შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

1 მარ. 2017, 14:23:07

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებების აღდგენას და გამოძიების პროცესის დროულად დასრულებას ითხოვს. საქმე 2006 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ეხება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქონების მესაკუთრემ, რამაზ ახვლედიანმა ქონება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. აღნიშნულთან დაკავშირებით 2015 წლიდან სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საქმეს ასევე იძიებს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, თუმცა, ამ დრომდე ძიება არც დასრულებულა.

ვინ არის რამაზ ახვლედიანი და  რა დამსახურება აქვს ლისის ტბის გადარჩენის საქმეში

ლისის ტბის განვითარების პირველი ეტაპი

ბიზნესმენ რამაზ ახვედიანის მოღვაწეობა ლისის ტბაზე 1998 წლის ბოლოდან  იწყება, მაშინ, როდესაც ის ტურიზმის დეპარტამენტის „ლისის ტბის ტურისტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის  ბალანსზე რიცხული ქონების, იჯარა- გამოსყიდვის ფორმით, პრივატიზების მიზნით ჩატარებულ კომერციულ კონკურსში, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ, გამარჯვებულად გამოცხადდა.

 1999 წლის 13 აპრილს, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება  და მიღება - ჩაბარების აქტი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ რამაზ ახვლედიანს კონკურსის შედეგად გადაეცა მხოლოდ შენობა-ნაგებობები და არა ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც აღნიშნული შენობა-ნაგებობები იყო აღმართული, რადგანაც იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთების პრივატიზაციას და მის ინდივიდიალურ საკუთრებაში გადაცემას.

როგორც ბიზნესმენი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2000 წლის შემოდგომამდე, მან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ლისის ტბის გადარჩენის და განვითარებისათვის.

ახვლედიანი იხსენებს, 1998  წლიდან, კლიმატური და სხვა გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად, ლისი ტბაში წყლის დონის კლებამ კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია. მოიმატა ტბის მინერალიზაციამ, შემცირდა ჟანგბადის რაოდენობა, ტბაში დაიწყო იქთიოფაუნისა და სხვა ცოცხალი ორგანიზების დაღუპვის პროცესი. ტბა აღმოჩნდა გაქრობის საშიშროების წინაშე. ყოველივე ამან გამოიწვია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიმატური პირობების  შეცვლა  და არსებულმა გამწვანებამ ხმობა დაიწყო. ახვლედიანის  ძალისხმევით, მოწვეულნი იქნენ ჰიდროლოგები, ჰიდროგეოლოგები, ჰიდროტექნიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები, სადაც თბილსის მერიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან ჩართული იყვნენ სანიტარული ინსპექციისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის სამსახურები. შეისწავლეს და შეიმუშავეს ლისის ტბის წყლით შევსების რამდენიმე პროექტი (მდ. მტკვარი, მდ. ვერე, მდ. დიღმულა).  ასევე შეისწავლეს ტბის გარშემო ტერიტორია იქ არსებული წყლების მარაგებით, რომელთა შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და თბილისის მერიის სამსახურების მიერ უპირატესობა  ნუცუბიძის პლატოზე დაჭაობებულ დეპრესიაში აღმოჩენილი გრუნტის წყლებს მიენიჭა. ზემოთ აღნიშნულ დაჭაობებულ დეპრესიაში მოეწყო სატუმბი სადგური და გაიყვანეს 2 კმ-მდე 325 მმ-იანი მილსადენი, ასევე Aაღადგინეს 4 კმ-მდე სიგრძის წყალშემკრები არხი.

ახვლედიანი ამბობს, რომ რამდენიმეწლიანი შრომისა და შესაბამისი ხარჯების გაწევის შემდეგ, ტბის წყლის სარკის ზედაპირი  ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა. ასევე, ტბაში ეტაპობრივად გაუშვეს რამოდენიმე ასეული ათასი კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი  სხვადასხვა ჯიშის ლიფსიტა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად  ტბა გადარჩა, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ასევე აღუდგა მისი ისტორიული ფუნქცია - ტბის სარეკრეაციო დანიშნულებით გამოყენება. მომეცა საშუალება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი განმეხორციელებინა“,  _აღნიშნავს ახვლედიანი.

