თეა წულუკიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის გენდირექტორის ვერდიქტიც იყო
„ნიკა გვარამია გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას“, _ აღნიშნულის შესახებ ტვ იმედის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრი ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ ვერდიქტად აფასებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მასში პირდაპირ წერია, რომ „ნიკა გვარამია გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას“.
"ცალკეულ პარაგრაფებში შეფასებულია, მაგალითად, მისი ისეთი გამონათქვამები, როგორიც არის ზონდერმოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო მონა, ჯიბის მოსამართლე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დაწვრილებით განხილული და დასკვნა არის გაკეთებული, რომ ეს ადამიანი, „რუსთავი 2“-ის დირექტორი, გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას. ეს წერია პირდაპირ შავით თეთრზე, ამიტომ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ეს არის გენდირექტორის შესახებ ვერდიქტი“,- განაცხადა წულუკიანმა.