დევნილთა საცხოვრებლებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

ჟურნალისტური გამოძიება

დევნილთა საცხოვრებლებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

28 ოქტ. 2015, 16:40:30

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები დღესაც უკიდურესად მწვავედ დგას, რადგან წლების განმავლობაში არ არსებობდა დევნილთა პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება და სახელმწიფო სტრატეგია.

მაგალითისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი დევნილთა განსახლების უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ეს თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. სწორედ ამის გამო, 2012 წლის ბოლოსთვის 85 953 დევნილი ოჯახიდან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა მხოლოდ 23 973 ოჯახი, ბინის სანაცვლოდ კი, ფულადი კომპენსაცია  5 155 ოჯახმა მიიღო.

დღეს ქვეყანაში 260 000-მდე რეგისტრირებული დევნილია, მაგრამ სამინისტროს მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

რა სტარტეგია აქვს სახელმწიფოს დევნილთა განსახლებისთვის და იხარჯება თუ არა მათთვის განკუთვნილი თანხები მიზნობრივად, ამის შესახებ "გურია ნიუსის" კვლევიდან შეიტყობთ.

სამინისტროს ბიუჯეტი და შემოწირულობები დევნილებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  დევნილთა სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი,  2014 წელთან შედარებით,  20 მილიონი ლარით გაიზარდა და  70 მილიონი ლარით განისაზღვრა. 
მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის მომატება გაზრდიდა შესაძლებლობებს, რომ დევნილთა  განსახლებასთან დაკავშირებული მწვავე მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო.

გარდა ამისა, ევროკავშირის (EU)დაფინანსებით,  იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით, ამ ეტაპზე,  სექტორული პოლიტიკის დახმარების მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს 2012 წლის ოქტომბერი - 2015 წლის დეკემბრის პერიოდს და ხელშეკრულების ღირებულება  19 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული თანხა  მთავრობაზე სამ ტრანშად გადანაწილდა, პროექტის მიზანი კი, სამინისტროსთვის  დევნილთა დახმარების ღონისძიებების ეფექტური განხორციელებისათვის შესაძლებლობების შექმნა იყო.

ამ დახმარების გარდა, აშშ-ის განვითარების სააგენტომ (USAID) იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი განსახლებისთვის 34 668 597 მლნ დოლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 6.8 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, USAID-მა 2013 წელს დაასრულა 10 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის რეგიონში 400-მდე ოჯახისთვის.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) (მაისი 2012 – დეკემბერი 2014) 30 მლნ. შვედური კრონა (4 404 864 აშშ დოლარი) გამოყო. თანხა სრულად იქნა ათვისებული.

ეს იმ თანხების არასრული ჩამონათვალია, რაც დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამებისთვის გამოიყენა. თუმცა, როგორც სამინისტროში, განმარტავენ, დევნილთა დასაკმაყოფილებლად სამუშაოები გრძელდება და მათ უზრუნველყოფას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. გეგმის შეუსრულებლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, სამინისტროში გარკვეულწილად გაუთვალისწინებლად წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებენ.

წამგებიანი ტენდერები

უმთავრეს პრობლემად, რის გამოც, ამ დრომდე ვერ მოხერხდა დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი, სამინისტრო იმ კომპანიების საქმიანობას ასახელებს, რომელთანაც სატენდერო ხელშეკრულებები გაფორმდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 6-მა ხელშეკრულებამ, რომელიც სამ კომპანიასთან გაფორმდა, პრობლემები შექმნა. არამიზნობრივად გაიხარჯა სამინისტროს მიერ წინასწარ გადარიცხული თანხები. რის გამოც, სამართალმდაცავმა ორგანოებმა, გამოძიება დაიწყეს. კომპანიების ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს მაღალჩინოსნები პასუხისგებაში არაინ მიცემულები. ძიება კვლავ მიმდინარეობს.

თუმცა, სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ტენდერები წესების სრული დაცვით გამოცხადდა და ჩატარდა, კომპანიებთან პრობლემების წარმოქმნისთანავე კი მათ საგამოძიებო უწყებებს თავად მიმართეს. ამ დროისთვის, პასუხისგებაშია მიცემული, სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის 5 პირი, მათ შორის, ორი დეპარტამენტის თავმჯდომარე, ორი სამმართველოს ხელმძღვანელი და ერთი რიგითი თანამშრომელი. ასევე კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ქვეყნიდან გაქცეულები არიან. პროკურატურაში ჯერჯერობით გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

სამინისტროს გარდა, სამართალდამცავ ორგანოებს ანგარიშები მოსაკვლევად და გამოსაძიებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გადაუგზავნა.

 2015 წლის ივნისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისობის აუდიტი დაასრულა. რითაც დადასტურდა, რომ არა მარტო მოქმედი ხელისუფლებისა, არამედ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც, დევნილებისთვის განკუთვნილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
როგორც აუდიტორი ზურაბ მაისურაძე აცხადებს, სამინისტროს მიერ 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა.
"მათ შორის, დარღვევები დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვებში: კერძოდ, 2011-2012 წლებში სამინისტრომ დევნილთა სასარგებლოდ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებები გაუფორმა ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნდათ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2,037,538 ლარი. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ... "მეგკოს" და ... "მე-სას" აქვთ საერთო იურიდიული მისამართი, ასევე, შპს "მე-სა"- ერთ-ერთი დირექტორი წარმოადგენს შპს "მეგკო"- 100%-იანი წილის მფლობელს. აუდიტის ჯგუფმა აღნიშნულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ანალიზისას გამოავლინა, რომ მოცემული მომსახურების ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სულ მცირე 654,361 ლარის მოცულობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა", _  განაცხადა მაისურაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა გამოვლინდა, რომ 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების უმეტესობა გაფორმებული იყო კომპანიებთან, რომლებიც არაპირდაპირ სამინისტროს თანამშრომელთან იყო დაკავშირებული.
"2013 წელს სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმდა 42 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 21,430,384 ლარი. ხელშეკრულებების ღირებულების 53% გაფორმდა ორ კომპანიასთან, შპს "NBG" და შპს "ნიუ კონსტრაქშენი", რომლებიც არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ სამინისტროს იმ თანამშრომელთან, რომელსაც ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება. მოცემული კომპანიები (შპს "ნიუ კონსტრაქშენი" და შპს "NBG"-) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ და შესაბამისად მსხვილ კონტრაქტებს იგებდნენ  2013 წელს, სწორედ ამავე პერიოდში დაინიშნა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესყიდვების და საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით მენეჯმენტთა ახალი შემადგენლობა", _ აღნიშნა აუდიტორმა და დასძინა, რომ შემოწმების შედეგად სამინისტროს მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაც დაფიქსირდა. 

"2011-2012 წლებში შპს "მონოლითმშენ"-თან და შპს "იკა"-სთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს. აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2,621,757 ლარი.

ასევე, სამინისტროს მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა კომპანიების მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 59,544 ლარის გადახდა

გარდა ამისა, 2011 წელს სამინისტროს მიერ მისი ცენტრალური აპარატის . გორში განთვასებასთან დაკავშირებით . გორში გორკის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების შემდეგ შენობა გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამისად 2011 წელს გაწეულმა არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 4,046,018 ლარი", - განმარტა ზურაბ მაისურაძემ.
მისივე განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის პროცესშიც.
"კერძოდ: ხუთ დევნილ ოჯახს, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ საკუთრებაში გადაეცა ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი. ასევე გამოვლინდა 6 შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ამასთან განხორციელდა საცხოვრებელი ბინის დაკანონება. იყო შემთხვევა, როცა 13 დევნილ ოჯახზე 2-ჯერ მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, რის შედეგადაც ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ შეადგინა 130,000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა ფაქტი, როცა საცხოვრებელი ფართები დაკანონებული ჰქონდა 4 ისეთ ოჯახს, რომლებსაც შეუწყდათ დევნილის სტატუსი", - განაცხადა აუდიტორმა.

დევნილებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში საპარლამენტო უმცირესობაც ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა 2015 წლის 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის თანხები გაფლანგა.

 "სახეზე გვაქვს დაუდევრობა, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. თანხების გამოყოფის შედეგად არცერთი სამუშაო შესრულებული არ არის. დევნილთა და განსახლების სამინისტრო როგორც წესი ახორციელებს შენობების რეაბილიტაციას, მშენებლობას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და ის დოკუმენტები რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნავს როგორ უდიერად და უპასუხისმგებლოდ  ეპყრობა დევნილთა სამინისტრო დევნილთა განსახლების თემას", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნადირაშვილმა.

დეპუტატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,  სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 იანვარს გამოცხადდა ტენდერი გორში ცხინვალის გზატკეცილის 14 ნომერში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1.859.081 ათასი ლარი იყო. ტენდერში კომპანია - შპს NBG-მ გაიმარჯვა, გამარჯვებულის ფასი - 1.100.000 ათასი ლარია. კომპანიასთან ხელშეკრულება კი, 2014 წლის 6 მარტს გაფორმდა და მისი ჩაბარების ვადა 2014 წლის 03 აგვისტო იყო.

"სახელშეკრულებო ღირებულება 1.100 000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად და შენობას თითი არ აქვს დაკარებული და ისევ ისე გამოიყურება", _ აცხადებდა ნადირაშვილი.

მისივე თქმით, ასევე ტენდერი გამოცხადდა  ქუთაისში, ნიკეას . 21-ში, ყოფილი "აისი"- ქარხნის შენობის გასარემონტებლადაც, სადაც 96 ბინის რეაბილიტაცია იგეგმებოდა.

"სატენდერო ღირებულება 2.712.611 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ნიუ ქონსტრაქშენი", გამარჯვებულის ფასი - 1.920.000 ათასი ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა  2013 წლის 29 აგვისტოს. ობიექტის ჩაბარების ვადა - 2013 წლის 27 დეკემბერი იყო. სამუშაოების ღირებულება 1.920.000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად, მათ შორის პირველი გადახდა 576 000.00 ლარი ავანსად. დღეს არსებული მდგომარეობით ობიექტი დაკონსერვებულია ,შემდგომი ბედი კი  უცნობია", _ ამბობდა ნადირაშვილი.

მისივე თქმით,  ასეთივე სიტუაციაა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზეც, სადაც  72 ბინის საპროექტო დაგეგმარება უნდა განხორციელებულიყო.

"სატენდერო ღირებულება 1 699 294.00 ლარი; გამარჯვებული კომპანიის ფასი 1 174 764.00 ლარი; გამარჯვებული კომპანია შპს "NBG"; შენობის რეაბილიტაციის ღირებულების 100% 1 174 764.00 ლარი გადახდილია მთლიანად ავანსად. სამინისტრომ იმის გამო რომ ამ თანხით ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების შესრულება, რომელიც ავანსად გასცა, იგივე შენობაზე გამოაცხადა  ხელმეორე ტენდერი ღირებულებით 505.367 ათასი ლარი", _ აცხადებდა ნადირაშვილი.     

ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ასევე წარუდგინა ვაზიანის ტერიტორიაზე არსებული კიდევ სამი ობიექტის სატენდერო ღირებულებები და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციაც:

"კიდევ ერთი ობიექტი ვაზიანის სამხედრო დასახლება
კორპუსი №2 და კორპუსი №3;   ტენდერში გამარჯვებული კომპანია - კვლავ  შპს "NBG"; სატენდერო ღირებულება 3 497 740.00 ლარი; გამარჯვებულის ფასი 2 640 000.00 ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 8 ოქტომბერს, ჩაბარების ვადა კი, 2014 წლის 3 ივნისი იყო.

შენობების ამჟამინდელი მდგომარეობა - მიტოვებული, ინგრევა, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 2 640 000.00 ლარი გადახდილია მთლიანად, სამი გადარიცხვით, სამივე ავანსად.

ასევე, ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №5 და №6;
კონტრაქტორი კომპანია / "ტრანსმშენი"; საკონტრაქტო ღირებულება 2 418 000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა    2014 წლის 30 მაისი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით, 2 ტრანშით, ავანსად.

ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №1 და №4; კონტრაქტორი კომპანია შპს "ნიუ ქონსტრაქშენი"; საკონტრაქტო ღირებულება  960 000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა 2013 წლის 2 დეკემბერი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100%-ით, ავანსად", _ აღნიშნა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ეს ხელშეკრულებები ფორმდებოდა 2013 წლიდან, როცა მინისტრი იყო დავით დარახველიძე და იგივე ტენდენცია გააგრძელა სოზარ სუბარმაც.

"მის დროსაც გაფორმებულია ხელშეკრულებები შენობების რეაბილიტაციისთვის საერთო ღირებულება თანხის არის 10 მილიონზე მეტი. ეს თანხები გაცემულია უმეტეს შემთხვევაში 80% ავანსად  და ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში  არცერთხელ სამუშაოები არ არის შესრულებული და მდგომარეობა იმ ობიექტების რომლის რეაბილიტაციას უნდა მომხდარიყო  არის სავალალო. ამის შედეგია ის რომ 500 ოჯახი რომელიც ელოდებოდა ამ შენობების რეაბილიტაციას, დღეისთვის დარჩენილია უსახლკაროდ და შესახლებულია სხვადასხვა ფართებში. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის კორუფციული სქემა რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში ეს  არის საგანგაშო ფაქტი ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და მივმართავთ პროკურატურას გამოიძიოს სოზარ სუბარის და მისი წინამორბედის დროს როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა", _ აცხადებდა ნადირაშვილი.

"გურია ნიუსმა" ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გადაამოწმა. მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა ჩვენთან საუბარში ირმა ნადირაშვილის განცხადების ნამდვილობა ნაწილობრივ დაადასტურა და განმარტა, რომ პრობლემურმა კომპანიებმა მართლაც შექმნეს სიძნელეები, თუმცა სამინისტროს ხელმძღვანელობა რომ  ხელს არავის აფარებს და მათი ინიციატივით არის რეაგირებები გაკეთებული, რასაც ამ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობა ადასტურებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრობლემური სულ 6 ხელშეკრულება იყო, რომელიც  სამ კომპანიასთან გაფორმდა, ეს კომპანიებია: "ნიუ კონსტრაქშენი", "NBG" და "ტრანსმშენი". სულ ხელშეკრულების ღირებულება 10  212 000 ლარი. ამ ხელშეკრულებებიდან შპს "ტრანსმშენს", ვაზიანში, ხელშეკრულების ღირებულებით 2 მილიონ 418 ათასი ლარი სრულად აქვს შესრულებული სამუშაო.

ორმა კომპანიამ, "ნიუ კონსტრაქშენმა", "NBG"-მ  არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. როგორც კი ეს გამოვავლინეთ, ორივე კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებებში გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

 "NBG"-ს  ხელმძღვანელობა პასუხისგებაშია მიცემული, მათთან ერთად, პასუხისგებაში მიცემულია სამინისტროს თანამშრომლები - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თემურ მაღალდაძე და სპეციალისტი რატი სვანიძე.

"გურია ნიუსის" კითხვაზე - 10 მილიონ 212 ათასი ლარიდან რა თანხის სამუშაოა შესრულებული და რა თანხაა დაბრუნებული ბიუჯეტში, მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა: _ 10 მილიონ 212-დან არის 5 მილიონ 520 ათასი ლარის სამუშაო შესრულებული. ბიუჯეტში დაბრუნდა 2 149 429 ლარი; დასაბრუნებელია 2 553 118 ლარი, რის გამოც, დღეს სამინისტროს  სასამართლო დავები აქვს ამ კომპანიებთან.

იმ ობიექტებზე, სადაც შეჩერდა სამუშაოები,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით ზუსტად დადგინდა ამ ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები და რაც ჰქონდათ შესრულებებში  დაფიქსირებული თანხები უფრო ნაკლები გამოუვიდათ დანახარჯი, ამან გამოიწვია დასაბრუნებელი თანხის  გაზრდა.

მათ შორის არის "NBG"-ს ვაზიანის ობიექტი, რომლის საგარანტიო თანხა სრულად დაბრუნდა - 1 მილიონ 622 ათასი ლარი. ასევე დაბრუნებულია "ნიუ კონსტრაქშენის" ნიკეას ობიექტის თანხა 526 ათასი ლარი.

პრობლემური ობიექტები რაც არის, მაგალითად, რკონში, დაუბრუნდა ეკონომიკის სამინისტროს.  აქ  1 მილიონ 100 ათასიანი ხელშეკრულებიდან მხოლოდ 177 ათასია შესრულებული. დასაბრუნებელია  917 ათასი ლარი, რაზეც ვდავობთ", _ აღნიშნა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება იმ ობიექტებს, სადაც კომპანიების ბრალეულობით შეწყდა სამუშაოები, რეხვიაშვილი განმარტავს, რომ ხელახალი ტენდერები უნდა ჩატარდეს.

"ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ობიექტზე ხელახალი ტენდერი ახლა იწყება, გამოვლინდება გამარჯვებული და გაგრძელდება სამუშაოები. რაც შეეხება ავტომშენებლის სამუშაოებს, გამიჯნულია შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები, ახალი ტენდერით გამოვლენილია კომპანია შპს "დავითი". მან გააგრძელა სამუშაოები და ივლისში უნდა ჩაგვაბაროს ეს ობიექტი სრულყოფილად", _ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ სამინისტრო კომპანიებთან უკვე საავანსო, საბანკო გარანტიებით დებს ხელშეკრულებებს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესრულებული სამუშაოს  ოდენობის განსაზღვრის შემდეგ მოხდეს კონკრეტული საბიუჯეტო  თანხების გადარიცხვა. ამასთანავე, საბანკო გარანტიების ვადებიც მკაცრად  გაკონტროლებულია.  ახლა დაიწყო ქუთაისსა და ზუგდიდში დიდი მშენებლობები, მაგრამ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგიც შესაბამისია. ჩვენ ეს პრობლემები დაგვხვდა და კარნახის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგამოძიებო ორგანოებს შეესწავლათ.

ხელშეკრულებები დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდშია დადებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ წინა პერიოდიდან შესრულებული სამუშაოები სასურველი იქნებოდა  უფრო მაღალი სტანდარტის ყოფილიყო. 2014 წლის აგვისტოდან ამის მონიტორინგი ძალიან მაღალ სტანდარტზეა. რადიკალურად განსხვავებულად არის მენეჯმენტი დალაგებული. ობიექტს ისე არ ვიბარებთ, თუ მშენებლობის ხარისხი,  შესაბამისი ექსპერტიზით არ არის დადასტურებული. საბოლოო ანგარიშსწორებას ჩვენ ისე არ ვახდენთ, თუ დოკუმენტალურად არ არის გამყარებული ყველა მოცულობის შესრულება", - აცხადებდა მინისტრის მოადგილე და დასძენდა, რომ მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, 17-ია. დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, 13.

სტატისტიკა

დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მინისტრმა სოზარ სუბარმა 2015 წლის 13 ოქტომბერს წარუდგინა, ბინების რეაბილიტაციის პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ვაზიანში, კასპში, გორში, ხაშურში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში, სადაც მალე 1030 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს.

✓ რეაბილიტირებულ, ახალაშენებულ და გამოსყიდულ შენობებში ბინა 3 373
 დევნილმა ოჯახმა მიიღო.

✓ სამინისტრომ კერძო მესაკუთრებისგან გამოისყიდა და დევნილებს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა 18 ობიექტი, სადაც განსახლებულია 721 დევნილი ოჯახი.

✓ 2012 წლიდან დღემდე 21 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და 550-მდე დევნილმა
 ოჯახმა ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში მიიღო ბინა.

✓ "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 
758 დევნილ ოჯახს კერძო სახლის შეძენაზე თანხმობა განუცხადა.

✓ ამ ეტაპზე სამინისტრომ მენაშენეებისაგან უკვე შეისყიდა 735 ბინა თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში.

✓ დღევანდელი მონაცემებით, 10 100 დევნილ ოჯახს საკუთრებაში უკვე გადაეცა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები.

გარდა გამოსყიდვისა, სამინისტრო იწყებს მასშტაბურ მშენებლობებს. ქუთაისში აშენდება 25 თექვსმეტსართულიანი, ზუგდიდში 34 თორმეტსართულიანი კორპუსი. წყალტუბოსა და გორში კი, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.

დასკვნა

ზემოაღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში სატენდერო ხელშეკრულებები წესების დარღვევით და დაუდევრადაა შესრულებული, რამაც შემდგომ რამდენიმე წლის მანძილზე დროულად განსახლების პრობლემა წარმოქმნა. სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა დაშვებული შეცდომებს გამოსწორებას ცდილობს, თუმცა, მილიონობით ლარი, რომელიც კომპანიებზეა გაცემული, გამოძიების დაუსრულებლობის გამო, კვლავ ვერ ხმარდება დევნილთა პრობლემებს.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...