რამდენიმე საათი გურიიდან სტამბულამდე _ პირველი ნაწილი

საზოგადოება

რამდენიმე საათი გურიიდან სტამბულამდე _ პირველი ნაწილი

2011 მაი 11 01:04:10

 

სულ რაღაც სამი დღით მივდივარ. ბევრი არაფერი მიმაქვს. ვიცი, რომ თითქმის მთელი დღე და ღამე ავტობუსში უნდა გავატარო. წინასწარ ვემზადები დამღლელი მგზავრობისთვის. მაფრთხილებენ, რომ რთული გზა მელის. თბილისში უკვე დავრეკე და ბილეთი დავჯავშნე. "თურქი ოღლის" ავტობუსს ქობულეთში უნდა დავხვდე.

გარეთ ძალიან ცივა... წვიმს. სადგური სავსეა ხალხით.

_ სტამბულის ავტობუსს ელოდებით?

_ კი, _ მოკლედ მომიჭრა ერთმა ქალბატონმა.

_ მალე მოვა?

_ არ ვიცით, _ მპასუხობს მეორე.

ეტყობათ, რომ ლაპარაკის ხასიათზე არ არიან. უმრავლესობა ახლობლებთან საუბრით არის გართული. ჩემს ყურადღებას ახალგაზრდა წყვილი იქცევს. ჩახუტებულები დგანან.

_ 5 თვე არ გასულა მათი ქორწინებიდან და ქმარი უკვე იძულებული გახდა თურქეთში სამუშაოდ წასულიყო, რა ქნან? ოჯახს რჩენა უნდა, _ სიტუაციის ახსნას შეეცადა, სავარაუდოდ, ბიჭის დედა.

წვიმა გაძლიერდა, ავტობუსი თითქმის ერთი საათით აგვიანებს. მომლოდინეებს მოუსვენრობა დაეტყოთ:

_ რა უპასუხისმგებლობაა, ამდენი ხნით დაგვიანება გაგონილა! _ ბრაზობს ერთი.

_ სხვა დროსაც ასე აკეთებს. მაგათ სხვა სულ არ ადარდებთ, _ მხარი აუბა მეორემ.

5 წლის გოგონა დედას არ სცილდება. დედა შიშობს, რომ შვილი გაუცივდება, თუმცა მისი სახლში გაშვებაც ენანება. იცის _ სამი თვე ვეღარ ნახავს. ლოდინი უსაშველოდ იწელება, თუმცა გამგზავრებას, თითქოს, არავინ ჩქარობს. ყოველი დაგვიანებული წუთი ახლობლებთან ყოფნას ახანგრძლივებს. სადგურში ყველა სკამი დაკავებულია. ერთი ქალბატონი საკუთარ ჩანთაზეა ჩამომჯდარი. მას არავინ ახლავს.

_ გამარჯობა. მარტო ხართ?

_ კი.

_ არავინ გაცილებთ?

_ არა, მარტო ვარ.

საუბარი ვერ აეწყო. მეც, ჩემს ჩანთაზე ვჯდები და ბლოკნოტში ჩანიშნულ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს, ვავლებ თვალს:

თურქეთში, უმუშევრობის მაღალი დონის გამო, დასაქმების ბაზარზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 2008 წელს თურქეთში უმუშევრობა 11.3% შეადგენდა. (შედარებისათვის: გერმანიაში ეს მაჩვენებელი 8,3%-ია, იაპონიაში კი მხოლოდ 4,5%., ხოლო საქართველოში - 16,5%.) მიგრანტებს, რომლებიც თურქეთში მუშაობას აპირებენ, მოეთხოვებათ ბინადრობისა და სამუშაო ნებართვები, თუმცა მათი აღება არც ისე იოლია. სამუშაო ნებართვის გაცემისას, მთავარი ყურადღება იმ ფაქტს ექცევა, გაუწევენ თუ არა უცხოელები ადგილობრივ მომუშავეებს კონკურენციას. ამიტომაა რომ, თურქეთში მრავალი ქართველი არალეგალურად მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად დეპორტაციის საფრთხის წინაშე დგანან, რადგან თურქეთში უკანონოდ მუშაობა დანაშაულია. ამისდა მიუხედავად, თურქეთის არაფორმალური ეკონომიკური სექტორი, დაახლოებით შრომის ბაზრის მთლიანი დასაქმების 50%-ს შეადგენს! შესაბამისად, მომუშავეთა უმრავლესობა არ იღებს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და შრომის დაცვის უზრუნველყოფას, რადგანაც არაფორმალურ სექტორში ასეთი დაცვა, უბრალოდ, ხელმიუწვდომელია. დაახლოებით სამიდან ერთი მომუშავე, ქალაქის დასახლებებში და ოთხიდან სამი მომუშავე სოფლად, არ არის რეგისტრირებული სოცუზრუნველყოფის ინსტიტუტებში. 2006 წელს თურქეთში თითქმის 52.000 არალეგალური მიგრანტი იყო დაკავებული. მიგრანტი მომუშავეები უმთავრესად კონცენტრირებულნი არიან საშინაო მომსახურების, გასართობ და სექსის სფეროში, აგრეთვე ტექსტილის, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, რესტორნებისა და საკვები პროდუქტებით მომსახურების სექტორებში.

ავტობუსი როგორც იქნა მოვიდა.

_ ჩქარა, ჩქარა, ვაგვიანებთ! _ დამტვრეული ქართულით ყვირის მძღოლი. მგზავრები ბარგს ფაცაფუცით ალაგებენ და ავტობუსში ადიან.

_ დროზე, დროზე, _ არ ცხრება მძღოლი.

_ დედა, არ წახვიდე! _ ხმამაღალი ტირის ბავშვი. მისი საცოდაობით გულდამწვარი ქალები ცრემლებს ვერ მალავენ.

_ წადი, შვილო, წადი, ეს მალე დაწყნარდება, არ ინერვიულო, _ გულამოსკვნილი ქალიშვილის დაწყნარებას ცდილობს დედა.

გოგონა ბებიას ეხუტება, დედა კი ავტობუსში უკანმოუხედავად ადის. ბავშვის ქვითინს ავტობუსის ძრავის ხმა ფარავს. ქალი წინასწარ დაჯავშნულ ადგილს იკავებს და ცდილობს ფანჯრისკენ არ მიიხედოს. ფანჯარაში კი ჩანს, როგორ იწვდენს ბავშვი დედისკენ ხელებს და თან ცდილობს ბებოს გამოექცეს. ქალი თავჩახრილი უკვე ხმამაღლა ტირის. ყველა სუნთქვაშეკრული და გაჩუმებულია, ნუგეშისცემასაც ვერავინ ბედავს.

_ ამაზე მეტი საცოდაობა რა გინდა?! დედა რომ შვილს გაჭირვების გამო მიატოვებს!... ხომ წარმოგიდგენიათ რა ჯოჯოხეთი ელის იქ ჩასულს _ ეს სცენა როგორ უნდა დაივიწყოს... _ სიჩუმეს კარგა ხნის შემდეგ არღვევს შუახნის ქალბატონი.

მგზავრები ბათუმამდე ხმას აღარ იღებენ. ყველა ცდილობს, რომ დაიძინოს.

ბათუმის პორტთან ავტობუსში კიდევ რამდენიმე ადამიანი ამოდის. წინ დიდი და გრძელი, თითქმის 24-საათიანი გზა გველის. საზღვრამდე მალე მივედით და თურქეთის სასაზღვრო პუნქტიც დროულად გადავლახეთ.

_ აბა, წავედით! _ ჩაილაპარაკა საშუალო ასაკის მამაკაცმა და ვიგრძენი, ავტობუსში უჩვეულო გარემომ დაისადგურა _ თითქოს ყველას ერთიმეორის უსიტყვოდ გვესმოდა, თითქოს ერთი ოჯახის წევრები გავხდით.

_ აქ ასეა. ყველას ერთი დარდი და ტკივილი გვაქვს, შვილო. სამუშაოა განსხვავებული, თორემ თურქეთში ყველანი მონებად მივდივართ, _ ამბობს თმაჭაღარა ქალბატონი ჩემ გვერდით.

_ ასეთი ახალგაზრდა თურქეთში სამუშაოდ ვინ გაგიმეტა, შვილო?! _ დედობრივი მზრუნველი ხმით მკითხა.

_ სამუშაოდ არ მივდივარ. ჟურნალისტი ვარ და სტატია უნდა მოვამზადო იმ ქართველებზე, რომლებიც თურქეთში მუშაობენ. განსაკუთრებით კი გურულების იქაური ყოფა მაინტერესებს. თუ იცით, ბევრი გურული მუშაობს თურქეთში?

_ ბევრი??? _ შეიცხადა, _ ნახევარი გურია თურქეთშია ლუკმაპურის საშოვნელად, ჩემო კარგო. მეც გურული ვარ, ლანჩხუთიდან. ხო, მართლა, არც კი გაგეცანი, თამარი მქვია.

_ რა გვარის ბრძანდებით?

_ უი, გაზეთში უნდა დაწერო?

_ წინააღმდეგი თუ არ ხართ...

_ არა, მაგრამ... ჩემმა შვილმა რომ გაიგოს, მეშინია არ გაბრაზდეს _ ამ ხნის ქალი რამ გადაგრიაო; თან, ხომ იცით ქართველების ამბავი _ ძალიან ამაყი და უცნაური ხალხი ვართ. სამშობლოში იმასაც ვერ ვიტანთ, რომ ვინმემ ზემოდან შემოგვხედოს, იქ კი იმდენ დამცირებას ვუძლებთ.... 54 წლის ქალი ვარ, ლანჩხუთში ბევრი მიცნობს... ამიტომ, მირჩევნია, რომ ჩემი ქალიშვილობის გვარი, რომლითაც ნახევარი საუკუნე გადავაგორე არ გითხრა. ქმრის გვარს გეტყვი, _ ჩხაიძე, მაგით ბევრი არ მიცნობს.

თამარ ჩხაიძემ სახლში მეუღლე, მოხუცებული დედამთილი, შვილი, რძალი და შვილიშვილები დატოვა:

_ მეც და ჩემი მეუღლეც მთელი ცხოვრება ვმუშაობდით. მერე კანონი შემოიღეს, ბებრები არ გვინდაო და ჩვენც უმუშევართა გრძელ სიაში ჩავეწერეთ. ჩემს შვილს ისედაც არ უმუშავია არასოდეს და ამ გაჭირვების დროს სამსახურს ვინ დააწყებინებდა?! რაიკავშირის მეწილეები ვიყავით და კარგი შემოსავალიც გვქონდა, მაგრამ რაც ეს მთავრობა მოვიდა, ხალხს ყველაფერი წაართვეს. ჩვენი ქონება სახელმწიფოსთვის გვაჩუქებინეს. ერთ მშვენიერ დღეს დაგვიბარა პროკურორმა და გვითხრა,: თქვენი კუთვნილი წილი სახელმწიფოს გადაეცითო. ვინ ამოიღებდა ხმას? დავრჩით ასე _ უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე. ჩემს ოჯახში ერთადერთი შემოსავალი დედამთილის 90-ლარიანი პენსია იყო. ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი მეზობელი კარგა ხანია თურქეთში მუშაობს და ჩემ რძალს შესთავაზა წაყვანა, მაგრამ არ დავანებე: 7 და 9 წლის ბავშვებს დედას ვერ წავართმევდი! ამიტომ, მე გადავწყვიტე წამოსვლა. პირველი ჩამოსვლა ძალიან გამიჭირდა. მართალია, მეზობელი მეხმარებოდა, მაგრამ მაინც რთული იყო უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში. ამას ისიც დაემატა, რომ ენა არ ვიცოდი. 10 დღე სამსახური ვერ ვიშოვე. ამ დროის განმავლობაში ე.წ. ოფისში ვიყავი, რომლის უფროსიც ქართველი ქალია. ასეთი ოფისები იქ ბევრია _ აქედან ჩასულ ქართველებს ასაქმებენ და სანაცვლოდ, პირველი თვის ხელფასის ნახევარს იღებენ. თუ ისე მოხდა, რომ ჩასვლისთანავე სამსახური ვერ დაიწყე, ოფისში ცხოვრების ყოველ დღეს 20 ლირად ანგარიშობენ და ამ თანხასაც პირველი ხელფასის აღებისთანავე გართმევენ. ის ათი დღე, რომელიც თურქეთში უმუშევრად გავატარე, საშინელება იყო. რამდენიმე ადგილზე ვიყავით. ზოგს ჩემი ასაკი არ მოეწონა, ზოგმა _ ენის უცოდინარობა დამიწუნა. ერთმა ქალბატონმა სამსახურში არაყვანის მიზეზად ჩემი თვალები დაასახელა _ ცუდი ფერის თვალები აქვს და არ მომწონსო. მეთერთმეტე დღეს ერთ დიდ ვილაში მიმიყვანეს სტამბულის გარეუბანში. იქ ჯერ დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, თუმცა ერთხელ ისე მოხდა, რომ მათი მზარეული ავად გახდა და კერძის გაკეთება მე მომიწია. მოეწონათ და უკვე წელიწადნახევარია იმ ოჯახში მზარეულად ვმუშაობ. როცა მეპატრონის შვილს კერძი არ მოეწონება, ყვირის. რამდენჯერმე საჭმლით სავსე თეფში მესროლა კიდეც. 21 წლის განებივრებული, დედისერთა გოგოა, შენიშვნას არავინ აძლევს. რამდენჯერმე დავაპირე წამოსვლა, მაგრამ ჩემები გამახსენდნენ _ ჩემს გამოგზავნილ თითოეულ თეთრს მოუთმენლად რომ ელიან...

ჩემს წინ ის ახალგაზრდა ქალი ზის, რომელმაც ქობულეთში, სადგურში, ატირებული შვილი დატოვა. თვალები ჯერ ისევ ცრემლიანი აქვს..

_ ნინო მქვია, _ თავად იწყებს საუბარს, _ უკვე მეორედ მოვდივარ თურქეთში. ეს ცხოვრება არ არის! საკუთარი შვილი საკუთარი ხელით მოვიგლიჯე მკერდიდან, _ მითხრა და ისევ ხმამაღლა ატირდა.

ნინო ცხომელიძე 31 წლისაა. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცხოვრობს. პროფესიით ფილოლოგმა საკუთარ სამშობლოში სამუშაო ვერ იპოვა და ახლა, თურქეთში, ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს.

25 წლის გათხოვდა. 3 წელიწადში ქმარი უმუშევარი დარჩა. უსამსახურობას დალევა, ჩხუბი, გაღიზიანება, ცოლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ერთხელ საქმე იქამდეც მივიდა, რომ მეზობლებმა დასახმარებლად პატრული გამოიძახეს.

_ ოჯახის დანგრევა არ მინდოდა, _ ამბობს ნინო, _ მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა და გადავწყვიტე, შვილთან ერთად სახლში დავბრუნებულიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ ძმამ ცოლი მოიყვანა, ჩემი და ჩემი შვილის იქ ყოფნა მე თვითონ მაწუხებდა, მერიდებოდა... გადავწყვიტე სამსახური მეშოვა და ჩემ პატარასთან ერთად სხვაგან გადავსულიყავი.

სამსახური ოზურგეთში ვერ იპოვა. დღე დღეს მიჰყვებოდა, თვე _ თვეს და სახლში ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ბოლოს თურქეთში წასვლა გადაწყვიტა.

_ თავიდან სახლში წინააღმდეგობა გამიწიეს, განათხოვარი ქალის თურქეთში წასვლა ისირცხვილეს, მაგრამ შემდეგ ფულის გამოგზავნის პერსპექტივამ ყველაფერი გადაწონა.

თურქეთში სამუშაოს მოძებნა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ჯერ ფეხსაცმლის ქარხანაში მუშაობდა, მერე რესტორანში, სასტუმროში. ყველა ადგილი ერთი და იმავე მიზეზის გამო დატოვა.

_ თურქი კაცები ქართველ ქალებს გასაქანს არ აძლევენ. ერთხელ, სასტუმროში რომ ვმუშაობდი დალაგებისას, სართულის მორიგემ შემამჩნია. ოთახში შემომივარდა. საბედნიეროდ, ოთახის პატრონმა მოგვისწრო და გადამარჩინა. ამას ისიც ემატება, რომ ქუჩაში ვერ გამოვდივარ. ერთხელ გამოვედი და ჟანდარმმა დამიჭირა. დეპორტი რომ არ ჩაერტყათ და გამოვეშვი, ერთი თვის ხელფასი მივეცი. მას შემდეგ, გარეთ გამოსვლას ვერიდები. მთელი დღე ფეხზე ვდგავარ. უფროსი რომ შემოვიდეს და დამჯდარი დაგინახოს, სამსახურიდან გაგიშვებს; არ აქვს მნიშვნელობა იმ წამს გაქვს, თუ არა გასარეცხი...

ეს ტკივილიანი ისტორიები საშინლად მთრგუნავს და ისევ ჩემს ბლოკნოტს ვუბრუნდები:

თურქ დამქირავებლებს, რომლებიც უცხოელებს სამუშაო ნებართვის გარეშე იყვანენ, ეკისრებათ მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმები: 5 000 თურქული ლირა (2 500 ევრო) ნებართვის გარეშე მომუშავე თითოეულ პირზე, ხოლო თავად მომუშავეს _ 500 თურქული ლირა (250 ევრო). 2 000 თურქული ლირას (1000 ევრო) იხდის უნებართვოდ დამოუკიდებლად მომუშავე უცხოელი.

დაღლილობისგან და ფიქრისგან უმრავლესობა ძილსაა მიცემული. უკანა რიგში ის ქალბატონი ზის, რომელთან გამოლაპარაკებაც ჯერ კიდევ ქობულეთის ავტოსადგურში ვცადე.

_ სათქმელი არაფერი მაქვს, ხომ გითხარით, მარტო ვარ...

_ თუ მარტო ხართ, თურქეთში სამუშაოდ წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

_ ჩემმა უკუღმართმა ბედმა, რომელსაც ყოველ სამ თვეში ციხის კართან მივყავარ _ შვილი მყავს ციხეში.

ქალბატონი თამილა მისი ისტორიის გაზეთის ფურცლებზე გადმოტანას დამთანხმდა, თუმცა საუბარი ცრემლების გარეშე ვერ შეძლო.

თამილა კალანდაძე 37 წლისაა. ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ქმარი 8 წლის წინ დაეღუპა.

_ ვერ გეტყვით, რომ ეკონომიურად ოდესმე მიჭირდა. პირიქით, ჩემი ოჯახი ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახად ითვლებოდა ოზურგეთში. საკუთარი მაღაზია და ყოველთვიური შემოსავალი გვქონდა. 13 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით, როცა მოულოდნელად ჩემი მეუღლე გულით დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ერთადერთი შვილი ქურდობის ბრალდებით დაიჭირეს. ყველაფერი გავაკეთე მის დასახსნელად და სახლში იმ პირობით დავაბრუნე, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი. რამდენიმე თვე ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა, მალე გაირკვა რომ ჩემი "სანაქებო" შვილი ნარკომანი იყო. ნელ-ნელა გაქრა ოქროულობა, ავეჯი, ფული... გაკოტრდა მაღაზია, რომელიც მოგვიანებით გავყიდე კიდეც. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე დაიჭირეს და 4 წელი მიუსაჯეს. ერთადერთი შვილი ბედის ანაბარა ვერ მივატოვე. ოზურგეთში სამუშაო ვერ ვიშოვნე და აქ წამოვედი. მეგობრის დახმარებით ერთ სახლში მოვეწყვე. 78 წლის მოხუც, სკლეროზიან ქალს ვუვლი, რომელიც ხშირად მცემს, მაფურთხებს, ათასგვარ შეურაცხყოფას მაყენებს. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა ავიტანო, რადგან ვიცი, რომ ყოველ სამ თვეში ჩემი შვილი მოუთმენლად მელოდება.

საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ 3 თვე თურქეთში ვიზის გარეშე იცხოვრონ. ამიტომ სამუშაოდ მყოფი ქართველები სამ თვეში ერთხელ საზღვარზე გადმოდიან და მერე ისევ უკან ბრუნდებიან.

_ 9 თვეა აქ ვმუშაობ. სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა, რასაც თურქეთში მომუშავე ქართველები გრძნობენ. შეუძლებელია იმ დამცირების, შეურაცხყოფის, ლოდინისა და მონატრების გადმოცემა, რაც ყოველ დღე აქ მყოფი თითოეული ქართველის თავს ხდება, თუმცა ასეთია ცხოვრება. არავინ იცის, ბედი ვის რას უმზადებს. თავიდანვე გითხარით მარტო ვარ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ შვილი მყავს. არ ვიცი ციხიდან როგორი გამოვა, მაგრამ ის ვიცი, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვრებს და მე მისთვის მაშინ გავხდები უსარგებლო ტვირთი, როცა ფული არ მექნება. ამიტომ, ახლა ვცდილობ დანაზოგი გავაკეთო, რომ სიბერე რომელიმე მოხუცებულთა თავშესაფარში,მშვიდად გავატარო, _ ცრემლები ვერ დამალა რესპონდენტმა.

დრო მართლაც ნელა გადის... ვერ ვიძინებ და ფანჯარაში სიბნელეს მივშტერებივარ. არ სძინავს ნინოსაც, რომელიც ხშირად დაჰყურებს ტელეფონის ეკრანს, საიდანაც პატარა ანი უღიმის.

სტამბულში გამთენიისას ჩავედით. ავტოსადგურში ხალხმრავლობაა.

_ რას შვებით, როგორ ხართ? კარგად იმგზავრეთ? _ ავტობუსიდან ჩამოსულებს შემოგვეხვივნენ ქართველები. ყველას აინტერესებს "შინაურული" ამბები. არა აქვს მნიშვნელობა იცნობენ თუ არა ერთმანეთს _ თურქეთში ყველა ქართველი ერთმანეთის ახლობელი და გულშემატკივარია. ერთ-ერთი მგზავრი ვიღაცას გამალებით ეძებს: _ მეზობელი უნდა დამხვედროდა, მეუღლემ ტყემალი და ჩურჩხელები გამოუგზავნა. ასეთი ნობათები საქართველოდან ბევრი ჩამოიტანეს _ ზოგს _ თაფლი, ზოგს _ არაყი, ზოგს ჩვენებური მწვანილი გამოუგზავნეს.

_ რომ გაიგო რას ვგრძნობთ, ეს უნდა გამოსცადო. ძნელია, როცა ასე შორს ხარ, ძნელია როცა ოჯახი გენატრება. შენი ეზოს ერთი ფოთოლიც კი გულს გიხარებს. ერთადერთი, რასაც ჩემი ოჯახის წევრებს ვთხოვ ის არის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე სახლიდან რამე გამომიგზავნონ. არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება. მთავარია, სახლის იყოს, _ მიხსნის ქალბატონი თამარი და თან წუხს: _ მარტო გზას როგორ გაიგნებ, შვილო...

ვამშვიდებ, რომ მარტო არ ვარ, მეც ახლობელი უნდა დამხვდეს და მეგზურობა გამიწიოს, თუმცა, როგორც ჩანს იგვიანებს...

იქვე, ბორდიურზე ახალგაზრდა ბიჭი ზის. იერზე ეტყობა, რომ ჩვენებურია. დროს არ ვკარგავ, ისიც საუბარზე მთანხმდება და თავის ისტორიას გულახდილად მიყვება:

25 წლის რომან კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნიდანაა. "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, საკუთარ რაიონში სამუშაო ვერსად ნახა. როგორც ამბობს, ამაში დიდი წვლილი მისმა პარტიულმა კუთვნილებამ ითამაშა. მომავლის ასაწყობად და ოჯახის დასახმარებლად თურქეთში პირველად, მეგობრებთან ერთად, გასულ წელს წავიდა:

_ ჩვენი სამუშაო ქალაქ ოპში იყო. იქ სოფლის მეურნეობაა განვითარებული _ ჩაი, კივი, თხილი, იქ მდიდარი მემამულეები ცხოვრობენ. მე და ჩემი მეგობრები ჩაის დატვირთვაზე ვმუშაობდით. 1 მანქანაზე 5 ტონა ჩაი 5 კაცს უნდა დაგვეტვირთა. იმ მამულში, სადაც მე ვიყავი, დაახლოებით, 50 ქართველი მუშახელი ჰყავდათ. მათი უმეტესობა გურული იყო, ძირითადად ოზურგეთელები. 5-5-კაციან ბრიგადებად ვიყავით დაყოფილი. დღეში 7-8 მანქანას ვტვირთავდით. 1 ტონა ჩაის დატვირთვაში 6 ლირას გვიხდიდნენ, ანუ, ჩვენს ფულზე 7 ლარს და 20 თეთრს. ვმუშაობდით დღის და ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში. ხშირად ყოფილა, მანქანა შუაღამეს მოუყვანიათ და თურქ ზედამხედველს საწოლიდან ისე წამოვუყრივართ, რომ ტანსაცმელს გზაში ვიცმევდით. მათთვის ჩვენ მონები ვარ, რომლებსაც მხოლოდ მუშაობის უფლება აქვთ და რომლებსაც მხოლოდ ღამის გასათევს აძლევენ. თუმცა იმ ღამის გასათევში, რომელსაც სახლს ეძახდნენ, აუტანელი პირობები იყო. ყოველ გაწვიმებაზე ოთახი წყლით ივსებოდა. მიუხედავად ამისა, ყველა თავდაუზოგავად მუშაობდა, რადგან, რაც მეტს მუშაობ, მით მეტ თანხას ჩამოიტან სახლში, _ გვითხრა რომანმა.

_ კვება ნორმალური იყო?

_ საჭმელს მხოლოდ იმათ აძლევდნენ, ვინც ჩაის კრეფაზე იყო. ისინი დღეში ორჯერ მიჰყავდათ სასადილოში და იქ ასადილებენ. ჩვენ საჭმელი ჩვენი ფულით უნდა გვეყიდა.

_ თვეში რა თანხის გამომუშავება შეგეძლო?

_ გააჩნია თვეს, იყო შემთხვევები, როცა რომელიმე ბრიგადა ვერ ან არ მუშაობდა და ჩვენ ჩავანაცვლეთ. ასეთ დროს, ცხადია, ანაზღაურებაც მეტი გამოდის. ისე, 600 ლარიდან 800 ლარამდეა. მაქსიმუმი _ 1000 ლარი.

მისივე თქმით, ეს სამუშაო სეზონურია, მაისიდან _ სექტემბრამდე. ამჯერად კი თურქეთში ტყუილად ჩამოვიდა _ სამუშაო ვერ იპოვა.

_ ახლა სახლში ვბრუნდები და მაისში ისევ ჩამოვალ. ამ დროს, ოპში ქართველებს ყოველთვის სიამოვნებით იღებენ, რადგან ჩვენსავით იაფად სხვა ეროვნების ადამიანი იმ პირობებში არ უჩერდებათ, _ დასძინა რესპონდენტმა...

სამუშაო რომ ლეგალურად იშოვო, შეგიძლია თურქეთის დასაქმების ბიუროს (ISKUR) მიმართო, მაგრამ მისი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის: უცხოელებს, რომლებიც ჩადიან თურქეთში სამუშაო ნებართვის გარეშე, არ აქვთ უფლება თურქეთის დასაქმების ბიუროს მიმართონ. რაც შეეხება კერძო დასაქმების სააგენტოებს, მათ თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, მუშაობისთვის ლიცენზია სჭირდებათ. თანაც, კერძო დასაქმების სააგენტოებს უფლება არ აქვთ მომუშავეებს რაიმე გადასახადი დააკისრონ. ISKUR-ის ინფორმაციით თანახმად, ამ კანონს არ ექვემდებარებიან შემდეგი პროფესიების წარმომადგენლები: პროფესიონალი ფეხბურთელები, გუნდის მწვრთნელები, მოდელები, ფოტომოდელები, ხელოვანთა ჯგუფები, გენერალური დირექტორატები. ამიტომ, ქართველებს უხდებათ მიმართონ არალიცენზირებულ, არალეგალურ სააგენტოებს, რომლებიც პირველი ხელფასის აღების უფლებას იძენენ. ამასთან, ყოველი უსამსახურო დღის ხარჯებსაც იღებენ.

არის თუ არა შესაძლებელი, თურქეთში სამუშაოს საძებნელად ჩასულმა ქართველმა მუშახელმა კანონი არ დაარღვიოს? პროცედურის სირთულიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია. თურქეთში მუშაობის მსურველებმა სამუშაო ნებართვა თურქეთში გამგზავრებამდე უნდა მიიღონ. ამისათვის მათ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს უნდა მიმართონ. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს სამუშაო შემოთავაზება თურქი დამქირავებლისგან. საკონსულო განცხადებას სამუშაო ნებართვის შესახებ შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროში (MLSS) გადააგზავნის, რომელიც განცხადებებს მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში განიხილავს და დაადგენს, გასცეს თუ არ სამუშაო ნებართვა. ეს კი იმაზეა დამოკიდებული თუ რა მდგომარეობაა მიმდინარე შრომის ბაზარზე. ამასთანავე, თურქეთში მყოფ უცხოელებს სჭირდებათ ბინადრობის ნებართვაც, რომელიც ცალკე გაიცემა. სამუშაო ნებართვას ერთწლიანი ვადა აქვს, თუმცა შესაძლებელია მისი სამ წლამდე გაგრძელება იმ პირობით, თუ მომუშავე პირი ერთი და იმავე სამუშაო ადგილზე მუშაობს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ვადის გაგრძელება ექვს წლამდე იმავე პირობით. თითოეული სამუშაო ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დამსაქმებელზე. სხვა დამქირავებელთან ახალი კონტრაქტის დადების შემთხვევაში, სამუშაო ნებართვა საჭიროებს განახლებას. უცხოელმა პირებმა უნდა გაუგზავნონ შეტყობინება შრომის სამინისტროს სამუშაოს დაწყების ან შეწყვეტის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში. ყველა უცხოელს მოეთხოვება შეატყობინოს შრომის სამინისტროს დასაქმების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ (ვადები, ა.შ.)...

რომანის ავტობუსი რამდენიმე წუთში გავა. ჩემი მეგზურიც მოვიდა.

_ მაპატიე, რომ დავიგვიანე, პატრონმა არ გამომიშვა.

_ პატრონმა?! _ აშკარად ვერ დავმალე გაოცება.

_ ხო, რატომ გაგიკვირდა?! აქ ყველა ასე ეძახის თავის უფროსს. აქ ხომ ისინი მბრძანებლობენ, ჩვენ კი ჩვენ თავს არ ვეკუთვნით...

გზამ დამღალა. თურქეთში მყოფი გურულების ნახვა მეორე დღისთვის გადავდე. თან კვირადღე უწევს... როგორც მითხრეს, ამ დღეს თითქმის ყველა და ყველაფერი ისვენებს. იქაურები სტამბულის ქუჩებში ან ქალაქგარეთ დასასვენებლად, დროის გასატარებლად გადიან. გურულები კი, ერთ სახლში იკრიბებიან, რომელსაც "ოდას" ეძახიან. ოდაზე ჩემი სახლი გამახსენდა. უკვე მომენატრა იქაურობა...

This publication has been produced with the assistance 0f the European Union. The contents of this publication are the sole responsibility of Nato Gogelia and can in no way be taken to reflect the views of the European Union.

ეს პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ნატო გოგელია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ევრო კავშირის შეხედულებების გამხმოვანებელი.




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს