს უარი უთქვამს _ "შენი საქმე შენ თავად გამოასწორეო". სწორედ ამის საფუძველზე საუბრობს ანონიმურად არაერთი საჯარო მოხელე და საზოგადოების ნაწილი, რომ გამგებელს კონკრეტულად ამ შემთხვევაში არ ჰქონდა "მიქარული" და არც ეშინოდა; მეტიც, არც დამალვა უცდია.
გამგეობაში არ სჯერათ, რომ ტაკიძე დასუფთავების სამსახურში ხელებს ასე გაისვრიდა და კურდღელაშვილისგან ქრთამს აიღებდა, თორემ ის, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის. "გურია ნიუსი" შეეცადა მერაბ კურდღელაშვილისაგან კომენტარი მოეპოვებინა, მაგრამ მან სატელეფონო საუბრისას, კომენტარზე უარი გვითხრა.
გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის, მინდია დოლიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ტაკიძე აცხადებდა, რომ "თუ საჯარო მოხელე ვერ ითავსებს მოვალეობას და საეჭვო გარიგებაზე მიდის, ის სასჯელის ღირსია".
ჩვენი ინფორმაციით, ტაკიძემ ჩვენება უკვე მისცა. მას არაერთი სახელი და გვარი დაუსახელებია, თუმცა, ამ ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულია. ამბობენ, რომ გურიაში პოლიტიკურად ცხელი ზაფხული დადგა და შემოდგომა კიდევ უფრო "ცხელი" იქნება.