თეონა აქუბარდია, ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2011 05:55
ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" რიყეზე რონალდ რეიგანის მონუმენტის გახსნის თემას ეხმიანება და წერს: "საქართველოს პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში რონალდ რეიგანის მონუმენტი გახსნა იმის ნიშნად, რომ აშშ-ს მე-40 პრეზიდენტმა "საბჭოთა იმპერია დაანგრია". აქვე მოყვანილია მონუმენტის გახსნისას წარმოთქმული პრეზიდენტ საკაშვილის სიტყვები. სტატიის დასასრულს ნათქვამია: "2008 წელს, საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში, რომელიც ორი სეპარატისტული პროვინციის გამო გაჩაღდა, რამაც რუსეთის და შეერთებული შტატების კავშირები ცივი ომის პერიოდის მდგომარეობამდე მიიყვანა.
"ფორინ პოლისი" აქვეყნებს ჯოშ როგინის სტატიას, სათაურით: "გადატვირთვას ბზარი გაუჩნდა? შეერთებული შტატები წყვეტს რუსეთთან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებას".
გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (CFE) შესახებ ხელშეკრულების შესრულებას იმის პასუხად, რომ 2007 წლიდან რუსეთი ამ შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ცივი ომის მიწურულს 1990 წელს, მიზნად ისახავდა ევროპაში ნატოს და რუსეთის მიერ განთავსებული ჩვეულებრივი შეიარაღების საკვანძო კატეგორიებთან დაკავშირებით შეზღუდების შემოღებას.
რუსეთმა CFE-ის პირობების დაცვა 2007 წელს შეწყვიტა: მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოვებას მოჰყვა ის, რომ ორგანიზაციამ დაარღვია შეთანხმებაში დაფიქსირებული შეზღუდვები, ეწინააღმდეგებოდა ნატოს წევრი-სახელმწიფოების მცდელობებს შეთანხმება რუსეთის არმიის საქართველოსა და მოლდავეთში ყოფნასთან დაეკავშირებინათ, და აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებული ამერიკის გეგმები ასევე არღვევდა ამ შეთანხმებას.
სტატიაში გაკრიტიკებულია ობამას ადმინისტრაცია და ნათქვამია, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსეთი უარს ამბობს საქართველოს ოკუპაციის დასრულებაზე, უაზრობა იყო მისი იძულება დაბრუნებოდა CFE-ით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. აქვე ნათქვამია, რომ ობამას გადაწყვეტილება განაგრძოს ამერიკის მონაცემების მიწოდება ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებზე შეთანხმების მონაწილე ყველა დანარჩენი წევრისთვის, არ შეესაბამება რუსეთის გადაწყვეტილებას არ მიაწოდოს მონაცემები ყველა მხარეს, იმავდროულად ის არ იქნება ეფექტური, რადგან მოსკოვი როგორც ჩანს მიიღებს მონაცემებს CFE-ის მონაწილე რამდენიმე სხვა წევრისგან, რომლებსაც მონაცემებს აშშ მიაწვდის.
ბრიტანული გამოცემა "ინდეფენდანთი" ეხმიანება თემას სტატიაში, სადაც საუბარია ბრიტანეთის მიერ რუსეთისათვის სამხედრო ინფორმაციის გადაცემის უარის თქმაზე, რასაც ითვალისწინებდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (CFE) შესახებ ხელშეკრულება და რომლიდანაც რუსეთი 2007 წელს გამოვიდა. სტატიაში მოყვანილია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დევიდ ლიდინგტონის განცხადება, რომლის თანახმადაც ყველა ძალისხმევა რუსეთთან ამ საკითხში თანამშრომლობისა ფუჭი აღმოჩნდა.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა იზრდება, – ნათქვამია სტატიაში და ამის დასტურად რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის გასულ კვირას გაკეთებული განცხადება მოჰყავს, სადაც ის აფრთხილებს დასავლეთს, რომ თუ არ მოხდება ევროპული სარაკეტო არქიტექტურის გადახედვა სარაკეტო ფარის განთავსებასთან დაკავშირებით, რუსეთი ოპერატიულ-ტაქტიკური ისქანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა განათავსებს პოლონეთის მოსაზღვრე კალინინგრადის რაიონში.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა