სისუსტე და ხშირი დაღლილობა. კანის სიყვითლე, მუცლის გარშემოწერილობის მომატება და სხეულზე ვარსკვლავის ფორმის სისხლძარღვების გამოჩენა - ეს ის პირველადი თვალსაჩინო სიპტომებია, რაც "ცე" ჰეპატიტს ახასიათებს და რომლის მატარებელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანია.

რაც შეეხება საქართველოში ინფიცირებულთა მონაცემებს, 2013 წლის 28 მაისს IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო სტატისტიკური ინფორმაცია 2006-2012 წლებში საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.

მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2006-2012 წლებში საქართველოში დაფიქსირდა C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირების 12 743 ახალი შემთხვევა, რომელთაგან ყველაზე დიდი ოდენობა - 2511 ახალი შემთხვევა,  2011 წელს ფიქსირდება.

საქართველოს, ოფიციალური მონაცემებით, ჰეპატიტის გავრცელების მხრივ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

"რიცხვი აშკარად გაიზარდა და ამას პაციენტების სიმრავლით ავხსნი. წლებია აქ ვმუშაობ. ადრეც მოდიდონენ ადამიანები და უდგინდებოდათ მათ ც ჰეპატიტი, თუმცა ახლა კვირა არ გავა ისე რომ ერთ ადამიანს მაინც არ დაუდგინდეს ეს ვირუსი. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სიტუაცია გაცილებით უფრო საგანგაშოა, რადგან ადამიანები ვერ ხვდებიან არიან თუ არა ისინი დაავადებულნი, რადგან "ცე" ჰეპატიტს, არ აქვს გამოკვეთილი ნიშნები, რითაც იგი ვლინდება. უბრალოდ მოდიან სხვა ჩივილებით, იკეთებენ სისხლის ანალიზს და უვლინდებათ დაავადება. წარმოგიდგენიათ მაინც რამდენი ადამიანი უჩივის რაღაცას, მაგრამ ვერ მოდის ექიმთან ანალიზების გასაკეთებლად? ანუ რამდენი პოტენციური "ცე" ჰეპატიტით დაავადებული ან ამ ვირუსის მატარებელი ადამიანი იქნება კიდევ? 10 ადამიანიდან ცხრამ არც კი იცის რომ "ცე" ჰეპატიტი აქვს.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, არც ესაა ზუსტი რიცხვი. ძალიან ბევრი მსოფლიოს ავტორიტეტული სამედიცინო უწყება გაცილებით საგანგაშო რიცხვს ასახელს, ესაა "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით მილიარდ-ნახევარიანი რიცხვი და მე ამის უფრო მჯერა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. როცა საქართველოში, სადაც საყოფაცხოვრებო თუ სექსუალური კულტურა რაღაც დონემდე მაინცაა განვითარებული, ამდენი ინფიცირებული გვყავს, წარმოიდგინეთ აზიის ქვეყნებში ალბათ ყოველი მეორე იქნება ვირუსით დაავადებული, ან მატარებელი მაინც. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას მასობრივი ეპიდემიისგან რამოდენიმე ნაბიჯი გვაშორებს. "ცე" ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია შიდსით დაავადებულებზე. ჯანდაცვის ორგანიზაციები გვეუბნებიან რომ 20-30 წელიც არაა იმისთვის საჭირო, რომ კაცობრიობის მთავარი საფრთხე შიდსი, "ცე" ჰეპატიტმა ჩაანაცვლოს. შესაძლოა უკვე ასეც იყოს და შიდსი გაცილებით უკანა პლანზე იდგას ვიდრე აღნიშნული ჰეპატიტი", _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბარში ექიმი ნანა ჩიქოვანი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით "ცე" ჰეპატიტით დაავადების მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: ეგვიპტე-22%, ტუნისი-9%, საქართველო-6,7%, პაკისტანი-6,5%, რუსეთი-4,5%, სომხეთი-3,5%, ჩინეთი-3,2%, იაპონია-2,3%, იტალია-2,2%, ამერიკა, საფრანგეთი, ავსტრალია-1,1%.

არსებობს  "ცე" ჰეპატიტის 6 ტიპი, საქართველოში კი პირველი სამია გავრცელებული. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მცხოვრებ "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს, გაცილებით მეტი შანსი აქვთ განიკურნონ თუკი მათი ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას 24 კვირიან სამკურნალო კურსში (ესაა ის მინიმალური დრო, რაც აუციელებლია "ცე" ჰეპატიტისგან გასათავისუფლებლად) 4 500 ევრო გადაიხადონ, 48 კვირიანი მკურნალობაში კი 9 000. საქართველოში ოფიციალური ანალიზი ც ჰეპატიტზე 15 ლარი ღირს, თუმცა მისი სიზუსტეც ეჭვქვეშაა. ზემოთ აღნიშნულ პრობლემას ემატება სადაზღვეო კომპანიების პარამეტრები, სადაც არცერთი კომპანია არ ფარავს "ცე" ჰეპატიტზე მკურნალობას. 

"ცე" ჰეპატიტით დაინფიცირება შემდეგი გზებით ხდება: სისხლის გადასხმა, ორგანოების პორტირება, ტრანსლაცია, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ინფიცირებული შპრიცით, არასტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი დაინფიცირებულთან, ვერტიკალური გადაცემა - მშობიარობის დროს, ორულობის და ძუძუთი კვების დროს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი კანდელაკი ამბობს ხშირია შემთხვევები, როცა "ცე" ჰეპატიტი პაციენტს სისხლის დონორისგან გადასდებია.

მსგავსი შემთხვევებისგან რომ საქართველოში მოქალაქე დაზღვეული არაა, ამას საქართველოს სისხლის ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჯემალ ნიკოლეიშვილიც ადასტურებს. მისივე თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად სისხლის გადასხმას საჭიროებს, შესაძლოა სხვა და სხვა ვენერიული დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებოდეს.

"ჩვენთან მოსული დონორი ავსებს სპეციალურ კითხვარს. შემდეგ აბარებს სისხლს, იღებს ამისთვის თავის კუთვნილ თანხას, 30 ლარს და მიდის. ამის შემდეგ ჩვენი ლაბორანტები ამოწმებენ სისხლის ჯგუფს და ასევე მოწმდება "ბე", "ცე" ჰეპატიტები, შიდსი და სიფილისი. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, თუ რამდენადაა პაციენტი დაცული, რომ მისთვის გადასხმული სისხლი არის უსაფრთხო, ამაში 100% გარანტიას ვერავინ მისცემს, რადგან შესაძლებელია ტესტი არ ვარგოდეს, რითაც დონორის სისხლი შემოწმდა, ან უბრალოდ ლაბორანტს გაეპაროს შეცდომა. შესაძლებელია ასევე, რომ სისხლის ჩაბარებისას იყოს "ფანჯარა მომენტი", როცა ვირუსი სისხლში არ ჩანს, ანუ საწყის ეტაპზე ტესტმა ვირუსი არ გამოავლინოს. მინიმუმ 3 თვე მაინცაა საჭირო ვირუსის აღმოსაჩენად. მაგრამ სანამ ეს დრო გავა, შესაძლოა არსებული სისხლი უკვე გამოიყენონ", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნიკოლეიშვილი.

protostar