კერძოდ, 2001წელს, რამაზ ახვლედიანის „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბამ“ ქალაქ თბილისის მერიას წინადადებით მიმართა და ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიერ ფაქტიურად დაკავებულ ტერიტორიაზე (63,5 ჰა, სადაც დაახლოებით 57 ჰა.  გამწვანებულ მასივს შეადგენდა) შესთავაზა კომპლექსის განვითარების  გეგმა _ ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კულტურულ სანახაობითი ცენტრის შექმნის შესახებ. სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ლისის ტბაზე საწყალოსნო ბაზა შესაბამისი ინფრასტრუქტურით - პლიაჟები, ატრაქციონები, ბისტროს ტიპის სასაუზმეები, სანაყინეები, გამქირავებელი პუნქტები, სპორტთევზაობა, სამაშველო სამსახურები, რანჩოს ტიპის საცხენოსო კომპლექსი, სპორტული მოედნები და  სარებილიტაციო ცენტრი გოგირდოვანი წყლებით, ასევე, ოჯახური დასვენების მოყვარულთათვის კოტეჯური ტიპის სასტუმროების მშენებლობა, მცირე ტიპის სასტუმრო თავისი ინფრასტრუქტურით.  ღია ტიპის ამფითეატრი და სხვადასხვა სანახაობითი ობიექტები კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად  და სხვა.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2002 წლის 24 იანვრის დადგენილების შესაბამისად,  შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექს ლისის ტბას“ ნება მისცეს, დაემუშავებინა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური დაგეგმარების პროექტი. დადგენილებით, თბილისის მთავარ არქიტექტორს დაევალა, კომპანიისთვის დახმარების აღმოჩენა აღნიშნული საქმის განხორციელებაში და შემოქმედებითი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

2004წლიდან, ლისის ტბის ინტერესების დაცვა და საქმიანობის გაგრძელება, რამაზ ახვლედიანს საქართველოში შეცვლილ ხელისუფლებასთან და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელობასთან მოუხდა.

2004წლის 27 მაისს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს „ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექს ლისის ტბას“ მიმართ გაიცა დავალება- პროექტირებაზე.   რის საფუძველზეც საპროექტო ჯგუფს  ახვლედიანის მიერ შესაბამისი დაკვეთა კომპლექსის განვითარების ზონალური დაგეგმარების, გენგეგმის  პროექტისა და მაკეტის დამზადების თაობაზე.

ახვლედიანის თქმით,  2004 წლის ივნის-ივლისში მასა და თბილისის ვიცე-მერ თემურ ქურხულსშორის, ვიცე-მერის ინიციატივით, შედგა შეხვედრა.  საუბარი კი ლისის ტბის მდგომარეობას, მიმდინარე საქმიანობასა და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მიცემულ  ჩვენებაში რამაზ ახვლედიანი აღნიშნავს, თბილისის ვიცე-მერის - თემურ ქურხულისგან  მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლისის  ტბის  განვითარებით  ჰოლანდიელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებული. თბილისის ვიცე-მერმა  საკითხს „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი“ უწოდა, რომ პირდაპირი  დავალება-ინტერესი მომდინარეობდა „პირველიდან“ და ნაგულისხმევი გახლდათ საქართველოს პირველი პირი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ახვლედიანი ამბობს, რომ მას ქურხულმა სთხოვა, თანამშრომლობაში ზედმეტი პრობლემები არ შეექმნა.

ახვლედიანი ჩვენებაში ასევე აღნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორის და ინვესტიციების წინააღმდეგი არ ყოფილა.  თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა განმეორებით, 2-3 დღის ინტერვალის შემდეგ, კვლავ მოხდა.

როგორც ბიზნესმენი იხსენებს, თემურ ქურხულის კაბინეტში ხელმეორედ შეხვედრაზე, ჰოლანდიელი ინვესტორების ნაცვლად, პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების სახით, მას დახვდნენ საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია - GRDC-ის სახელით მამუკა ხაზარაძე და კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი კილაურიძე.

ახვლედიანის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ  გაითვალისწინა ვიცე- მერის გაფრთხილება (არსებობდა  ლისის ტბის დაკარგვის საფრთხე, ხოლო მისი განვითარება პარტნიორულ დონეზე ალტერნატივის გარეშე აღმოჩნდა), ბიზნესის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, დაიწყო კონსულტაციებისა და წინადადებების განხილვის ახალი ეტაპი.

ლისის ტბის განვითარების მეორე ეტაპი

2004წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის შედარების აქტი გაფორმდა.

დოკუმენტში ნათქვამია: „ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს მთავარმა ბუღალტერმა ნანა მგალობლიშვილმა და მეორეს მხრივ, რამაზ ახლედიანმა მოვახდინეთ ურთიერთშედარება, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ 13,04,99 წელს საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, „მოიჯარის“ მიერ გადახდილია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის  „ლისის ტბის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ღირებულება“.

დოკუმენტით აღიარებულ იქნა, რომ რამაზ ახვლედიანმა კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, გადაიხადა გამოსასყიდი თანხა - 60416,43 ათასი ლარი და იჯარა - 13962,14ათასილარი. ამდენად, სახელმწიფოს რამაზ ახვლედიანისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა აღნიშნული ქონება, როგორც ეს იჯარის ხელშეკრულებით იქნა შეთანხმებული და პირობადადებული.

2004 წლის დეკემბერში, რამაზ ახვლედიანსა და ლისის ტბის პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა და მიიღეს გადაწყვეტილება ლისის ტბის საერთო მართვასთან დაკავშირებით.

2004წლის 6 დეკემბერს, ფიზიკური პირის სტატუსით, რამაზ ახვლედიანსა და შპს „თბილისის უძრავი ქონების“ დირექტორ ირაკლი კილაურიძეს შორის გაფორმდა განზრახულობათა ოქმი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დააფუძნებდნენ სააქციო საზოგადოება „ლისის ტბას“. მისი საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 6,000,000 ლარის ოდენობით და დაიყო 6,000,000 მილიონ ჩვეულებრივ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ფასი  ერთ ლარს შეადგენდა.

საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ უნდა შეეტანა 4 მილიონი, რისთვისაც ის მიიღებდა 4 მილიონ აქციას, ხოლო რამაზ ახვლედიანს საწესდებო კაპიტალის შევსება უნდა მოეხდინა ქონებრივი შენატანის სახით. კერძოდ, რამაზ ახვლედიანი იღებდა ვალდებულებას შეეტანა ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მის საკუთრებაში გადაფორმებისთანავე, რისთვისაც მიიღებდა ს.ს „ლისის ტბის“ 2 მილიონ აქციას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განზრახულობათა ოქმის გაფორმების დროისთვის, ლისის ტბის მიმდებარე მიწის ნაკვეთი 63,5 ჰა, რამაზ ახვლედიანის საკუთრება არ იყო; თუმცა, ამავე ოქმის მიხედვით, რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვინაიდან მან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გამოისყიდა ლისის ტბის გარშემო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მას გააჩნდა უფლება გამოესყიდა ლისის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთი - 63,5 ჰა.

გამოსყიდვის უფლება ბიზნესმენს გააჩნდა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „თბილისის უძრავი ქონება“ მის საკუთრებაში არსებულ  ს.ს „ლისის ტბის“ აქტივებიდან რამაზ ახვლედიანს მისცემდა სესხს, რომ ლისის ტბის მიმდებარე 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა მომხდარიყო და ქონება ასახულიყო ს.ს „ლისის ტბის“ საწესდებო კაპიტალში. სანაცვლოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ს.ს „ლისის ტბის“ შექმნის დღეს, რამაზ ახვლედიანი შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ დაუთმობდა მის 2/3 (66,6835%) წილს, რომელიც მას ჰქონდა შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექს ლისის ტბაში“. აღნიშნული შპს უკვე ფლობდა როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 1999 წლის 24 ნოემბერს გაცემულ „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიას, ასევე, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რეურსების დაცვის სამინისტროში 2003 წელს კონკურსის წესით მოპოვებულ თევზსაჭერი მეურნეობის შექმნისთვის საჭირო გარემოსდაცვით ნებართვას, რომლის საფუძველზეც ლისის ტბაში ჩაშვებული იყო რამდენიმე ასეული ათასი ლიფსიტა.

 ამ გაზრახულობათა ოქმში აღინიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო, რამაზ ახვლედიანი ვერ შეძლებდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის (63,5 ჰა) გამოსყიდვას და ს.ს „ლისის ტბის“ საწესდებო კაპიტალში შეტანას, შპს „თბილისის უძრავი ქონება“ ვალდებული იყო დაებრუნებინა რამაზ ახვლედიანისთვის შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპელქს ლისის ტბის“ 2/3 (66, 6835%) წილი, რომელიც ბიზნესმენმა პარტნიორ კომპანიას გადასცა.

2005 წლის იანვარში, მხარეთა შორის ხელმოწერილი განზრახულობათა ოქმის შესაბამისად, დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“.

როგორც რამაზ ახვლედიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ ჩვენებაში აღნიშნავს, მხარეთა შორის გაფორმებული განზრახულობის ოქმის შემდგომ პერიოდში, ლისის ტბის საქმეში კომპანიონმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერთან და თბილისის მთავარ არქიტექტორთან ერთად, მიიწვია ინგლისში, სადაც დაათვალიერეს  ადგილები, რომლის ანალოგის გაკეთებასაც ბიზნეს-პარტნიორები ლისის ტბის ტერიტორიაზე აპირებდნენ.

ახალი კომპანიის სახელით, დაიწყო ახალი გეგმის დამუშავებაც, რომელშიც კომპლექსზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი არ იყო საკმარისი.

ახვლედიანი იხსენებს, რომ  მომზადდა შესაბამისი წინადადება, პროექტი, რომელიც განსახილველად  საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა. 2006 წლის 28 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ დადგენილება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

 ასევე, საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 აპრილს მიიღო #152 განკარგულება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“.

2006წლის 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ფიზიკური პირის სტატუსით რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაეცა ახლადდაფუძნებულ ს.ს „ლისის ტბას“.

პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ რამაზ ახვლედიანისთვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული საკუთრებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის წინადადება, ხოლო ს.ს. „ლისის ტბის“ შემთხვევაში, მცხეთის გამგეობის წინადადება.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ვალდებულებების დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო. კერძოდ,  მიწის განკარგვის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაცია და 2006 წლის 31 დეკემბრამდე ლისის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;  12 თვის ვადაში მომზადებულიყო ლისის ტბის კომპლექსის განვითარების პროექტი. დამსვენებელთა ზონის მოწყობის, კვების ობიექტების, საცხენოსნო კომპლექსის, დასასვენებელი კოტეჯების, SPA კომპლექსისა და სასტუმროს აშენება დასრულებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის დეკემბრისა.

2006წლის 22 სექტემბერს, რამაზ ახვლედიანმა კიდევ ერთხელ   მიმართა განცხადებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 63,5 ჰა. ნორმატიულ ფასად შესყიდვა მოითხოვა.

თუმცა, 2006 წლის ოქტომბერში, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმიანობასა და ბიზნეს-გეგმებში, ლისის ტბის მომავალთან დაკავშირებით, თითქმის ყველაფერი შეიცვალა. როგორც რამაზ ახვლედიანის მთავარი პროკურატურის მიმართ წარდგენილ საჩივარში წერს, მასთან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ფინანსური პოლიციიდან, მოითხოვეს ბიზნესმენის ადგილზე მისვლა ლისის ტბის საქმესთან არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.

ახვლედიანი იხსენებს, რომ ფინანსურ პოლიციაში შეხვდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსს, სადაც მოსთხოვეს კონკურსის წესით შეძენილი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას და მის ოჯახს მნიშვნელოვანი უსიამოვნებები შეხვდებოდათ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ქონების დათმობას არ აპირებდა, რადგანაც ჰყავდა ბიზნეს-პარტნიორები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე, რომელთანაც არსებობდა ვალდებულებები და სახელშეკრულებო ურთიერთობები.

ახვლედიანი ამბობს, რომ უარის შემდეგ, მის მიმართ ფინანსური პოლიციის მხრიდან სატელეფონო კონტაქტი სისტემატური გახდა. როგორც ბიზნესმენი იხსენებს, ის რამდენჯერმე კიდევ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. თუმცა, ახვლედიანისთვის გადამწყვეტი  2006 წლის 4 ნოემბრის ზარი აღმოჩნდა, რა დროსაც საგამოძიებო უწყებაში მისვლა დაუყოვნებლივ მოსთხოვეს. ბიზნესმენი სატელეფონო შეტყობინების დროს, შაბათ დღეს, მიემგზვარებოდა ოჯახის ახლობლის ქორწილში, რის გამოც უწყების წარმომადგენელს სთხოვა, შეხვედრა ორშაბათისთვის შემდგარიყო, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღო. რამაზ ახვლედიანს აცნობეს, რომ თუკი საგამოძიებო უწყებაში სასწარფოდ არ გამოცხადდებოდა, მაშინ თავად ამ უწყების წარმომადგენლები მივიდოდნენ ბიზნესმენთან.

ახვლედიანი ამბობს, რომ ფინანსურ პოლიციაში  გამორჩეული აგრესიულობით დახვდა  სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით კეზერაშვილის მოადგილე გელოვანი.

 „მისი ბრძანებით შესვლისთანავე ჩამომართვეს  მობილური ტელეფონი და მაცნობა,  რომ  პრეზიდენტი და მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსი იყვნენ გაცეცხლებულები საქმის გაჭიანურების გამო, არსებობდა პრეზიდენტის და კეზერაშვილისპირდაპირი   მოთხოვნა ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილის მიმართ, თუკი  4 ნოემბერს არ მოხდებოდა ბიზნეს-საკუთრების დათმობა, მას- გელოვანსაც ჩემთან ერთად დაიჭერდნენ , რომ ასეთ საკითხებზე კეზერაშვილს ხუმრობა არ უყვარდა და იგი ყველაფერს გააკეთებდა დავალების შესრულების მიზნით. პირდაპირ, მომთხოვეს ქონების დათმობის თაობაზე დამეწერა განცხდება,  რომ ასე აჯობებდა ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც, წინააღმდეგ შემთხვევაში თაღლითობის ან სხვა რაიმე მუხლით  დამიჭერდნენ და ჩემთან ერთად  დააპატიმრებდნენ ჩემს უახლოეს ადამიანებსაც“, _იხსენებს ახვლედიანი.

„_ეს  ჩემი ე.წ. „დაკითხვა“, დღის 12:00 საათიდან  თითქმის ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდა. იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობის მიმართ და უარი მეთქვა ბიზნეს-ქონებაზე და სახელმწიფოსთვის დამეთმო. განცხადების დაწერის შემდგომ, ღამის 03:00 საათისთვის მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროში წავედით, სადაც განცხადება ქონების დათმობის შესახებ, სანოტარო მოქმედებით დამოწმდა“, _ იხსენებს ბიზნესმენი.

სკანდალური დოკუმენტი, რომელიც მაშინ რამაზ ახვლედიანის ქონების დათმობის თაობაზე გააფორმეს 2015 წლის ოქტომბერში, ბიზნესმენის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" გაასაჯაროვეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახვლედიანს სრულად აქვს გადახდილი „ლისის ტბის“ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე დადებული საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა - 60416,43ლარი. თუმცა, მითითებულია, რომ „როგორც საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის განკარგულებით ჩემს მიმართ გათვალისწინებული იყო  რიგი ვალდებულებები უძრავი ქონების შემდგომი აღორძინებისა და განვითარების მიზნით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვალდებულებები ვერ შევასრულე სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ ჩემსა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1999 წლის 13 აპრილს დადებული საიჯარო ხელშეკრულებები და კომპენსაციის მიზნით, უკან დამიბრუნოთ ჩემს მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით გადახდილი თანხა. უარს ვამბობ, აგრეთვე პრეზიდენტის განკარგულებით ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63,5 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზე“ (სტილი დაცულია, ავტ.)“, _ ვკითხულობთ დოკუმენტში.

2006წლის 10 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის მიერ სახელმწიფოსთვის პირადი განცხადების საფუძველზე ლისის ტბის ქონების დათმობიდან მე-6 დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე, 2006წლის 14 ივლისის განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“.

2007წლის 31 იანვარს კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა  ბრძანება „დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 3 184 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გზის მარცხენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 353 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დამტკიცებული იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება.  აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობდა ლისის ტბის ის ნაკვეთებიც, რომელიც  რამაზ ახვლედიანსა და სს „ლისის ტბას“ ჩამოერთვა.

2007წლის 17 მაისს კი,  გაიმართა აუქციონი, სადაც  4 იურიდიული პირი მონაწილეობდა: შპს „ლისი-2007“ (დირექტორი ირაკლი კილაურიძე, უფლებამოსილი წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძე), შპს „ნიმროდი-საქართველო“ (უფლებამოსილი წარმომადგენელი ლაშა გოგიბერიძე), შპს „ლისი-ინვესტმენთი“ (უფლებამოსილი წარმომადგენელი ალბერ ალჰადეფი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო საზოგადოება „აი-აი-სი იელოუ ბ.ვ.“ (უფლებამოსილი წარმომადგენელი აბრაამ როიხმანი).

აღნიშნული მიწის ნაკვეთების გასაყიდ ფასად დაფიქსირდა 182 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. შედეგად, აუქციონში გამარჯვებულად  შპს „ლისი-2007“ გამოცხადდა.

„გურია ნიუსმა“ ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. აღნიშნული სტატია შესავალია იმ ციკლისა, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

ამავეთემაზე:

ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენა აღარ უნდა დააგვიანოს _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

აქვს თუ არა კავშირი ლისის ტბის საქმეს სისტემურ დანაშაულთან

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls