ციხის უფროსად დანიშნულ დავით ცირეკიძეს პატიმარი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს

ჟურნალისტური გამოძიება

ციხის უფროსად დანიშნულ დავით ცირეკიძეს პატიმარი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს

25 თებ. 2013, 11:23:56

"ნაციონალური მოძრაობა" ახლაც ამბობს, რომ სწორედ პოლიციის დამსახურება იყო, რომ სახლებში მშვიდად გვეძინა. თუმცა, 2011 წელს ჩოხატაურში მშვიდად ძილის საშუალება არავის მისცემია.

ზედიზედ მომხდარმა ყაჩაღობებმა მოსვენება ყველას დაუკარგა _ მათ შორის სამართალდამცველებსაც, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ საწვავს წვავდნენ 24-საათიან სიარულში.

მაშინ გურიის სამხარეო სამმართველოს დავით ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. გახშირებული და გაუხსნელი დანაშაულობების გამო, ცირეკიძე იმდროინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაიბარა და მოხსნაც დაუპირა, მაგრამ როგორც მაშინ წყარომ გვითხრა, გავლენიანი კავშირების დახმარებით, მან პოსტის შენარჩუნება მოახერხა და საქმის გამოსასწორებლად დრო აიღო.

სწორედ ამ აღებულ დროში დააკავეს მამუკა მგალობლიშვილი და ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.

საქმეზე მოკვლევა გურიის სამხარეო მთავარმა სამმართველომ დაიწყო, რადგან მგალობლიშვილის დაკავება სწორედ მათ 2012 წლის 15 ივნისს მოახდინეს.

საქმის მასალების თანახმად, დაკავებულის სახლიდან იარაღი, ტყვიები და კომპაქტდისკი ამოიღეს. დაკავების ოპერაციაში სამხარეო სამმართველოს 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, მგალობლიშვილის სახლიდან იარაღის ამოღების უშუალო პროცესს მხოლოდ პოლიციელები დაესწრნენ. მოწმე, რომელიც პოლიციას ჰყავს, ამბობს, რომ იმ ადგილზე, საიდანაც იარაღი ამოიღეს, თავად არ ყოფილა. ეს სასამართლოზეც აღინიშნა, თუმცა, მოსამართლისთვის ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.

სასამართლოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არც იმას ჰქონია, რომ ამ დაკავებამდე ერთი თვით ადრე, მამუკა მგალობლიშვილი სამხარეო სამმართველოს დაკავებული ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმში მითითებულია, როგორც ქუჩიდან აყვანილი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, მეზობლები აღნიშნავენ, რომ იგი სახლიდან აიყვანეს და ამის ბევრი თვითმხილველი არსებობს. ამ ფაქტს მისი შვილიც ადასტურებს, რომელსაც როგორც დაკავებულის და გვიყვება, შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩნდება ეჭვი _ ადამიანი, რომელიც დააკავეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს, სახლში იარაღი რომც ჰქონოდა, რასაკვირველია, ამ იარაღს არ დაიტოვებდა.

შესაბამისად, ოჯახის წევრების მოსაზრება, რომ მამუკა მგალობლიშვილს იარაღი ჩაუდეს, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

ამ ფაქტებს კიდევ ერთი გარემოება ემატება _ იმ პერიოდში, როდესაც ჩოხატაურში ყაჩაღობები მოხდა, მგალობლიშვილთან სახლში სიარული დაიწყო სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა, სულიკო ლომთათიძემ. როგორც გავარკვიეთ, ლომთათიძე მგალობლიშვილის ნათესავია და სწორედ ამიტომ, მისი ხშირი სტუმრობა ოჯახის წევრებში ეჭვს არ ბადებდა. თუმცა, კითხვები მოგვიანებით გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მგალობლიშვილის პირველი დაკავება სწორედ სულიკო ლომთათიძემ მოახდინა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის _ მამუკა მგალობლიშვილი ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სულიკო ლომთათიძე მასთან დავით ცირეკიძის დავალებით დადიოდა და უფრო მეტიც, ყაჩაღობას სთავაზობდა:

_ ეს ყაჩაღობები მომხდარი იყო, როცა სულიკომ ჩემთან სიარულს მოუხშირა. თუმცა, ეჭვი არაფერზე ამიღია. როცა პირველად დამაკავეს და სამმართველოში ჩამიყვანეს, მაშინ ნარკოტიკი დამიდეს და მითხრეს, რომ თუკი საქმეს არ შევასრულებდი, ციხეში გამიშვებდნენ. სულიკოს ნათესავი ხარ და არ გვინდა ციხეში წახვიდე, ამიტომ ჩვენს წინადადებას დათანხმდიო, მოითხოვდნენ.

_ კონკრეტულად, რა საქმეზე იყო საუბარი და ვინ გთავაზობდათ ამას?

_ ყაჩაღობაზე. სამხარეო სამმართველოს უფროსი, დავით ცირეკიძე, მისი მოადგილე ვინმე ლაშა, გვარი არ მახსოვს და სულიკო ლომთათიძე მთავაზობდნენ, რომ ერთი ოჯახი დამეყაჩაღებინა. დიდ ფულზე იყო საუბარი, რომელიც მერე მათთვის უნდა მიმეტანა. მითხრეს, რომ თუ ამაზე თანახმა ვიქნებოდი, მათგან "მწვანე" მექნებოდა ანთებული. ამის მერე კი გამომიშვეს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილი ჩვენთან საუბრისას ცირეკიძესთან შეხვედრის დეტალებსაც იხსენებს:

_ სამჯერ ჩამომაკითხა ჩოხატაურში და სამჯერვე სხვადასხვა ადგილზე შემხვდა. იგივე მოთხოვნით, რომ ყაჩაღობა უნდა ჩამედინა და თანხა მათთვის მიმეტანა, _ დასძენს მგალობლიშვილი.

მისივე თქმით, მისი დაკავებაც სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ წინადადებას არ დაეთანხმა:

_ ამ ამბიდან დაახლოებით ერთ თვეში დამაკავეს. სახლიდან იარაღი ამოიღეს. როცა ვიცოდი, რასაც გეგმავდნენ, ხომ საოცარია, რომ იარაღს სახლში ვინახავდი?! _ ამბობს მგალობლიშვილი.

იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულს მალე ახალი ბრალდება წამოუყენეს _ ჯგუფური ყPაჩაღობა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე.

თავად ამბობს, რომ ჩვენება, რომელშიც აღიარებს იარაღის შეძენა-შენახვას და ყაჩაღობას, ძალის გამოყენებით და მუქარით მიიღეს:

_ დროებითი მოთავსების იზოლატორში მაწამებდნენ და თან მემუქრებოდნენ, რომ ჩემს შვილსაც დააკავებდნენ, რომ მეუღლეს სამსახურს დაატოვებინებდნენ. სწორედ ეს გახდა აღიარების მიზეზი, რომ თითქოს ჩემი ახლო მეგობრის, თამაზ ტრაპაიძის სახლი დავაყაჩაღებინე, _ ამბობს მგალობლიშვილი.

ის, რომ დაკავებისას მგალობლიშვილი ნაცემი ნამდვილად იყო, ჩვენთან საუბრისას, ოჯახის ახლობელმა, ირმა ჯიბუტმაც დაადასტურა:

_ ოჯახის წევრები ჩავიყვანე სამმართველოში, როგორც მახსოვს დაკავების მეორე თუ მესამე დღეს და მამუკაც მაშინ ვნახე. შემიძლია გითხრათ, რომ ცემის კვალი ნამდვილად ეტყობოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიბუტმა.

ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მგალობლიშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც დასჭირდა:

_ იმის გამო, რომ სასტიკად, არაადამიანურად იყო ნაწამები, ციხეში ფილტვების ანთება დაემართა, მოგვიანებით კი სეფსისი განუვითარდა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დაკავებულის და, ნანა მგალობლიშვილი.

როგორც გვითხრეს, ნაცემი მგალობლიშვილი პროკურორმა მალხაზ სირაძემაც ნახა: _ მალხაზ სირაძემ რომ ჩემი ძმა ასეთ მდგომარეობაში ნახა, უთქვამს, თუ არ აღიარებს მოკალით, მაგის დედაცო, _ ამბობს ნანა მგალობლიშვილი.

მალხაზ სირაძე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრისას დასძენს, რომ საქმე უტყუარი მტკიცებულებებით არის გაჯერებული. მისივე თქმით, მამუკა მგალობლიშვილს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და ჩვენებაც საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მისცა. მისივე თქმით, ამ საქმეში ნამდვილად არ ჰქონია ადგილი ფაქტების გაყალბებას და მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნას. ჩვენ კითხვაზე, ამ საქმეში თუ არა, ვის საქმეში ჰქონდა ადგილი ასეთ ფაქტს, სირაძემ ასეთი პასუხი გასცა:

_ მგალობლიშვილის საქმეში არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია მგალობლიშვილმა სასამართლოზეც გააჟღერა და უფრო მეტიც, სულიკო ლომთათიძესთან და დავით ცირეკიძესთან დაპირისპირებაც მოითხოვა, თუმცა, პროკურორი ამას არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საქმის იმ ეტაპზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ მოქმედებას არ ითვალისწინებდა.

მიუხედავად საქმეში არსებული ბევრი კითხვითი ნიშნის და მგალობლიშვილის მიერ ამ სკანდალური განცხადებისა, სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს სამართლის პოვნის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებში მონაწილე ადამიანები დღეს ისევ თანამდებობებზე არიან.

_ კონკრეტულად იმ ოჯახის დასახელებისგან, რომლის დაყაჩაღებასაც მთავაზობდნენ ჯერ თავს შევიკავებ, რადგან შესაძლებელია მათ რაღაც მოიმოქმედონ. სწორედ ამიტომ ვითხოვ საჯაროდ დამაპირისპირონ ლომთათიძე, ცირეკიძე და ის პოლიციელები, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. ყველაფერსაც ვერ ვამბობ თავისუფლად, რადგან აქ დაცული არ ვარ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას მამუკა მგალობლიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე მგალობლიშვილის მიერ დასახელებული პოლიციელის, სულიკო ლომთათიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ჩვენს შეკითხვას, რატომ ადანაშაულებდა მგალობლიშვილი ყაჩაღობის შეთავაზებაში და რატომ დადიოდა ყოველ მეორე დღეს ადამიანთან, რომელთანაც პოლიციას, თურმე, საკმაოდ ბევრი შეკითხვები ჰქონდა ასე უპასუხა:

_ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად მიმართეთ სამინისტროს პრესცენტრს.

_ იმ მიზეზის გასარკვევად, თუ რატომ სთავაზობდით მგალობლიშვილს ერთი წლის წინ ყაჩაღობის ჩადენას პრესცენტრს უნდა მივმართოთ?

_ ნებისმიერ შეკითხვაზე დაუკავშირდით პრესცენტრს, _ კიდევ ერთხელ დაგვიზუსტა ლომთათიძემ.

ის, რომ მგალობლიშვილის მიერ მოთხრობილ ამბავზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვერ გაგვცემდა, ჩვენთვის უცხო არ იყო, თუმცა, ნინო გიორგობიანს, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავუკავშირდით. გიორგობიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. ხოლო ლომთათიძისთვის განკუთვნილ შეკითხვაზე, ბუნებრივია, ის პასუხს ვერ გაგვცემს.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარისთვის დავით ცირეკიძესაც დავკავშირებოდით, თუმცა, ჩვენ ხელთ არსებული ტელეფონის ნომერზე სხვამ გვიპასუხა, რომლის თქმით, ნომერი მას ცირეკიძემ ცოტა ხნის წინ აჩუქა და მისი კოორდინატების დადგენა არ შეეძლო. პიროვნებამ, რომელიც ვინმე ზაზას სახელით გაგვეცნო, დაგვიზუსტა, რომ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თბილისში უმუშევარი იმყოფებოდა.

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში კი გავარკვიეთ, რომ დავით ცირეკიძე, რომელსაც მამუკა მგალობლიშვილი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს, ქუთაისის ციხის უფროსად დანიშნეს.

სწორედ ამის გამოა, რომ მგალობლიშვილი კონკრეტულ დეტალებზე საუბარს ერიდება და აღნიშნავს, რომ მის მიმართ ზეწოლები ახლა ციხეშიც ხორციელდება. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ცირეკიძის მეგობარია.

რაც შეეხება უშუალოდ ცირეკიძეს, მის შესახებ "გურია ნიუსის" არქივში ბევრი მასალა მოიპოვება _ მაშინ, როცა ცირეკიძე გურიის მთავარი პოლიცმეისტერი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანები იმ უბრალო მიზეზით ხვდებოდნენ, რომ პოლიციელებს "თვალში" უადგილო დროს და ადგილზე "გაეჩხირნენ". ჩოხატაურში იმ პერიოდში არავინ მალავდა, რომ ძალოვნები უფლებამოსილებას ამეტებენ _ რედაქციაში დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი მოდიოდა, რომლებიც ამბობდნენ, პოლიციელთა ქმედება ყოველ საზღვარს სცდებოდა:

_ არ ვიცით, ვინ არის ეს ავტომატგადაკიდებული ხალხი, რომლებიც დღედაღამ ჩოხატაურში პოლიციის მანქანებით დარბიან. არც ვინაობას ამხელენ და არც რაიმე ისეთი ნიშანი აქვთ, რომლის საშუალებით შემდგომში მათი ამოცნობა იქნება შესაძლებელი. იჭერენ ყველას, ვისაც კი გზაზე წააწყდებიან. ეგ კიდევ არაფერი _ ადამიანებს სახლში უვარდებიან, ახალგაზრდები პოლიციაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიჰყავთ და იქ რამდენიმე საათით აჩერებენ, _ გვეუბნებოდნენ ჩოხატაურელები.

აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სწორედ ცირეკიძის პერიოდში ჩოხატაურში ისეთი პოლიციელები მოავლინეს, რომლებსაც ნარკოტიკების ჩადების და მსგავსი მეთოდების გამოყენების დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ისინი პოლიციაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ მიეღოთ სასურველი ჩვენება და როგორ ეიძულებინათ ადამიანები, პოლიციასთან სათანამშრომლოდ.

"სხვათაშორის, ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ახლა ჩოხატაურში ავტომატგადაკიდებული ეძებს ყაჩაღებს, რამდენიმე წლის წინ, ნარკოტიკის ჩადების გამო, სერიოზული პრობლემა შეექმნა და რამდენიმე ხნით მან ორგანოებიც კი დატოვა. უფრო მეტიც, როგორც ვიცით, არსებობს ჩანაწერი, სადაც ეს პოლიციელი ერთ-ერთ დაკავებულს თანამშრომლობას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში გაგზავნით ემუქრება," _ ეს ამონარიდია ჩვენი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა და რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოყოლია, მით უმეტეს, რომ ჩოხატაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და ძალოვნების აგრესიული ქმედების აღკვეთას ითხოვდა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სანამ ცირეკიძე გურიის სამხარეო სამმართველოს ჩაიბარებდა, მანამდე მის ქუთაისში მოღვაწეობას ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი აშუქებდა, რომელიც ჩვენ ასეთ ინფორმაციებს გვაწვდის:

ამბავი #1_ "წყნარად, წარსულო, წყნარად!"

ტყიბულელები ვერც სიამაყითა და მით უმეტეს, სიხარულით ვერ იხსენებენ, მათი რაიონის ყოფილი შერიფის, დათო ცირეკიძის პოლიციურ ხანას. "რიკოშეტად" მონათლულ ძალოვანს, მეტისმეტად ჰყვარებია პირადი ცხოვრების დეტალებით ვაჭრობა-დაშანტაჟება. როგორც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, ცირეკიძეს "ოტოს" სკოლა (მოსმენების სამსახური) უნდა ჰქონდეს გავლილი, ამიტომაც, კარგად გამოუდის ეს საქმე.

როდესაც ტყიბული ცირეკიძის რეჟიმით ათენ-აღამებდა, ადგილი ჰქონია უამრავ ფაქტს, როცა რიგითი მოქალაქეები შინ თავგატეხილები და ცხვირიდან სისხლდანთხეულები ბრუნდებოდნენ. ადგილობრივები მის მოკავშირედ იმავე რაიონში, ასახელებენ პოლიციის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, ამჟამად ტყიბულის უკვე შერიფს კაკო ქათამაძეს. სწორედ ამ ქათამაძეს გამოუვლიდა, თურმე, ცირეკიძე, ჩაისვამდა მანქანაში და გადიოდნენ რაიონში "წესრიგის დასამყარებლად." ამ "წესრიგს" და "სამართლიანობის" აღდგენას ძალოვნების ტყიბულური ტანდემი მუშტებისა და უმოწყალო ცემა-ტყეპის მეშვეობით ახერხებდა.

ტყიბულში დღემდე ლეგენდად დადის, თუ როგორ გაუსწორდა სამღვდელო პირებს დათო ცირეკიძე და მამაოებს თავები გაუტეხა. ინციდენტი საზკვების ობიექტში მომხდარა, თვითმხილველებიც და გამშველებლებიც ბევრი ყოფილა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც არ აღძრულა. ტყიბულელები დღემდე ვერ ხსნიან, თუ როგორ შერჩათ ცირეკიძე-ქათამაძის "საძმოს" მამაოებისთვის თავების გატეხვა.

ჩვენი წყაროები ტყიბულიდან აღნიშნავენ, რომ ცირეკიძეს წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალთანაც უნდა ჰქონდეს შეხება.

საგრძნობი მანძილის გამოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრამდე არ მიუღწევია ტყიბულის რესტორნიდან მაშინდელი პოლიციის შეფის სავარძელში ჩაბრძანებული დათო ცირეკიძის ვოკალურ მონაცემებს. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, პრინციპით "სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო," დიდხანს აზანზარებდა ტყიბულს ცირეკიძის პირველ-მეორე ხმაში აშკარა დეტონაციებით დაგუგუნებული "მენახშირე ბიჭის" სიმღერა. ტყიბულელები ამ ერთ სიკეთეს ვერ უკარგავენ მხოლოდ ყოფილ პოლიციის უფროსს, სამსახურზე მეტად ხშირად სუფრას მიმჯდარი შერიფი, სულ რაიონის სიმდიდრეზე მღეროდა _ "ნახშირიიიიი!" და "მიკრაფონს" ვერ გლეჯდნენ, თურმე ხელიდან.

რესტორან-რესტორან მოქეიფე ძალოვანს, ფრთების გაშლა წესით არ უნდა გაჭირვებოდა ტყიბულთან შედარებით, აშკარად უფრო ცივილიზებულ ზესტაფონში. როგორც წყარო ამბობს, ზესტაფონი ცირეკიძის პოლიციის უფროსობის დროს, არა თუ მხარეში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში იმ ერთ-ერთ ადგილად რჩებოდა, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელმა იცოდა, თუ რომელ აფთიაქში იყიდებოდა წამალი!

ამბავი #2_ "ახალი ცოცხი კარგად ჰგვის?!"

ქუთაისის ციხეში 20 წლით თავისუფლებააღკვეთილმა ვინმე სულაქველიძემ, რომ შეიტყო კიდევ უმატებდნენ მსჯავრს, ვენები გადაისერა და ციხიდან ქალაქის ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარებააღმოჩენილმა დამნაშავემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ორი უმძიმესი მკვლელობა ედება ბრალად, საავადმყოფოდან, ჩაძინებული ბადრაგის წყალობით, გაქცევა მოახერხა. დილიდანვე გადაკეტილ ქალაქის ავტოქარხნის პერიმეტრს, მხარისა და ქალაქის პოლიციის განყოფილებები აკონტროლებდნენ, პოზიციებს ამაგრებდა ქუთაისის პატრულიც. ქალაქის გარეუბნის ბლოკირება უმოკლეს დროშივე მოხდა, თუმცა, მსჯავრდებული სულაქველიძე, მაინც ახერხებდა პროფესიონალებისგან თავის დაძვრენას. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემჩნევა და გამორჩევა მასისგან, მარტო იმითაც შეიძლებოდა, რომ გაქცეულ პატიმარს მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა. სამართალდამცავებმა, მხოლოდ გვიან საღამოს მოახერხეს მისი დაკავება დევნილების საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ავტოფარეხებთან. გაქცეულ პატიმარს რომ არ შექმნოდა ჯანმრთელობის საფრთხე (თურმე, უკვე სისხლისგან იცლებოდა!), ქუდზე კაცმობილიზებული პოლიცია ვერც მიაგნებდა. ისე, "პროფესიონალ" პოლიციელებს მის დაკავებაში კუდ-ი მიხმარებია, თორემ "დახუჭობანას" დიდხანს ეთამაშებოდა პატიმარი!

ერთი სიტყვით, ცირეკიძის შესახებ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დღეს ქუთაისის ციხის უფროსია, ბევრი ინფორმაცია არსებობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი კორძაიას თქმით, ცირეკიძე სისტემაში ახალი ხელისუფლების მიერ მოყვანილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუკი მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დადასტურება, პასუხსაც აგებს:

_ ეს ადამიანი სისტემაში ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მუშაობდა და დარჩა სისტემაში. რაც შეეხება პატიმრის ბრალდებას, კარგი იქნება მან, როგორც თქვენ გითხრათ, ისე იმ უწყებებსაც მიმართოს, რომელთა ვალდებულება ამ საკითხის მოკვლევაა. თუ ამ ადამიანის ბრალეულობა გამოიკვეთა, პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ დამნაშავეს დამნაშავე დაარქვას, დანაშაულს კი _ დანაშაული.

_ ბატონო ირაკლი, როგორც პატიმარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტებს ციხეშიც ჰქონდა ადგილი და როგორც გვითხრეს, ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე, სადაც ამჟამად ჩვენი რესპონდენტი იმყოფება, დავით ცირეკიძის მეგობარია.

_ თუ ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში მის მიმართ ხორციელდება, როგორც თქვენ ამბობთ, ძალადობა, ამ ადამიანმა უნდა დაწეროს განცხადება გენინსპექციის სახელზე. თქვენ, ალბათ, ადევნებთ თვალ-ყურს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უღირსი თანამშრომლების გამოვლენაზე. საჩივრის შემდეგ თუკი გამოიკვეთება ბრალეულობა, ეს ადამიანები იქნებიან დათხოვნილები. დათხოვნის შემდეგ კი, ჩვენგან საქმე ეგზავნება პროკურატურას და ისინი წყვეტენ რა და როგორ გააკეთოს.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ციხეში რემონტი იწყება და პატიმრების ნაწილი ქუთაისის, ნაწილი კი რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ციხის უფროსი, ცირეკიძის მარჯვენა ხელი ალექსანდრე ბირთველიშვილია, რომლის მიმართ მამუკა მგალობლიშვილს პრეტენზიები აქვს _ როგორც იგი ამბობს. ცირეკიძის მიერ გაკეთებული შეთავაზების დროს, ბირთველიშვილიც იქ იყო. მგალობლიშვილი და მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს აღნიშნული ციხეებიდან ერთ-ერთში გადაიყვანენ, მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

"გურია ნიუსმა" საქმის კურსში უკვე ჩააყენა სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც, იმედია, მგალობლიშვილის და მისი ოჯახის ზემოთ აღნიშნულ მოტივს გაითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს. „2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას ... ...
  • სროლა თბილისში- დაჭრილია 2 ადამიანისროლა იყო ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • “მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ფერმერი, აგრონომი კაკო ღლონტი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეხვდა ღლონტების ოჯახი პანდემიას. კაკო ღლონტი ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელია. _ ბატონო კაკო, როგორ შეხვდით კორონავიურისს და როგორია თქვენი დღის წესრიგი? _ თითქმის არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდით ჩვეულებრივ რეჟიმში და გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.  ჩვენ ფერმერებთან  არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ის, რაც პროექტები გვქონდა, გრძელდებოდა მისი გახორციელება. თხილის, ციტრუსის პროექტი გვაქვს, სიმინდის კუთხით ახალი ჯიშებს ვიყვანთ. ახალი ის არის, რომ ბროკოლის მოყვანა გადავწყვიტეთ და დავამტკიცეთ, ესეც შესაძლებელია გურიაში. _ სახლში რა ხდება, სადაც თქვენ ხართ მბრძანებელი? _ საქმის კეთება ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კულტურების მოყვანას და მომრავლებას. უფრო მეტად აქტიური გავხდი ამ კორონავირუსის შემხედვარე. ვმუშაობ დაუღალავად. ჩემი მეუღლე, შვილები ჩემს გვერდით არიან.   _ ეს  პანდემია როდის გადაივლის,  ჯერჯერობით, არავინ არ იცის. დამწყებ ფერმერებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ, რომ შემოდგომა-ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ? _ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რა იცი, წინ რა გველოდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი,  დავუშვათ, ვერ შემოიტანეს უცხოეთიდან მარცვლეული ან სხვა პროდუქტი? ადამიანმა იმდენი მაინც უნდა იშრომოს, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტებით ერთი ან ორი თვის მანძილზე გაიტანოს თავი. პირველ რიგში, უნდა დაეკითხონ და დაუჯერონ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში. ასევე იკითხონ წიგნი, ნამეტარი ინტერნეტს ნუ მიეჯაჭვებიან. _ რომელი კულტურის მოყვანით და გამრავლებით არიან დაინტერესებულები? _ ყველას უნდა კონსერვი გააკეთოს. ძირითადად ბოსტნეულების მოყვანით არიან დაინტერესებულები. მაგრამ, მარტო კიტრის და პომიდორის მოყვანა ხომ არ არის საკმარისი. შეგვიძლია შემოდგომაზე და ზამთარში სალათების, მწვანილების, კიტრის მოყვანა. ფუჭად არ უნდა დავკარგოთ დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენება შედეგიანად, რომ შემდეგ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვიყოთ. კარგად უნდა დავგეგმოთ თითოეული წუთი და საათი. უფრო მეტი გააქტიურება არის საჭირო და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება. _ თქვენ პირადად, რომელი კულტურის მოყვანით ხართ დაკავებული? _ მე ვარ მრავალფეროვნების მოყვარული. თუ კი რამეს მოყვანა შეიძლება გურიაში ყველაფერი მომყავს, ვაშენებ, ვამრავლებ და ვახარებ. ჩემთან, რომ მოდის ფერმერი ნერგის საყიდლად, აუცილებლად მას ვანახვებ იმ კულტურებს, რომლის გახარება და გამრავლება შევძელი. ამ კონსულტანციას და რჩევა-დარიგებებს კიდევ არავის ვამადლი. მთავარია, სასაუბრო დრო მქონდეს.  აგერ, მაგალითად, ჩემს ეზოში, სახლის გვერდზე, კომბოსტო უკვე თავშეხვეულია. ხომ იძახიან გურიაში არ იხარებს და არ მოდის კომბოსტოო, არ არის ეს სიმართლე, ბატონებო - მოდის, თან წელიწადში  _სამჯერ. _ რატომ არ ვიყენებთ? _ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და იმიტომ. მაგალითად, დაიწყო დამწყებმა ფერმერმა სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მაგრამ ცოდნა რომ არ ქონდა, ვერ გაახარა და ვერ გაამრავლა. შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა სახლში. საბედნიეროდ, მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ და მუშაობენ. შედეგიც არის და ეს იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. _ როგორც ვიცი, წელს ყველაზე მეტად იყიდება პომიდორის, კიტრის, ბულგარულის და სხვა კულტურის ნერგები. _ ჩემი მეუღლე მენერგეობას მისდევს და აგრარულ ბაზარში ყიდის ნერგებს. წელს  ფაქტიურად სახლიდან გაიყიდა ნერგები. ბაზარში ორი დღეც არ გასულა. თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან რომ დაბრუდნენ, თავის კარმიდამოს მიხედვა ხომ ჭირდება, დაიწყეს მოვლა, შემდეგ ბოსტანში სხვადასხვა ნერგები დარგეს. ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს... ცოტა შიშმა შეაფუცხუნა ჩვენი ხალხი. _ ბატონო კაკო, საუბრის დასასრულს, იქნებ, თქვენ გვითხრათ, კორონავირუსის დროს გურია და კახეთი მწვანე ზონა იყო. თქვენი ვერსია  როგორია,  შეინარჩუნებს გურია მწვანე ზონად თავის თავს? _ ხომ იძახოდნენ გურულები, არ არიან კანონმორჩილნიო?! სინამდვილეში კანონმორჩილნი ვყოფილვართ. ყველაფერს ვასრულებდით, რაც რეკომენდაციები გაიცა სპეციალისტების მიერ.  კიდევ შემიძლია ვთქვა: ღმერთი გვფარავს გურულებს, ლაღები ვართ, ლაღი იუმორით და ალბათ, ლაღი ბუნებიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, არ მოგვივლინა დიდი განსაცდელი. შეიძლება ჩვენი სისუსტის ბრალია: აგენი ვერ გადაიტანს მაგასო და აღარ შეგვხდა ეს კორონავირუსი. _ გურიაში ხომ იყო პერიოდი, როდესაც არ სწამდათ ღმერთის და ეკლესია-მონასტრებში მძიმე მდგომარეობა იყო. _ ეს მხოლოდ გურიაში არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეშმაკმა დაძლია საზოგადოებას, მაგრამ დროულად გამოფხიზლდა ერი. გურიაში სწრაფი ტემპით მიდიოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა. ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას და ... ...
  • "გულის მუშაობა აღვუდგინეთ"- გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტის მდგომარეობა მძიმეაექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დღეს დენმა დაარტყა, საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "39 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია, თუმცა 10 წუთში გულის მუშაობა აღვუდგინეთ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 2-3 დღეში პაციენტის გამოღვიძება მოხდება,"- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. წყარო: რუსთავი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?