მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება დაასრულა

სამართალი

მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება დაასრულა

2016 ივნ 22 16:02:43

საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. 

ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

"საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. 

გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა ქალაქ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია "დიანა“-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია  ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა ჩზ-75 სისტემის პისტოლეტი (დანართი N1) და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში (იხ.ვიდეო), სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან (იხ.ვიდეო). 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა - გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში  (დანართი N4).

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდი ე.წ. "შტანცმარკა“ და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად (დანართი N5). ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად (დანართი N6). გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში (დანართი N7დანართი N8). მარცხენა საყრდენიდან ამოღებული ტყვია, ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით გასროლილია ეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან და გავლილი აქვს გარდაცვლილის სხეული (დანართი N9). ავტომანქანის სავარძლები და სალონის დეტალები მარცხნიდან მარჯვნივ გაშლის კლებადობით დაფარული იყო გარდაცვლილის სისხლის შხეფებით, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური, ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები (დანართი N10).  შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე  დადგენილია, რომ ა/მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ  კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ კიწმარიშვილს სროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც. (დანართი N12, დანართი N13, დანართი N14)

გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პირების გარდა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებმაც.

ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. (დანართი N15, დანართი N16)

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი  დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.  
გარდა ამისა, მოპოვებული ვიდეო მასალით, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებამ მიიღო შემდეგი ინფორმაცია: ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული ან დაძაბული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა მხოლოდ მეგობრებთან, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან და ოჯახის წევრებთან. 

გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, რა დროსაც იგი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ეროსი კიწმარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა თუმცა დამარცხდა, წინასაარჩევნო პროცესში მონაწილე პირების მიმართ კი დარჩა დავალიანება  120 000 ლარის ოდენობით. დაპირებული თანხის მიღების მოთხოვნით აღნიშნული პირები 2014 წლის 14 ივლისს საღამოს შეიკრიბნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. ამის გამო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პირები და ამავდროულად ეროსი კიწმარიშვილის მეგობრები: გიორგი ხევიაშვილი და თამაზ ბაწელაშვილი იმავე საღამოს შეხვდნენ ეროსი კიწმარიშვილს და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ დავალიანების დაფარვა სთხოვეს. კიწმარიშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ თანხას მომდევნო დღეს მეუღლის მეშვეობით გამოიტანდა ბანკიდან და  მათ გადასცემდა. მეორე დღეს ზემოთ მითითებული პირები კვლავ მივიდნენ ეროსი კიწმარიშვილთან თანხის მისაღებად თუმცა კიწმარიშვილი მათ ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი დახვდათ. 
ყოველივე აღწერილი ნათლად მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მკვეთრად იყო გაუარესებული მისი მატერიალური მდგომარეობა (დანართი N17, დანართი N18, დანართი N19, დანართი N20 და  იხ. ვიდეო№1, იხ. ვიდეო№2). 
საბოლოოდ, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ.  

გვინდა გამოვეხმაუროთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა მედია საშუალებებით. 

გამოძიების მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა გამოჩნდა საეჭვო პირი,  რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. აღნიშნული არ არის სიმართლე. საქმე იმაშია, რომ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა  ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების 15 ივლისის ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ეროსი კიწმარიშვილის ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე, კადრში დაფიქსირდა შავ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პირი (დანართი N23), რომელიც გვერდით ჩაუვლის კორპუსს და შეუჩერებლად გადაადგილდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული პირი არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, რადგან ის, როგორც უკვე აღინიშნა, კორპუსთან შეუჩერებლად გადაადგილდა და გასცდა შემთხვევის ადგილს იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სახლიდან. 
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან უმალვე, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილი, საიდანაც საეჭვო პირები გადმოვიდნენ და ავტოფარეხში ჩავიდნენ შემდეგ უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს ,,ეროსიმ თავი მოიკლაო“. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა. მან გამოძიებას მიუთითა, რომ ინფორმაციის წყარო  მისთვის უცნობი ქალბატონი იყო, რომელმაც ქუჩაში უამბო ზემოთ აღწერილის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ  ინფორმაცია უფლებადამცველს გადასცა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე სტილისტმა. აღნიშნული პირი დაიკითხა გამოძიების პროცესში, რა დროსაც მან განმარტა, რომ ტაქსის ნიშნით შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა მივიდა არა პოლიციის თანამშრომლების ეროსი კიწმარიშვილის კორპუსში მისვლამდე, არამედ მას შემდგომ და ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით გადასცა უფლებადამცველს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსის ნიშნის ავტომობილით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული პირები ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას, რის გამოც მათ ავტომობილს ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ღონისძიების დასრულებისთანავე  კი სწორედ ასეთი ნიშნის მქონე ავტომობილით გამოცხადდნენ გამოძახებულ ადგილზე (დანართი N25 დანართი N26, დანართი N27,დანართი N28). 

გარდა ამისა, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საეჭვოდ იქნა მიჩნეული სხვადასხვა გარემოება. თითოეული მათგანი საფუძვლიანად და დეტალურად შეისწავლა გამოძიებამ და დაადგინა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ აღწერილ ვითარებას.  

კერძოდ, გამოძიების პირველივე სტადიაზე ცალკეული პირები სვამდნენ შეკითხვას: რატომ  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იმ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ ავტომობილში, საფეთქელზე დაზიანებით და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირველადი ინფორმაცია სწორედ ზემოთ მითითებული მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია კვალიფიკაციის შეცვლა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამომძიებლისთვის შეისწავლოს და გამოიკვლიოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ზემოთ მითითებული მუხლით, გამოძიების პროცესში განხორციელდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოების დეტალური კვლევა. 
რაც შეეხება საკითხს რატომ არ არის აღმოჩენილი იარაღზე იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალი, აღნიშნული განპირობებულია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის კონსტრუქციით. კერძოდ, ჩზ-75 -ის ზედაპირის უმთავრესი ნაწილი რელიეფურია (ე.წ. "ხორკლიანი“). მას აქვს როგორც ბორცვები ასევე გარკვეული ჩაღრმავებები. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი კი, როგორც წესი რჩება გლუვი ზედაპირის მქონე საგანზე. იარაღი დათვალიერდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მის მიერ წარმოდგენილი ექპერტების მონაწილეობით რა დროსაც ნათლად წარმოჩინდა ზემოთ აღწერილი გარემოებები. 
საგულისხმოა გამოძიების პროცესში შესწავლილი კიდევ ერთი გარემოება - ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ მას სახლიდან გამოსვლის დროს ეცვა ღია ფერის მაისური, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამის მაისური იყო მონაცრისფრო რუხი ფერის. ამასთან გვამს ემოსა არამხოლოდ მაისური არამედ პიჯაკიც. პირველ რიგში მაისურის ფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდა სადარბაზოში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას და აღმოჩნდა, რომ კამერა რეალურისგან განსხვავებულად აფიქსირებს ფერებს (დანართი N29). რაც შეეხება პიჯაკს, გამოძიებით მოპოვებულია ვიდო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის იარაღის მაღაზია ,,დიანადან“ გამოსვლის ფაქტი. კერძოდ, კადრში ჩანს მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ როგორ დებს ის პიჯაკს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებულია ასევე ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის პიჯაკის გარეშე შევიდა სახლში. შესაბამისად ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პიჯაკი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მანქანასთან მისვლის დროს ჩაიცვა. 

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტოფარეხში დამონტაჟებული კამერა სპეციალურად იყო შეტრიალებული ისე, რომ გადაღება არ ეწარმოებინა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და დადგენილია, რომ ავტოფარეხში ვიდეოკამერის დამონტაჟება ეროსი კიწმარიშვილმა და მის მიერ დაქირავებულმა მძღოლმა რამდენიმე წლის წინ დაუკვეთეს ერთ-ერთ ორგანიზაციას. სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის. ამასთანავე, კამერის ობიექტივი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს სწორედ იმ მხარეს იყო მიმართული საითაც თავდაპირველი დამონტაჟების დროს. საქმე იმაშია, რომ კამერის დამონტაჟების დროს, ეროსი კიწმარიშვილი ავტომანქანას აჩერებდა ადგილზე, რომლისკენაც დღემდე მიმართულია ვიდეოკამერა, გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ კი, მან შეიცვალა ავტოსადგომი ხოლო კამერის ობიექტივის მიმართულება არვის აღარ შეუცვლია და დარჩა თავდაპირველი სახით (დანართი N30, დანართი N31). აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეოკამერა შემოწმების დროს იყო ძლიერად დამტვერილი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ზედაპირიდან იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის კვალის ამოღება.

 ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე მივიდა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადო შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რითაც გამოირიცხა სხვა ალტერნატიული ვერსიის ნამდვილობა. 
აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა და დაჭრა_ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ.ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ბ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ. ფეხის არეში დაჭრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ტ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქ.თბილისში დააკავეს.   მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკველელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ... ...
  • "მე და ზვიადი კლასელები ვიყავით"_ რას იხსენებს გელა ჩარკვიანი 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.  აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქართველი დიპლომატი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. „დედაჩემი თამარ ჯაოშვილი და ზვიადის დედა მირანდა ფალავანდიშვილი კლასელები იყვნენ. სხვათა შორის, მათი ჩანაწერები სასკოლო ალბომებში, ახლაც მაქვს სადღაც შენახული. მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ბავშვი, რომელიც გავიცანი, ზვიადი იყო. ალბათ, ოთხი წლის ვიქნებოდი. ისინი კიკეთში იყვნენ, ჩვენ – წყნეთში და სტუმრად ჩამოვიდნენ. მე და ზვიადიც კლასელები ვიყავით, ოღონდ ექვსი კლასი, მე მეშვიდე კლასიდან მოსკოვში გადავედი, მამაჩემის გათავისუფლების გამო. თბილისში როცა ჩამოვდიოდი, კლასელებს ყოველთვის ვნახულობდი. მახსოვს, სამი წლის მერე რომ ჩამოვედი, მთაწმინდაზე ავედით ბიჭები, ჩვენი თავები უკვე დიდები გვეგონა და ცოტა ღვინოც დავლიეთ. ვერ ვიტყვი, რომ დიდობაში უკვე, მე და ზვიადს განსაკუთრებული მეგობრობა და ახლობლობა გვაკავშირებდა, რადგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებულები ვიყავით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის როლს მიუკერძოებლად ვუდგები: საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებაში, ჩვენთან კომუნიზმის დამარცხებასა და ეროვნული თვითშეგნების წამოწევაში ზვიადის წვლილი რომ დიდი იყო, ეს ფაქტია. იგი დამოუკიდებლობის იდეის ერთგული გახლდათ ბავშვობიდან, სკოლის მერხიდან...“_ წერს ... ...
  • 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 29 წელი გავიდა1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან დღეს 29 წელი გავიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები. დღეს, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 81 წელი შეუსრულდებოდა. ... ...
  • პოლიცია საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს აკონტროლებსსაქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. "მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას,"_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...