“ჭკვიანი ძაღლი ნაფოტით ერთხელ ტყუვდება, ჩვენ ყველა გვატყუებს!“

საზოგადოება

“ჭკვიანი ძაღლი ნაფოტით ერთხელ ტყუვდება, ჩვენ ყველა გვატყუებს!“

2019 დეკ 3 17:13:07

„ტალახადაა ქცეული ყველაფერი! სანადირო ჩექმები გინდა, რომ გადაადგილდე, წვიმაში, მით უმეტეს. მეზობელთან ვერ გადახვალ, თუ „ვალინკები“ არ გაცვია. მეზობელ სოფელში გასვენება თუა, რამდენიმე საათით ადრე უნდა წახვიდე, რომ მიუსწრო. გვპირდებიან და არაფერი კეთდება. როდემდე, არ ვიცი“, _ ის, რასაც ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ღრმაღელის მკვიდრი, მიმოზა ჭედია გვიყვება, მხოლოდ ერთი ადამიანის გასაჭირი არაა. პირველი, რასაც გურიის ამ პატარა და ყველასგან დავიწყებულ სოფელში ჩასულს ადგილობრივები შემოგჩივლებენ, ისაა, რომ უგზოდ არიან დარჩენილები.

ღრმაღელის მოსახლეობის უმეტესობას არც წყალი აქვს, სოფელში ჯერ არც გაზი შეუყვანიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავად გახდომის ეშინიათ, რადგან არ იციან, დაზიანებული გზის გამო, რამდენ ხანი დასჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მათთან მისასვლელად.

დედაქალაქიდან თბილისი-ოზურგეთის მატარებლით მგზავრობა ღრმაღელის მეზობლად მდებარე სუფსის სადგურამდე 9 ლარი დაგიჯდებათ. დაახლოებით, ამდენივეს მოგთხოვთ ადგილობრივი ტაქსის მძღოლი სოფლამდე 3კმ-იან მანძილზე გადასაადგილებლად, თუმცა, თუ გაიკვირვებთ, აუცილებლად შემოგჩივლებთ, რომ ასეთ გზებზე თქვენი გადაყვანით საკუთარი ავტომობილის ნაწილებს რისკავს.

„მოვლენ, დაგვპირდებიან რაღაცას და მერე არაფერი. ჭკვიანი ძაღლი ნაფოტით ერთხელ ტყუვდება და ჩვენ, ვინც მოვიდა და ვინც წავიდა, ყველა გვატყუებს“, _ გვეუბნება ადგილობრივი ლუიზა ტიკარაძე.

„რუკაზე არაა, მგონი, ჩვენი ღრმაღელე, რომ მიხედონ და რამე გაკეთონ. გზა ჩვენთან არაა, წყალი ჩვენთან არაა, არაფერი არაა. დაპირება იყო, მაგრამ შესრულება _ არა. არჩევნებზე შლანგები ჩაყარეს, რომ წყალი გაეკეთებინათ და რომ მოვიდა მეორე არჩევნები, წყალი არ იყო გაშვებული. მაინცდამაინც გზები უნდა გადავკეტოთ და მატარებელი გავაჩეროთ, რომ დაგვიგონ ასფალტი?!“ _ შეკითხვები, რომლებსაც ღრმაღელის კიდევ ერთი მკვიდრი, ქეთინო კიტია „გურია ნიუსთან“ საუბარში სვამს, ღრმაღელის მცხოვრებლებს ასეთივე პროტესტით და ბევრჯერ დაუსვამთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ვისთანაც თვითონ მიდიან და ვინც მათთან მიდის, ძირითადად მაშინ, როცა საარჩევნო პერიოდი დგება. თუმცა პასუხისმგებელი პირები ისე მიდიან სოფლიდანაც და მოგვიანებით უკვე პოსტიდანაც, რომ სოფელში სასიკეთოდ არაფერი იცვლება.

ის, ვისაც ღრმაღელელები „გურია ნიუსთან“ საუბარში „პატრონებად“ მოიხსენიებენ და საყვედურობენ, სოფლის რწმუნებული გოჩა დოლიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი არიან. ორივე მათგანი აღიარებს, რომ გზა მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, ჯერჯერობით დაფინანსება არ აქვთ და 2020 წელს ელოდებიან.

„პროექტი გაკეთებულია და შემდეგ წელს უნდა გავიდეს ტენდერზე. საგზაო დეპარტამენტი გააკეთებს ამ გზას“, _ გოჩა დოლიძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამ პატარა კომენტარით შემოიფარგლა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ამ საკითხზე საუბრისას აღიარებს, რომ „მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა“ და გვიხსნის: „ღრმაღელის გზასთან დაკავშირებით არის ორი მიმართულება: სუფსა-წყალწმინდა და ღრმაღელე-ორმეთი. მთლიანი ღირებულება, დაახლოებით, 8-10 მლნ-ზე ადის, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის და თუნდაც, რეგიონული ფონდის დაფინანსებით, შეუძლებელი იქნებოდა. მოვამზადეთ პროექტი, იყო ჩამოსული საპროექტო სამსახურები, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც ადგილზე დაათვალიერა ეს გზა. რამდენად მოიწონებენ ამ პროექტს, ვერ გეტყვით. მგფ-მ თქვა, რომ რთული რელიეფი არ არის და ჩასმული იქნებოდა შემდეგი ეტაპისთვის ეს გზები“.

შეკითხვაზე, რატომ არ გამოინახა ღრმაღელის გზისთვის დაფინანსება ამდენი წლის მანძილზე, როცა მეზობელ სოფლებში გზები დაიგო, ალექსანდრე სარიშვილს ასეთი პასუხი აქვს: „წყალწმინდა-ღრმაღელის გზა არის ძველი ცენტრალური გზა და იქ ერთფენიანი ასფლატი ფიზიკურად არ გამოდგება. თან, ამ გზას ადგება დიდი დატვირთვა. ავტობანი როცა გაკეთდება, შემოვლითი გზა რჩება მხოლოდ ეს და ის ერთფენიანი ვერ იქნება, უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებით დაგებული შესაბამისი გზა, რომელსაც მცირე თანხები არ ეყოფა. რეგიონული ფონდის ლიმიტი 3-4 მლნ-მდეა. მხოლოდ ერთ სოფელზე ხომ ვერ გამოვიყენებთ?!

სოფლის რწმუნებულის და მუნიციპალიტეტის მერის დაპირებები „გურია ნიუსმა“ შესაბამის სამსახურებში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ გზის რეაბილიტაციას მათ მიერ დასახელებული არც ერთი უწყება არ გეგმავს: გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ აღნიშნული გზა მათ ბალანსზე არ არის და არც მთავრობის განკარგულებით დაუვალებიათ მისი გაკეთება. „აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში არ არის დაგეგმილი“, _ ეს ინფორმაცია კი „გურია ნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიაწოდეს.

ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც რჩება სოფლის გზაზე გრეიდერის გატარებაა. ეს ჩვენთან საუბარში არც ადგილობრივებს გამორჩენიათ.

„კარგი ამინდი რომაა, მაშინ დაფუცხუნდება ჩვენი უფროსობა, გამოუშვებს გრეიდერს, გაწმენდენ ამ გზას, ვითომ ასწორებენ“, _ გვეუბნება ღრმაღელის მკვიდრი.

გრეიდერმა სოფელში რამდენიმე დღის წინაც გაიარა. საქმეში მისი ჩარევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თბილისში დაღუპული 21 წლის ბიჭის მშობლიურ სოფელში გადასვენება, უგზოობის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. გარდაცვლილის ახლობელი ნათია კუტალაშვილი, რომელმაც მაშინ ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა, გვიყვება, როგორ დაუკავშირდა მერს: „პირადად მერს მივწერე, სარიშვილს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყურად არ იღეს ამ შემთხვევაში. მაშინვე დამირეკა მაკა სულაბერიძემ. თანაშემწეა თუ რა სტატუსი აქვს, არ ვიცი. მომიბოდიშა, რომ ხვალვე ვერ შევუდგებით საქმეს და ზეგ დილიდან _ აუცილებლადო“.

მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება რომ ვერაფერს გახდება, ეს აქაურებმაც კარგად იციან. ღრმაღელის მცხოვრებლებს არც ცენტრალური ხელისუფლების პაუხისმგებლობის საკითხის დაყენება ავიწყდებათ: „ყველა მთავრობა გვპირდებოდა... ვიცი, კიდევ დაგვპირდებიან, არჩევნების დროს დაფუცხუნდებიან. 15 წელი იქნება, არჩევნებში ვმონაწილეობ, ვარ კომისიაში, სულ მიაქვს მთავრობას ხმების 85% და მეტი რა უნდა, არ ვიცი. რას გვთხოვს მეტს ამ ხალხს?! არჩევნებზე არ უნდა წავიდეს არავინ, მაგის ღირსი არიან. 2012-ში იმდენი ვიბრძოლე, რომ მეტი არ ვიცი. არც დასაქმება არ მომითხოვია; ვითხოვდი, გაუმჯობესებულიყო სოფლის ცხოვრება ახალგაზრდობისთვის და არც მაგი არ გააკეთეს“, _ ამბობს მიმოზა ჭედია.

მთავრობას ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებს ლუიზა ტიკარაძეც: „არავის არ მჯერა. სულ გვატყუებენ, სარიშვილი რომ იყო მოსული, ვიღაც ახლდა. მითხრა, რა იყო, რა ბრაზიანად მიყურებ, ქალბატონოო. გაბრაზებული ვიქნები, აბა, რა _ ყველამ მოგვატყუა! ჩემს სოფელშიც გაფუჭებულია გზააო, _ ასე მიპასუხა. ვუთხარი, შენი მშვიდობა, შენთან თუ არ გაგიკეთებია, ჩემთან რას გააკეთებთ-მეთქი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაკეთდეს, ჯიბის ფულით არ კეთდებაო, რომ გვექნება საშუალება, პირველ რიგში, გავაკეთებთო. ასჯერ თუ მომატყუეს, ასმეერთედ ვერ მომატყუებენ?“

ადგილობრივებს ახლა ერთადერთი გზა დარჩენიათ _ 2020 წელს დაელოდონ და იმედი ჰქონდეთ, რომ მორიგი ფუჭი დაპირება არ შერჩებათ ხელთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა უკვე მზად აქვთ: ისინი აქციებით, სამანქანო და სალიანდაგო გზების გადაკეტვით იმუქრებიან. მანამდე კი ზამთარი მოდის, რაც ნიშნავს, რომ ღრმაღელის მცხოვრებლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, გზაც უფრო ტალახიანი გახდება და წყლისა და გაზის გარეშე ცხოვრებაც უფრო გაჭირდება.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...