თეონა აქუბარდია, ია მამალაძე, ოთხშაბათი, 07 დეკემბერი 2011 19:05
"კვირის პალიტრა" გასული კვირის მნიშვნელოვან ამბებზე სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. ტელეკომპანია მაესტროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციოლოგი განმარტავს, რომ ნებისმიერი კოლიზია, რომელიც ამ არხის მაუწყებლობას შეაფერხებს ან მის იმიჯს დააზარალებს, კიდევ უფრო შელახავს ტელემედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით ბევრმა მაესტროში მომხდარი არეულობა იმედის სცენარს შეადარა. კაჭკაჭიშვილს მიაჩნია, რომ ამ სცენარის გამეორება შეუძლებელია, არა იმიტომ რომ ხელისუფლებას ასეთი განზრახვა ამ სურვილი არ შეიძლება გაუჩნდეს, იმიტომ რომ ამას ის ვეღარ გაიმეორებს. გარდა ამისა შეცვლილია ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების დამოკიდებულება, ამიტომ მისი ქმედებები ახლა გაცილებით ფრთხილად იწონება პოლიტიკურ სასწორზე-განმარტავს ის.
სოციოლოგი კვირის პალიტრას ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით გამოწვეულ ძალთა ბალანსის შეცვლაზეც ესაუბრა. მისი თქმით პოლიტიკურ ავანსცენაზე ორი პარტიული გუნდი დომინირებს: ნაციონალური მოძრაობა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა. აქვე კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი იქმნება იმ ოპოზიციური ელექტორატის ხარჯზე, რომლებსაც გული გაუტეხეს ბოლო წლებში ოპოზიციურმა პარტიებმა და თავის პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირეს რომელიმე ოპოზიციურ ძალას. ამასთან ერთად ივანიშვილმა იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე სიმპათიას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას უნაწილებდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა წაართვა ისეთ მეტნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორიცაა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი. კაჭკაჭიშვილი დასძენს, რომ ივანიშვილმა შეუტია ნაცმოძრაობის ელექტორატსაც. აშკარაა რომ "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა სინერგიული. ისეთი იდეოლოგები, როგორიცაა მემარჯვენეობა, მემარცხენოება და ასე შემდეგ, ზეგავლენას ვეღარ ახდენენ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ძალა ყველა ყაიდის ამომრჩეველს აწვდის საზრდოს. მეტიც, უკვე აღარ შეიძლება იმის დაბეჯითებით თქმა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. ეს ძალა აჩენს პირველ სერიოზულ იარას, მმართველი პარტიის მონოლითური ამომრჩევლის სხეულზე." აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი კვირის პალიტრასთან მიცემულ ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი იწყება. ასე ასათაურებს დღევანდელი ახალი თაობა სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 დეკემბრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარცელის განხილვა იწყება. ივანიშვილი სააკაშვილის იმ ბრძანებულების გაბათილებას მოითხოვს, რომლითაც მათ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ. სტატიაში ნათქვამია რომ მილიარდერი ჯერჯერობით თავს იკავებს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ხელახლა მინიჭების მოთხოვნით მიმართვაზე. ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, ეკა ბესელია ახალ თაობასთან ინტერვიუში აცხადებს რომ თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიზირებული და კანონზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას, რა საკვირველია უნდა გააუქმოს სააკაშვილის მიერ გამოცემული უკანონო აქტი მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე. თუ ის იქნება პოლიტიზებული და მიიღებს პოლიტიკურ დავალებას, მოიქცევა ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი ისურვებს. ბესალიას აზრით შესაძლოა სასამართლოში დაწყებული პროცესი თვეები გაგრძელდეს, მითუმეტეს თუ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში გახდება გასასაჩივრებელი. ბიძინა ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს რომ, ივანიშვილის მრჩევლებს დაცვის შესაბამისი სტრატეგია აქვთ შემუშავებული. ის აქვე საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ იურიდიული ჯგუფი, რომელიც ივანიშვილის მოქალაქეობის თემაზე მუშაობს, სასამართლოს მთავარ სხდომამდე ყველა მტკიცებულების გასაჯაროებას და საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენებას გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ სიმართლე მათ მხარესაა. ქუცნაშვილი დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის აღდგენით შეგროვებული ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, საზოგადოებას ჩააბარებენ ანგარიშს და ამ ხელმოწერებს წაიღებენ ევრო საბჭოში.
რეზონანსის მთელი კვირა აქვეყნებს სტატიას სათაურით "ხელისუფლება ვენეციის კომისიის შენიშვნებს მალავს" სტატიის თანახმად ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 31 გვერდიანი დასკვნა, სადაც დეტალურად არის განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები. განსაკუთრებული აქცენტი იმ ნორმებზეა გაკეთებული, რომელიც შესწორებას საჭიროებენ. ეს ნორმებია: ქვეყანაში ცხოვრების ზედმეტად ხანგრძლივი ვადის მოთხოვნის გამო არჩევნებში მონაწილეობის და კენჭისყრის შეზღუდვა; საარჩევნო ოლქების იმ სახით ფორმირება, რომლითაც თანაბარი საარჩევნო პრინციპი ირღვევა; ისეთი პირობების არსებობა, რომლებიც დამოუკიდებელ კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევენ კენჭი იყარონ; მექანიზმების უკმარისობა, რომლებიც ქალებს არჩევნებში მონაწილეობას გაუადვილებს; პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიებს დაფინანსების არასაკმარისი რეგულირება; საარჩევნო საკითხების გადაჭრის არასაკმარისობა. დასკვნის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვირვებელთა შეფასებით ზოგი დებულება, მათ შორის სახელისუფლებო კანდიდატების მეირ ადმინისტრაციული რესურსის რეგულაციის შესახებ, არასაკმარისად არის განხორციელებული. სტატიის თანახმად, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მათ ნამდვილად აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი. შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში საარჩევნო კამპანიების დროს. ვენეციის კომისიის შეფასებით ასეთი აკრძალვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს და ადამიანის ძირითად უფლებებს ეწინააღმდეგება. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება საარჩევნო კოდექსში დადებითად არის შეფასებული. თუმცა, სტატიის თანახმად იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების საკითხი საარჩევნო კოდექსის იმ ვარიანტში, რომელიც ვენეციის კომისიისთვის არის გაგზავნილი არ არის ასახული. უფრო მეტიც, ზაფხულში ოპოზიციური პარტიების ნაწილთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, იურიდიული პირებისთვის დაწესებული ლიმიტი ორმაგდება ისევე, როგორც ფიზიკური პირებისთვის. ამიტომაც ცხადია, რომ ეს ორი პროექტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როგორც ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე მთელ კვირასთან ინტერვიუში აცხადებს, პარტიების დაფინანსების სისტემა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ადვილი შესაძლებელი იქნება რომ ნებისმიერი პირისთვის მიცემული თანხა პარტიისთვის გაკეთებულ შემოწირულობად ჩაითვალოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
გაზეთი ვერსია აქვეყნებს ინტერვიუს სამართლიანი საქართველოს ლიდერთან, სერგო ჯავახაძესთან. სტატიის თანახმად, სერგო ჯავახაძეს პარტიამ ამავე პარტიის ყოფილი ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს სასამართლო დავა მოუგო უძრავი ქონება და აქტივები დაუყადაღა და ექსპრემიერს პარტიიდან გადინებულ 6000 ლარზე მეტს დააბრუნებინებს. ყადაღა ცხადია ნოღაიდელის კომპანია ნ-კონსალტინგსაც შეეხო, რომელმაც მაესტროს აპარატურა მიაქირავა. სტატიის თანახმად თუ თანხის სრულ შეგროვებას ნოღაიდელის 4 მანქანა და ავტოფარეხი არ ეყოფა, დიდი შანსია, აპარატურა, რომელსაც ამ დღეებში ღლონტი წინ და უკან დაატარებს, აუქციონზე გაიყიდოს და გაყიდული თანხა ან თავად ეს აპარატურა ნატურის სახით სერგო ჯავახაძემ ჩაიბაროს. სერგო ჯავახაძე ინტერვიუში აცხადებს, რომ ნ-კონსალტინგმა გადასცა ეროსი კიწმარიშვილს ის აპარატურა, რომლითაც მაესტრო მაუწყებლობს. მისი თქმით აპარატურა სასამართლო გადაწყვეტილებით რომ გაიყიდოს, როგორც ნოღაიდელის ქონება და ფული მას აუნაზღაურდეს, მისთვის ტექნიკური საკითხია. იმ შემთხვევაში თუ აპარატურა აუქციონზე არ გაიყიდება და რაიმე სქემა ამოტივტივდება, მაესტროზე ეთერსაც მოითხოვს. ჯავახაძე ახალი ხელშეკრულების გადმოცემასაც ითხოვს, რომელიც ნოღაიდელმა მისი თქმით გააყალბა. ნოღაიდელმა იქ ჩაწერა თითქოს ფული, რომელიც პარტიიდან მისი კომპანიის ანგარიშზე მიდიოდა აპარატურის კი არა, სკამების და მაგიდების დაქირავების თანხა იყო. სამართლიანი საქართველოს ლიდერი ითხოვს ამ ხელშეკრულების გაყალბების დადასტურებას სასამართლო ექსპერტიზის მიერ და აცხადებს, რომ ნოღაიდელს ამაზე პასუხს აგებინებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროსა და ფიროსმანში მცხოვრები 235 ოჯახი, ყურძნის ფულის დავალიანების დაფარვას ითხოვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულმა გლეხებმა განუცხადეს, კუთვნილი ფულის აღებას 7 წელია უშედეგოდ ცდილობენ.
გლეხებმა 2004 წელს, ყურძენი სოფელ ქვემო ქედის ღვინის ქარხანაში ჩააბარეს. დავალიანება საერთო ჯამში 538 ათასი ლარს შეადგენს. იმ პერიოდში ღვინის ქარხანამ "სახალხო ბანკიდან" კრედიტი აიღო, რომ მათთვის თანხა გადაეხადა, თუმცა მხოლოდ თანხის ნაწილი გაისტუმრა. ღვინის ქარხანას ბანკის ვალი დაუგროვდა და ხელშეკრულების თანახმად მისი უძრავ-მოძრავი ქონება ბანკს უნდა გადასცემოდა. ამჟამად ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორი საზღვარგარეთ იმყოფება. ქარხანა კი დაშალეს და გაყიდეს. დაზარალებულები დახმარების სათხოვნელად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მივიდნენ, თუმცა პრეზიდენტამდე არ შეუშვეს. უთხრეს, რომ წერილით მოგვმართეთო. შედეგი არც წერილობით მიმართვას გამოუღია _ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.
_ ამდენი წელია უკვე კუთვნილი ფულის აღებას ვითხოვთ, მაგრამ სამართალს ვერ ვპოულობთ. პრეზიდენტს ვთხოვთ, რომ ეს ფული აგვაღებინოს. სოფელი განადგურების პირას არის, უმეტესობამ ვენახები გავჩეხეთ", - აღნიშნეს დაზარალებულმა გლეხებმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
_ ყველა განსხვავებული, დაუმორჩილებელი, 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი ერთად, სპეცსკოლაში, _ ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, რომლის შესახებაც გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" წერს. კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გაიმართა.
კანონში "ზოგადი განათლების შესახებ" შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კანონს დაემატება ახალი თავი არასრულწლოვანის გადამისამართებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის თანახმად, გადამისამართება გახორციელდება დევიანტური ქცევის მქონე არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც უკვე შეუსრულდა 10 წელი. იქვე დაკონკრეტებულია, რომ დევიანტური ქცევა "ისეთ რთულ ან\და ანტისაზოგადოებრივ ქცევაში გამოიხატება, რომელიც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს". იმისთვის, რომ არასრულწლოვანი სპეცსკოლაში გადაამისამართონ, იგი "არაჯეროვან ქმედებებს 6 თვის განმავლობაში უნდა ავლენდეს". თუ მოსწავლე გამოსწორდება, ექვსი თვის მერე იგი ოჯახში დაბრუნდება, თუ არა _ კიდევ ექვსი თვე დარჩება სპეციალურ დაწესებულებაში.
კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვანის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფი, მასში შემავალი ქვეჯგუფების მეშვეობით მიიღებს.
იმ შემთხვევაში თუ ძნელადაღსაზრდელი მოსწავლე წინააღმდეგობას გაუწევს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, მისი გადაყვანის უფლება უკვე პოლიციელს ექნება.
გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი მშობელია, შემდეგ კი სოციალური მუშაკი. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს პირები პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდებიან, შემდეგ კი დ 1000-1000 ლარით. თუმცა არასრულწლოვანის მშობელს შვილის სკოლა-პანსიონში გადამისამართების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც ექნება.
არასრულწლოვანის სპეციალიზებულ სკოლაში გადაყვანის მოთხოვნის უფლება აქვს როგორც სკოლას და მშობელს, ისე უბნის ინსპექტორს, პროკურორს და სოციალურ მუშაკს, _ წერს გაზეთი.
გაზეთი "პოსტსკრიპტუმი" ქუთაისის საკრებულოში 30 ნოემბერს გამართული ხმაურიანი სხდომის მასალებს აქვეყნებს. საქმე მართლაც ტრაგიკული გახლავთ _ საკრებულოს ნაციონალი უმრავლესობა თვლის, რომ უფლება აქვთ საფლავები ხელმეორედ გაყიდონ. ჩანაფიქრის მიხედვით, თუ საფლავი მოუვლელია, დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, არ ადევს ძეგლი და საფლავის ქვა, დარღვეულია სანიტარული ნორმები, ვერ ხერხდება დასაფლავების თარიღის დადგენა, ასეთ საფლავზე განთავსდება საინფორმაციო დაფა და თუ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, კონკრეტულ საფლავს უფლებამოსილი პირი არ გამოუჩნდება, აღნიშნულ ტერიტორიას სახელმწიფო ხელმეორედ გაყიდის! მთავრობის მიერ პროექტის წარმოდგენისთანავე, სხდომა პროტესტის ნიშნად ახალი მემარჯვენეების დეპუტატმა მამუკა მღვდელაძემ სხდომა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: _ უბრალოდ, ვერ ავიტანე რა საკითხიც ამათ შემოიტანეს! როგორ შეიძლება, თუ ესენი ჩათვლიან, რომ საფლავზე სარეველაა ამოსული, სასაფლაო უნდა დაარბიო და მეორედ გაყიდო!" მიუხედავად იმისა, რომ საკითხს არც ქრისტიან-დემოკრატები დაეთანხმნენ, უმრავლესობამ საკითხი დაამტკიცა. გაზეთი იმ თანამოქალაქეებს დაუკავშირდა, რომლებიც სხვა ქალაქში და სულაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სამშობლოსთან ან მშობლიურ ქალაქთან კი მხოლოდ წინაპრების საფლავები აკავშირებს.
_ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვახერხებ ჩამოსვლას სწორედ იმისთვის, რომ მშობლების საფლავი გავწმინდო, ყველას ხომ არ აქვს საშუალება დამლაგებელი დაიქირავოს? მიწა საფლავისთვის ვიყიდე და ჩემს საკუთრებას მინდა მოვუვლი, მინდა არა... ერთადერთი, რაც ქალაქთან მაკავშირებს ოჯახის წევრთა საფლავებია. და ვერც ვერავინ შეეხება ჩემს გარეშე. აქამდე ამ მთავრობამ ცოცხლები გააღატაკა და ახლა მკვდრებით უნდათ ბიუჯეტის შევსება?! _ ასეთია მოქალაქეების დამოკიდებულება ქუთაისის ხელისუფლების ახალი ინიციატივის მიმართ.
ახალი ობიექტების, მშენებლობების გახსნა, ახალი მეგაპოლისების დაგეგმვა ჩვენი ყოველდღიური პროპაგანდის ნაწილად იქცა. თუმცა, რასაც ეკრანებზე ვხედავთ, წინასწარ მომზადებული, დადგმული და მკაცრად აღრიცხულია.
ობიექტების საზეიმოდ გახსნა და მშენებლობების დათვალიერება _ ამ ფუნქციის შესასრულებლად, 22 ნოემბერს ქუთაისს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. "ახალი გაზეთი" სათაურით "ქუთაისი სინგაპურიზაციის მიჯნაზე" ამ ვიზიტის გაუხმაურებელ დეტალებს აშუქებს. შენობებს რომ დასრულებული სახე ჰქონოდა, მუშებს 24-საათიან რეჟიმში მოუხდათ მუშაობა და ბოლო წუთებშიც კი მშენებლობა ფორსირებულად მიმდინარეობდა. პარალელურად, დახვედრის რეპეტიციას გადიოდნენ კადეტთა კორპუსის აღსაზრდელები, მოსახლეობის მობილიზაციას კი უბნის კოორდინატორები ახდენდნენ და გამოცხადებულ მოქალაქეებს სიებში აღრიცხავდნენ. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს დაპროექტებული მთავრობის სახლი მინისა და ლითონის კონსტრუქციებისგან შედგება. სწორედ მისი გახსნისას თქვა პრეზიდენტმა, რომ ქუთაისის ცენტრი, რომელიც ახლა შენდება, რუსი ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილი იყო, სადაც ისინი თავის ბინძურ საცვლებს ფენდნენ ყველას დასანახად. "ამ ბინძური საცვლების ლოკვა მოენატრა ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი. ჩვენ გვინდა წავიდეთ იქ, სადაც ჩვენი მომავალი იქნება დაცული. რუსეთის დღევანდელ ლიდერებს პიროვნულად ეზიზღებათ საქართველო. მე სიამოვნებით გავუგზავნიდი ჩემი სხეულის ყველა ნაწილს, თუ ამის სანაცვლოდ დაგვიბრუნებენ ტერიტორიის ნაწილს მაინც," _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ახალი, მეორე დედაქალაქის მშენებლობის შესახებ გვამცნო, რომლის აშენებასაც ანაკლიასა და ყულევს შორის გეგმავს და რომლის სახელწოდებაც უკვე შერჩეული აქვს _ ლაზიკაში ნახევარი მილიონი მოქალაქე იცხოვრებს.
საინტერესოა, უმეტეს შემთხვევაში რა გაგრძელებები მოჰყვება ამგვარ გრანდიოზულ პროექტებს, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია იგი, თუ ამგვარ ისტორიებში ვინმეს კერძო ინტერესიც იკვეთება.
გაზეთი "გურია ნიუსი" სტატიაში "ნაცნობი კომპანიის უცნობი საქმიანობა", სუფსის პორტის გაპიარებული მშენებლობის დეტალებს არკვევს. სუფსის პორტის მშენებლობის გამოცხადებისთანავე, გრიგოლეთში მასიურად მოხდა კერძო საკუთრების ხელყოფა. მოქალაქეებს, რომლებიც აქ მიწის ნაკვეთებს გასული საუკუნის 90-წლებიდან სარგებლობდნენ, შემდგომ კი პრივატიზების წესით კერძი საკუთრებაში გადაეცათ, ერთ დღეს კუთვნილი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადაცემული დახვდათ. საგულისხმოა, რომ მოქალაქეებს მიწის აზომვითი ნახაზების ელექტრონული ვერსიები მოთხოვეს, 50-50 ლარი გადაახდევინეს, მესაკუთრეებს დამატებით 52 ლარის გადახდა ბანკებში მოუხდათ. ამის შემდეგ, კი სახელმწიფოსგან ოფიციალური პასუხი მოუვიდათ, რომ მათი საკუთრება უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის იყო გადაცემული.
პარალელურად, გაურკვეველი შუამავლები, ცდილობდნენ ადგილზე მცხოვრები მოქალაქეებისგან მიწები იაფად შეეძინათ და მერე, კომპენსაციის სახით უფრო მეტი თანხა მიეღოთ. მოქალაქეებს, რომლებიც უარს ამბობდნენ საცხოვრებლის იაფად გაყიდვაზე, პირდაპირ ემუქრებოდნენ, რომ მათ იძულებით მიწის გაყიდვა ან სახელმწიფოს "სასარგებლოდ" მიტოვება მოუწევდათ და მუქარაც შეასრულეს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი გზით ებრძოლა, ამაოდ ელოდება სპეციალური კომისიის ადგილზე ჩასვლას და დასკვნას, რომლის საფუძველზეც, გაჭიანურებული სასამართლო პროცესი უნდა დასრულდეს და გადაწყვეტილება იქნეს გამოტანილი.
როგორ აღმოჩნდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოქალაქეებისთვის გაუფრთხილებლად ჩამორთმეული მიწები ახლადდარეგისტრირებული კომპანია "ბლექ-სი-პროდაქტის" საკუთრებაში, რომელიც გურიის რეგიონში 445 338 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს, ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები, მიმდინარეობს თუ არა სუფსის პორტის გრანდიოზული მშენებლობა, _ ამ საკითხის გარკვევას, "გურია ნიუსის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან შორენა ღლონტთან ერთად შევეცდებით.
ახალშობილი კომპანია, რომელსაც ამბიცია აქვს 720-მილიონიანი ინვესტიციის გახორციელებაზე
"გურია ნიუსი" _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ბლექ-სი-პროდაქტი" 2008 წლის 10 ოქტომბერს დაფუძნდა. თავდაპირველად, კომპანიის დირექტორი ქალაქ სოხუმში 1971 წელს დაბადებული სარდიონ მაქაცარია იყო. თუმცა, 2009 წლის 17 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, მაქაცარია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი ადგილი თბილისში მცხოვრებმა შალვა წაქაძემ დაიკავა.
ხსენებული კომპანიის დამფუძნებლები ოთხი ფიზიკური და ერთიც იურიდიული პირი "ემ ენდ დი ინტერნეიშნალ თრედინგანგ-ია", რომელიც შვეიცარიაში ცუგის კანტონის სავაჭრო რეესტრშია დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების თანახმად, აღნიშნული კომპანიის შესახებ მონაცემები ძალიან ხშირად იცვლება.
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას თევზჭერის, თევზის მრეწველობის და გადამუშავების, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოებისა და სხვა საქმიანობის უფლება აქვს.
შენდება თუ არა სუფსის პორტი?
ინფორმაცია სუფსის პორტის აშენების შესახებ, ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა.
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქართულ-უცხოური კომპანია "ბლექ-სი პროდაქტის" დირექტორმა შალვა წაქაძემ სუფსის პორტის პრეზენტაცია გამართა. "ბლექ სი პროდაქტმა" 2009 წელს ხელშეკრულება გააფორმა ეკონომიკის სამინისტროსთან და აიღო პასუხისმგებლობა სუფსის პორტის მშენებლობაზე," _ ეს ინფორმაცია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 2010 წლის, 16 ივლისს განთავსდა.
"აშენდება თუ არა სუფსის პორტი, ეს კიდევ გასარკვევია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მართალია სუფსაში, რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა, აქ პორტი არც აშენდეს და მიწები, რომლის შესყიდვაც შპს "ბლექ-სი პროდაქტს" სურს და რომლის ნაწილიც აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეისყიდა, სულაც სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული", _ ეს ინფორმაცია "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა.
"გურია ნიუსმა" შპს "ბლექ-სი პროდაქტის" სადამფუძნებლო დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2010 წლის 12 აგვისტოს მიმართა. ეროვნული სააგენტოდან გასული წლის 16 აგვისტოს მიღებულ ოფიციალურ წერილში მხოლოდ შპს "ბლექ-სი პროდაქტის" რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდია მითითებული.
"დოკუმენტაცია შეადგენს 211 გვერდს და "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის II პუნქტის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადებისთვის (1 გვერდი) დადგენილია საფასური 0.50 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია წერილში.
"პროექტის სქემის მიხედვით, პორტი მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით გაშენდება მდინარე სუფსის ორივე სანაპიროზე დაბა ურეკის რკინიგზის სადგურამდე. ნავსადგურს 6 ნავმისადგომი და ე.წ. "მშრალი პორტი" ექნება", _ ირწმუნებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები.
ასევე, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოწვეული ინდოელი სპეციალისტების კვლევების მიხედვით სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან არსებობს 20 მეტრი სიღრმის კანიონი, რომელიც მათი გათვლებით ხელს შეუწყობს პორტში ყველა იმ სიმძიმის გემის შემოსვლას, რომელიც გადმოლახავს ბოსფორის სრუტეს. "ბლექ სი პროდაქტის" დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ სუფსის პორტს იაქსის წევრი ორგანიზაციების ყველა კლასი მიენიჭება.
"თბილისში რეგისტრირებული ქართულ-ამერიკული კომპანია "ბლექ სი პროდაქტი" სუფსაში პორტის მშენებლობას შეუდგა. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის მომზადება და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება, 46 ჰექტარზე (უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია). სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული "საქჰიდროენერგომშენი", რომელსაც დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 100 ადგილობრივი მცხოვრები. პორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ კი, როგორც "ბლექ-სი პროდაქტი" აცხადებს, დაახლოებით 2 500 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 2012 წლის ბოლომდე 600-700 მილიონი დოლარი დაიხარჯება. წინასწარი გათვლებით, სუფსის პორტში საშუალო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 40 მილიონი ტონა იქნება. "ბლექ სი პროდაქტის" მესვეურთა ცნობით, იმპორტზე უკვე სერიოზული განაცხადი აქვს ყაზახეთს, რაც თავისთავად დიდი შანსია ჩვენი ქვეყნისთვის", _ ვკითხულობთ გაზეთ "ახალი 7 დღის" ვებგვერდზე.
იმ ფართობზე, სადაც პორტი 2012 წელს უნდა იყოს აშენებული, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. სამუშაოები არც ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობდა. ტბა, რომელიც იქვეა, არ ამოუშრიათ. როგორც აქაურები ამბობენ, ზაფხულის შემდეგ იქ არავინ მისულა და არც რაიმე ტექნიკის გადაადგილება შეუნიშნავთ.
"მხოლოდ გზა გაკეთდა ყანების ნაპირზე, დაყრილია ქვა-ღორღი. აქაურებს დაპირდნენ, რომ ეს დროებითი იყო და ადგილზე მისასვლელად გზა სჭირდებოდათ, თუმცა, ამ პასუხით აიკრეს გუდა-ნაბადი და აქ აღარავინ გამოჩენილა", _ თქვა გრიგოლეთში მცხოვრებმა "გურია ნიუსთან" საუბარში.
P.S. ერთადერთი რაც მოვიძიეთ, შალვა წაქაძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაშია დასაქმებული, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა ეს ის შალვა წაქაძე, რომელიც კომპანია "ბლექ-სი-პროდაქტის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა