JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

ქართული პრესის დაიჯესტი 28.11.2011

რა მესიჯები გაუგზავნა უწმინდესმა და უნეტარესმა რუსეთში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლებას და რა საკითხებზე ისაუბრა მოსკოვში ორი ქვეყნის პატრიარქმა, რატომაა აუცილებელი ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგება და რატომ იზღუდებიან რუსეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები, ამ საკითხებზე გაზეთ "ვერსიას" პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე ესაუბრა. მისი თქმით პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში იმ ფონზე, როცა საქართველო-რუსეთს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობაა, მნიშვნელოვანია. კიკნაძის თქმით, ჩვენი პატრიარქი ბრძენი ადამიანია და კარგად ხედავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაწყვეტით პირველ რიგში საქართველო ზარალდება. "რუსეთი ცუდია თუ კარგი, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან თანამშრომლობა აუცილებელია. პატრიარქს კარგად ესმის შექმნილი ვითარების სიმძიმე, ამიტომაც გადადგა სარისკო ნაბიჯი და მოსკოვში ჩავიდა", _ აცხადებს თამარ კიკნაძე "ვერსიასთან" საუბრისას და დასძენს, რომ ის ისტერია, რაც მოჰყვა პატრიარქის რუსეთში ვიზიტს ხელისუფლების მხრიდან, იქმნება რუსეთისგან მტრის ხატის შექმნის და საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით. პროფესორს რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ქართული სახელმწიფოს ინტერესის გარდა ყველას ინტერესს ითვალისწინებს.

ამავე გაზეთთან ინტერვიუში ისტორიკოსი ნესტან კირთაძეც აფასებს ხელისუფლების რეაქციას პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით და აცხადებს: "როცა შენი ქვეყნის სულიერი მესაჭე, მხცოვანი პატრიარქი მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამას შენ ვერ აკეთებ, მინიმუმ ხელი მაინც არ უნდა შეუშალო და ყველას არ უნდა უჩვენო ორი საქართველო _ მიშა და მისი გუნდი და პატრიარქი და ერი! ეჭვი არავის შეეპაროს, რომს საქართველო წავა პატრიარქისა და ერის გზაზე. კირთაძის თქმით ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა მხოლოდ აღშფოთება, მათ შორის სასულიერო პირებშიც. პატრიარქი კი ძალიან თავშეკავებულია ასეთ დროს", _ ნათქვამია "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

რატომ შემოავლო მერიამ ღობე "ქართული ოცნების" მომავალ ოფისს _ ამ სათაურით აქვეყნებს დღევანდელი რეზონანსის "მთელი კვირა" სტატიას. შეგახსენებთ, რომ მერიამ კვირის დასაწყისში ივანიშვილის საკუთრებას ღობე შემოავლო. მერიის განცხადებით, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ეს უსაფრთხოების მიზნით გააკეთეს. პოლიტიკურ წრეებში კი ამ გადაწყვეტილებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ აღნიშნულ შენობაში საზოგადოებრივი მოძრაობა" "ქართული ოცნება" უნდა განთავსდეს. ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა მთელ კვირას განუცხადა, რომ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ქართულ ოცნებას ხელოვნური ბარიერები შეუქმნან. სესიაშვილი აქვე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მხარემ საქმე სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა ამ ეტაპზე ამ საქმეზე იურისტები მუშაობენ. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ თვითმმართველიო ერთეული შემოღობეს და სხვის საკუთრებაში არ შეხებიან. საუბარია ჟურნალისტთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ახალი თაობა" აქვეყნებს ლადო პაპავასთან ინტერვიუს სათაურით" ხელისუფლებამ შეიძლება ომი დაიწყოს". ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, ლადო პაპავას ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება აგონიაში იყოს. პაპავა ამას უფრო შემდგომ ეტაპზე ელის და არც იმას გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის შიგნით მდგომარეობა საომარ ვითარებამდე მიიყვანოს და რუსეთთან ომის საფრთხე შექმნას. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სერიოზული ბრძოლისთვის ემზადება და რომ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით პირველკაცობის დამთმობი არ არის და სამომავლო სცენარებს შორის ამერიკაში გაქცევასაც განიხილავს დევნილი პრეზიდენტის სტატუსით. პაპავა ახალ თაობასთან ინტერვიუში დასძენს, რომ თუ ხელისუფლებამ ომი დაიწყო, რუსებმა ვეჭვობ საზღვარი გადმოლახონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. "ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი. ამას უბრალოდ იმიტომ ვსაუბრობ, არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს" პაპავა არ გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც და ამას ბიუჯეტის არ მიღების ფაქტს არ უკავშირებს. მისი თქმით, არის რესურსი, რომელიც დაკავშირებულია მეშვიდე მინისტრის ცვლილებასთან. ექვსი მინისტრი უკვე შეიცვალა და მეშვიდე მინისტრის შეცვლის გამო მთავრობის ნდობის საკითხის დაყენებამ, შეიძლება მთავრობას პარლამენტი გადააყოლოს და რიგგარეშე არჩევნები დიანიშნოს. ექსპერტი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს და მას პრეზიდენტის განცხადებებს უკავშირებს იმის თაობებზე რომ 26 მაისს, ქუთაისში პარლამენტის სესია გაიმართება. პაპავა ასევე ეჭვქვეშ აყენებს დეპუტატთა რიცხოვნების 190-ამდე გაზრდის გადაწყვეტას. აცხადებს რომ თუ ივანიშვილის პარტიას მართლაც ექნება სერიოზული შანსი, რომ უმრავლესობით მოვიდნენ, შეიძლება ქრისტიან დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებას საერთოდ აღარ დასჭირდეს და თქვან რა საჭიროა დეპუტატების 190-მდე გაზრდაო. პაპავა აქვე დასძენს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ქრისტიან დემოკრატები მთლად ვერ ამოაგდოს იმიტომ რომ ამდენი ხანი ასეთი პიარი უკეთდებოდა. ახალი მემარჯვენეები კი საჭირო იყო მანამ, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა, _ აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"კვირის პალიტრა" პრესის წინააღმდეგ დაწყებულ ჯიხურების ომის თემას ეხმიანება. თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, პრესის გავრცელების ჯიხურები ერთიმეორეს მიყოლებით ქრება. მერიის ახალი პროექტით გათვალისწინებული ათასი ჯიხურიდან, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილას უნდა ჩაიდგას, უმეტესობა სწორედ იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც დღემდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა. ქალაქის მთავრობას, სწორედ ეს უსახური ჯიხურები არ მოსდის თვალში. სტატიის თანახმად, მთელი ამ პროექტი ძაღლის თავი იმ ხელშეკრულებაში მარხია, რომელსაც მერია მომავალ მენეჯერებთან გააფორმებს. ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტი კორუფციული გარიგების უპრეცენდენტოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ამიტომ მათ ინტერესებს უსამართლოდ ეწირება ყველა, ვინც კი გზაზე გადაეღობებათ. პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, მოუწოდებს მოსახლეობას გააპროტესტოს მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება და დასძენს, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ჟურნალ-გზეთებს, მით უფრო რომ ამ ჯერზე ძირითადად ცენტრალურ, ხალხმრავალ ადგილებში მდებარე ჯიხურებს მიადგნენ, სადაც რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი იყო. ამან კი შეზღუდა პრესის გავრცელება. მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფოს მიდგომა ბეჭდური მედიის, მისი გამავრცელებლის მიმართ ძალიან ლიბერალურია და ასეთი რამ არსად არ ხდება. ტუღუში "კვირის პალიტრასთანან" ცხადებს, რომ მერიისთვის მთავარი პრობლემა ჯიხური კი არ არის, არამედ ის, რაც ამ ჯიხურში იყიდება _ პრესა, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.

გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" რეგიონებში სასმელი წყლის ტარიფის გაძვირების შესახებ წერს. სემეკ-ის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, რეგიონებში, სასმელი წყლის ტარიფი გაიზარდა. ერთი ტონა სასმელი წყლის გადასახადმა 27 თეთრიდან 50 თეთრამდე მოიმატა.

სასმელი წყლის გაძვირებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილიც ადასტურებს: "აქამდე მოსახლეობა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიდა. ეს წესი შეიცვალა, ნოემბრიდან მოსახლეობა ყოველ დახარჯულ 1000 ლიტრ წყალზე 50 თეთრს გადაიხდის. აბონენტები გადაიხდიან იმდენს, რამდენსაც მრიცხველი დაწერს".

მისივე თქმით, არიან ოჯახები, რომლებიც წყლის გადასახადს ისევ ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით იხდიან: "დარჩენილია ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ სულადობით იხდიან, სულზე _ 1,77 ლარს. არიან ისეთი აბონენტებიც, რომლებსაც მრიცხველი დამონტაჟებული აქვთ, მაგრამ დალუქული არ არის, იმ მოტივით, რომ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ისინიც სულადობით იხდიან".

ადგილობრივები წყლის ტარიფის მომატებას უკმაყოფილოდ შეხვდნენ. "დაგვპირდნენ, 24 საათის განმავლობაში იქნება წყალიო, ამის გამო მრიცხველების დამონტაჟებასაც შევეგუეთ. როგორც ჩანს, ეს შორეული ოცნებაა. ოჯახში ბევრნი ვართ, ამიტომ, წყალსაც ბევრს ვხარჯავთ, 50 თეთრი კი ცოტა არ არის", _ ამბობს ლიანა კაპანაძე.

წყლის ტარიფის გაძვირებას სამართლიანს უწოდებენ სემეკეში და აცხადებენ, რომ მისი დადგენა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისად მოხდა. გაითვალისწინეს გამრიცხველიანების ხარჯებიც.

ექსპერტები რეგიონებში წყლის ტარიფის გაზრდას სულადობრივი გადასახადის გაბერილი მაჩვენებლის დამალვით ხსნიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 1კბ\მ წყლის საფასური ისევ 27 თეთრი დარჩებოდა, მაშინ კომპანიასა და მათ შორის, სემეკესაც, მოსახლეობისთვის იმის ახსნა დასჭირდებოდა, რის მიხედვით იყო განსაზღვრული ერთ სულზე გადასახდელი თანხის ოდენობა.

წინა გადაცემაში, გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაგაცანით სიტუაცია, თუ როგორ ცხოვრობენ ლტოლვილები ქუთაისში ერთ-ერთ კომპაქტური ჩასახლების ადგილებზე. სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ჟურნალისტს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გამოეხმაურა. აი, რას წერს მინისტრი: თქვენი ფიქრის და საფიქრალის შესაძლებლობების ზღვარს სცდება იმის წარმოდგენა, რომ მაგ თემაზე ნაფიქრიც და ნამუშევარიც გვაქვს.... მაგ ობიექტებიდან ოჯახების ნაწილი გადავიყვანეთ გარემონტებულ სხვა ობიექტებში და დავუკანონეთ ფართები. რაც შეეხება დანარჩენებს, ფოთში, ახალაშენებულ კორპუსებში გადასვლა შევთავაზეთ, მაგრამ არ მოინდომეს და ამიტომ, ისევ ქუთაისი ფარგლებში უნდა დავაკმაყოფილოთ. ობიექტურ შეფასებებში გიჭირთ აშკარად, რაც ძალიან სამწუხაროა, - წერს მინისტრი. საპასუხოდ, გამოცემა გაზეთის რამდენიმე გვერდზე, ფოტოდოკუმენტების თანხლებით აქვეყნებს მასალას, რეალურად როგორ პირობებში ცხოვრობენ დევნილები, მათ შორის, ეგრეთწოდებულ "გარემონტებულ ფართებში". აქედან მხოლოდ ერთს გაგაცნობთ: "ძალიან ცუდ ვითარებაში ვიმყოფებით, ავადმყოფი კაცი ვარ, დახმარება 22 ლარი, პენსია კი 77 ლარი მაქვს. ამ ფულით წამლები ვიყიდო თუ საკვები? წყალი ათი დღეა არ მინახავს, გაზი საერთოდ არ გვქონია, მარტო მილები გამოიყვანეს, შეღებეს ფასადი, გაალამაზეს დერეფნები და ეგ არის! როცა წვიმს, ფანჯრებიდან წყალი შემოდის, იატაკი მოძრაობს... ერთხელ მოვიდა მერის მოადგილე, მოიყვანა ფოტოაპარატიანი გოგონა, გადაიღეს, მაგრამ მერე კაციშვილი არ გამოჩენილა! _ ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში გარემონტებულ ფართში მცხოვრები ლტოლვილი.

გაზეთი "რუსთავის ამბებიც" ლტოლვილების თემას ეხმიანება. რუსთავში, ლომოურის 6-ში მცხოვრები 30 ოჯახი დახმარებას ითხოვს. სარდაფში მუდმივად წყალი დგას მიუხედავად იმისა, რომ საკანალიზაციო სისტემა ახალი გამოცვლილია. ლტოლვილებმა ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიაკითხეს და შესაბამის სამინისტროსაც, მაგრამ უშედეგოდ. სამინისტროს პრესსამსახურსს ჟურნალისტებმაც მიმართეს, მათ კი, კითხვების წერილობით გადაგზავნა მოითხოვეს, მაგრამ შემდეგ პასუხებისთვის თავი აღარ შეუწუხებიათ.

იმედია, მინისტრი ფეისბუკიდან მაინც შეეხმიანება რუსთაველ ჟურნალისტებს და მათი მეშვეობით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ლტოლვილებსაც მიაწვდენს ხმას.

25 ნოემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო პოლიკლინიკის პერსონალი გაიფიცა. საავადმყოფო გასულ წელს შპს "ადითმა" შეისყიდა. მანამდე მოსახლეობას "ასი ახალი საავადმყოფოს" პროგრამის ფარგლებში ახლი საავადმყოფოს აშენებას პირდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ მომსახურების ფასები გაძვირდა და პარალელურად, მედიკოსებს ხელფასები შეუმცირდათ. ისინი გამომუშავებაზე გადაიყვანეს.

ავადმყოფების მიღებაზე უარის თქმა მედიკოსებს იმან აიძულა, რომ მათ სამი თვის მიზერული ხელფასებიც "გაუყინეს" და პირდაპირ, მხოლოდ ოქტომბრის ხელფასები ჩაურიცხეს. სრული დატვირთვით მომუშავე საშუალო სამედიცინო პერსონალის ხელფასი, საშუალოდ, 50 ლარი გამოვიდა, 20-22 ლარი მიიღეს სანიტრებმა.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ექიმების პროტესტის მოგვარება არა ჯანდაცვის სამინისტრომ ან "ადითმა" ითავეს, არამედ, ექიმებთან სასაუბროდ გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსი და სხვა ჩინოსანი პოლიციელები მივიდნენ. "გურია ნიუსმა" მოახერხა კაბინეტური საუბრის ჩაწერა, რომელშიც კარგად ისმის, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის კურსში ჩაყენებას და ხელფასების სასწრაფოდ ჩარიცხვას გაფიცვის შეწყვეტის სანაცვლოდ, მათ პოლიცია პირდება. ამ ინფორმაციას რესპონდენტი ექიმები ვიდეოსიუჟეტშიც აფიქსირებენ, თუმცა, ვერ აუხსნიათ, რა შუაშია ექიმების ხელფასების გაცემასთან შინაგან საქმეთა მინისტრი!

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, თუშების აქციების ორგანიზატორის მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ზაზა ლაგაზიძის მეუღლე ნანა საბანაშვილი, რომელიც ახმეტის საავადმყოფოში ბუღალტრად მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზაზა ლაგაზიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ერთი თვის წინ წინ, ზემო ალვანში მცხოვრებმა თუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აქციის ამსახველი ვიდეომასალა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. იმავე დღეს, სოფელში, აქციის თითქმის ყველა მონაწილესთან, რომელთა ვინაობის ამოცნობაც ვიდეოდან შეძლეს, პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, პროტესტის გამოხატვა შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდათ. სამართლდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ბაინდურაშვილი რამდენიმე საათით დააკავეს კიდეც. აქციის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ზაზა ლაგაზიძე კი პოლიციაში დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს, რომ აქციას აღარ გამართავდა.


rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა