თეონა აქუბარდია, ია მამალაძე, ორშაბათი, 12 დეკემბერი 2011 21:40
ამ კვირის ქართული გაზეთების მთავარი თემა გუშინ გამართული "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გახლავთ. გაზეთები მიმოიხილავენ გუშინდელ პრეზენტაციას და მკითხველს ექსპერტთა თუ პოლიტიკოსთა კომენტარებს სთავაზობენ თემაზე.
"კვირის პალიტრა" აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან, სადაც ის გასული კვირის მთავარ მოვლენებს და "ქართული ოცნების" პრეზენტაციას აჯამებს.
"ხელისუფლებას შეიძლება სანანებლად გაუხდეს, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არ შეუშვა პოლიტიკურ ველში და ახლა საზოგადოებრივ ველში მოუწევს მასთან დაპირისპირება. ეს კი, რასაკვირველია, სახელისუფლებო პარტიისთვის ნაკლებად პერსპექტიულია - საზოგადოება არ არის ის მანქურთთა ბრბო, რომლის შექმნაზეც ოცნებობს საქართველოს ხელისუფლება და ზოგჯერ არცთუ უშედეგოდ. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნება - უამრავი მეოცნებე ქართველი იძულებულია საზღვარგარეთ ცხოვრობდეს და 11 დეკემბერი მათი ოცნების დღეცაა, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა თანდათან მომძლავრდება. ივანიშვილი თავისი ბიოგრაფიით ამერიკული ოცნების ქართული ვარიანტია", - აცხადებს პოლიტოლოგი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში. სათაურით სააკაშვილს პუტინის აგენტები უშლიან ნერვებს, პუტინს ობამასი.
რეზონანსის "მთელი კვირა" აქვეყნებს სტატიას სათაურით "კალაძის ბოდიში და ივანიშვილის გეგმა". სტატიაში ქრონოლოგიურადაა აღწერილი პრეზენტაციაზე გამომსვლელთა სიტყვა და მოყვანილია ციტატები კახი კალაძის, რატი ამაღლობელის და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებიდან.
"ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ მოვალეობა გვაქვს იმისა, რომ ვიხადოთ ჯარიმები და გადასახადები. სინამდვილეში კი მოვალეობების გარდა უფლებებიც გაგვაჩნია", _ განაცხადა კახი კალაძემ თავის სიტყვაში. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ერთ-ერთ მატჩზე საკუთარ კარებში გატანილ გოლებზე და დასძინა, რომ კარგი იქნებოდა თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებმაც არა ერთი თამაშით, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ავტოგოლები მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.
სტატიაში ვრცელი ადგილი უკავია ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. მისი თქმით "ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება." ივანიშვილმა თავის სიტყვაში იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებამ საქართველო ქართულ ოცნების ასრულებამდე უნდა მიიყვანოს.
"ახალი თაობა" მკითხველს ირაკლი მელაშვილის ინტერვიუს სთავაზობს, სადაც ის გასულ კვირას IR-ის და იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევების შედეგად დადებულ რეიტინგებს აფასებს. მელაშვილი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი მეტ-ნაკლებად თანაბრად მიდიან რეიტინგებში. მისი თქმით ივანიშვილმა ჯერჯერობით რაც მოახერხა ის არის, რომ მაქსიმალურად მობოჭა ოპოზიციური ელექტორატი და მის ირგვლივ გააერთიანა, რაც კარგია, თუმცა ახლა უნდა დაიწყოს მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს სააკაშვილისთვის ელექტორატის წართმევის პროცესს. მელაშვილი დასძენს, რომ ეს პროცესი კვლევების თანახმად მაინცდამაინც წარმატებულად ვერ მიდის. მეტიც, რაღაც მომენტში ივანიშვილის გამოჩენამ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდირება. მოჰყვა. მელაშვილი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში დასძენს, რომ ივანიშვილს ყველაზე რთული სამუშაო ახლა ელის რაც ორგანიზაციულ საქმეს უკავშირდება და რაც მას აქამდეც უნდა დაეწყო. მისი თქმით შესარჩევია 3700 საარჩევნო უბანზე ხალხი, რაც მთავარია მაჟორიტარული კანდიდატებიც. "ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის სიბრიყვე, აყვირა საკონსტიტუციო ცვილებებზე", _ აცხადებს მელაშვილი და დასასრულს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ დაინახა, რომ ივანიშვილი მზად არ არის არჩევნებისთვის, არ გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლება ყველა სცენარისთვის ემზადება, განსხვავებით ოპოზიციისგან.
რამდენი მილიონი ლარი სჭირდება ოპოზიციას ნაციონალების არჩევნებში დასამარცხებლად _ ასე ასათაურებს "ვერსია" სტატიას, სადაც საუბარია იმ მიზეზებზე, რის გამოც ოპოზიცია მარცხდებოდა ხელისუფლებასთან ბრძოლაში საარჩევნო პერიოდებისას. სტატიის თანახმად ოპოზიციის აპელირების მთავარი საგანი ყოველთვის ფინანსები იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში ხარჯავდა" ადგილობრივში _ 11მილიონი, საპარლამენტოში _ 12, საპრეზიდენტოში _ მილიარდი. სტატიის ავტორი აქედან გამომდინარე სვამს კითხვას, თუ რა თანხა და კონფიგურაცია სჭირდება ოპოზიციას იმისთვის, რომ თავი ნაციონალებთან გათანაბრებულ პირობებში იგრძნოს. "ვერსიამ" IR-ის კვლევებიდან გამოვლენილ სამ ძირითად პოლიტიკურ ძალის წარმომადგენლებს დაუსვა ეს კითხვა, რის პასუხადაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ, რომელსაც სხვათაშორის ბიუჯეტიდან თვეში 60 ათასი ლარის დაფინანსება აქვს, განაცხადა, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად მის პარტიას თითო უბანზე 4 კაცი სჭირდება. 2-თვიანი საარჩევნო კამპანიის პირობებში კი თვეში 2 აგიტატორზე და 2 დამკვირვებელზე 300ლარიანი ხელფასის გათვალისწინებით 3700 საარჩევნო უბნის გათვალისწინებით 4 მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო. ეს თანხა კი მხოლოდ ადამიანურ რესურსს გულისხმობს. ვეფხვაძის თქმით სააგიტაციო გაზეთის გასაკეთებლად დამატებით 50 ათასი ლარი, ბილბორდებისთვის კი 200 000-ია საჭირო. ამას დამატებული 1000 მიკროავტობუსი თავის საწვავით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ადის. ანუ უხეში გათვლებით ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერი 6 მილიონიან დაფინანსების შემთხვევაში საარჩევნო კამპანიისას საკმარისად მიიჩნევს.
ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი კობა დავითაშვილი კი საკმარის თანხად ნაციონალებთან საარჩევნო კამპანიისას საბრძოლველად 36 მილიონ ლარს ასახელებს. სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ახალი მემარჯვენეები 5-6 მილიონ ლარს გამოცდილი პიარ-კომპანიიის დასაქირავებლად გამოიყენებდნენ, თუმცა ვერსიასთან საუბრისას აცხადებენ რომ ვერც მილიონით და ვერც მილიარდებით არჩევნებს ვერ მოიგებ, თუ არ გყავს ერთგული პოლიტიკური გუნდი, კარგად მომზადებული პარტიული კადრები და სწორედ გათვლილი მენეჯმენტი.
რეგიონული მედიის მიმოხილვის მთავარი თემა იყო მუნიციპალიტეტების ძირითადი ფინანსური დოკუმენტის _ 2012 წლის ბიუჯეტების ფორმირების და დაგეგმვის ძირითადი აქცენტები. როგორ იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტები, რაში იხარჯება საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები, რა გვიჯდება ადგილობრივი ხელისუფლების შენახვა და მართლაც მოქალაქეთა სოციალური დაცვაა თუ არა ქვეყანაში პრიორიტეტული?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ქუთაისიდან "ახალი გაზეთის" ჟურნალისტი თეა ზიბზიბაძე, ხარაგაულიდან გაზეთის "ჩემი ხარაგაული" ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ჩაგვერთნენ. ხოლო სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ოთარ კიკვაძე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 დეპუტატია, თუმცა, საკუთარი ინიციატივით ფულადი ჯილდოს დაწესება მხოლოდ ერთს, ზურაბ ოტიაშვილს შეუძლია. ოტიაშვილი საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით გასული დეპუტატია. ის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ნდობით აღჭურვილი პირია. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზურაბ ოტიაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
მაგალითად, ჟინვალის კულტურის სახლში მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ თორნიკე თათარაშვილთან შეხვედრისას, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ცარო საძაგლიშვილმა, ჩემპიონს საკრებულოს რიგითი წევრის ზურაბ ოტიაშვილის ინიციატივით დაწესებული 500-ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა".
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ფულადი ჯილდო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულს გადაეცა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.
"ზურაბ ოტიაშვილის ინიციატივით მოხდა 500-ლარიანი ჯილდოს დაწესება. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზეც არის აღნიშნული. რა, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულს არ უნდა მიეღო ფულადი ჯილდო თუ ზურაბ ოტიაშვილს არ ჰქონდა ჯილდოს დაწესების თაობაზე ინიციატივის წამოყენების უფლება?" - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გამგეობის სამსახურებში 228 ადამიანია დასაქმებული. მათ ხელფასზე თვეში 84 735, ხოლო წელიწადში 1 016 820 ლარი იხარჯება. მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე თანამშრომლების მუშაობით კმაყოფილია და ყველა მათგანს კვარტალში ერთხელ პრემიას უწერს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნების _ გამგებლის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების სახელფასო ანაზღაურება თვეში 5 960 ლარია. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ აბაშიძე ხელფასის სახით თვეში 2 360 ლარს იღებს.
მცხეთის გამგეობის და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები ხელფასის გარდა, პრემიებსაც იღებენ. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მცხეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, იოსებ ლეგენდარაშვილმა განუცხადა, გამგეობის და გამგეობის სამსახურების ყველა თანამშრომელი კვარტალში ერთხელ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიას იღებს. კვარტალური პრემიის ფონდი 70 ათასი ლარია, რაც წელიწადში 280 ათას ლარს შეადგენს.
"ბიუჯეტი გვაძლევდა პრემიების გაცემის შესაძლებლობას. მე ჩემი თანამშრომლებით კმაყოფილი ვარ. ისინი ხალხს პატიოსნად ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად კარგად ვერ მუშაობს. შეიძლება, ზოგიერთი თანამშრომელი პრემიას საერთოდ არ იმსახურებდეს. მაგრამ, მარტო 5-10 კაცს რომ მისცე პრემია, ამან შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ, ყველას ვაძლევთ. 2012 წლიდან პრემიების გაცემას აღარ ვგეგმავთ. ამ თანხას სოციალურ დახმარებებსა და სხვადასხვა სამუშაოებზე გადავამისამართებთ. გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ. პრემიების გაცემის თაობაზე საკრებულო იმსჯელებს და ერთობლივად გადავწყვეტთ," _ განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანდრო კალანდაძემ.
მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი თელავში საპატრულო რადარებისა და ვიდეოთვალის დამონტაჟების ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას აპროტესტებს.
როგორც რადიო "ჰერეთს" მოსიაშვილმა განუცხადა, იმ დროს როდესაც თელავში ბევრი სოციალურად დაუცველია, არ შეიძლება მუნიციპალიტეტის საკრებულომ 59 000 ლარი სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის მიმართოს.
ოპოზიციონერის განმარტებით, ვიდეო-კონტროლის დასაფინანსებლად თანხები არა ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მათ შორის შს სამინისტროდან შეიძლებოდა დახარჯულიყო.
ბრალდებებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება. ზურაბ ბუცხრიკიძის განცხადებით, საკრებულომ მოქალაქეების მოძრაობის უსაფრთხოება დააფინანსა, რაც აუცილებლობას წარმოადგენდა.
ბუცხრიკიძეს მიაჩნია, რომ თანხების მხოლოდ სოციალურ პროგრამებში მობილიზება სწორი არ იქნება, რადგან თანხები ფული სფეროში საჭიროებების მიხედვით უნდა გადანაწილდეს.
ლანჩხუთის ბიუჯეტის 48,7 % ადმინისტრაციულ ხარჯზე მოდის, ხოლო აიპ-ების დაფინანსებას ბიუჯეტის 42,3 % უკავია, რაც საერთო ჯამში, ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული თანხის 91% შეადგენს, _ წერს გაზეთი "გურია ნიუსი".
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ფინანსური დოკუმენტი 5 241 600 ლარით განისაზღვრა. მთავარი პრიორიტეტი, როგორც ამას ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, არა სოციალური დაცვა, არამედ ადმინისტრაციული ხარჯი, ე.წ. აიპ-ების თანამშრომლების შენახვა და სპორტულ-კულტურული პროგრამების დაფინანსებაა.
ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილებაა პოლიციისთვის ფინანსების გამოყოფა. მომავალი წლის ბიუჯეტში პოლიციის დაფინანსება 62 000 ლარით არის განსაზღვრული.
გაზეთ "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 242.9 ათასი ლარია. აქედან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 1 288.0 ათასი ლარი!
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებზე, სპორტულ ღონისძიებებზე თითქმის სამჯერ ნაკლები თანხაა გათვალისწინებული _ 275.0 ათასი ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დაფინანსება სულაც არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, ჩოხატაურის ხელისუფლებამ 60 000 ლარი პოლიციას უფეშქაშა და ოზურგეთის ხელისუფლებასაც კი "გადაუსწრო", რომელმაც თითქმის 6 მილიონი ლარით დიდი ბიუჯეტიდან პოლიციისთვის 55 000-ლარიანი ხარკი გაიღო.
მართალია, ხარჯების და საქმიანობის დასასაბუთებლად თავი არ შეუწუხებია "გურიის განვითარების სააგენტოს", მაგრამ ბიუჯეტიდან 11 000 ლარი მაინც ერგო. და ეს მაშინ, როცა ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ბიუჯეტის განხილვისას ვერ გასცა პასუხი ჟურნალისტების შეკითხვას, რას საქმიანობს ეს სააგენტო და რისთვის იღებენ ხელფასებს მისი თანამშრომლები. საგულისხმოა, რომ ამ ორგანიზაციის ძირითადი თანამშრომლები ყოფილი ჩინოვნიკები არიან.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, აქ ბიუჯეტის დამტკიცებისას, კანონის დარღვევასაც კი ჰქონდა ადგილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 89-ე მუხლის თანახმად, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზევეა გამოქვეყნებული, "ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით". ანუ ბიუჯეტის დამტკიცებას ხმა უნდა მისცეს 19 დეპუტატმა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოთხი საათის განმავლობაში, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დაცარიელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტია კვორუმის პრობლემის წინაშე დადგა. ამიტომ, შესვენება გამოაცხადეს და კენჭისყრის დაწყების წინ, ორი დეპუტატის "მობილიზება" შეძლეს. დეპუტატთა საერთო რაოდენობამ 22 შეადგინა. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა დარბაზში მყოფმა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მაგრამ ამის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი 18 ხმით, ტაშის კვრით, მიიჩნია დამტკიცებულად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 მილიონ 692 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან, როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავარ პრიორიტეტად კულტურის სფერო განსაზღვრა. პროექტის მიხედვით, კულტურულ ღონისძიებებზე 2 193.8 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 22,63 % შეადგენს. შემდეგ მოდის ადმინისტრაციული ხარჯი _ ბიუჯეტის 16,64%, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულთა ხარჯი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 31 თანამშრომლის ხელფასზე 248.5 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს დაფინანსებაზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ბიუჯეტით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსება, როლებსაც საკრებულოები აფუძნებს 3 791.3 ათას ლარს შეადგენდა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, დაფინანსება 737.7 ათასი ლარით იზრდება და 4 529.0 ათას ლარამდე ადის.
სოციალურ სფეროზე ბიუჯეტის მხოლოდ 6,84% დაიხარჯება.
2011 წლის ბიუჯეტით, სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსებაზე გამოყოფილი იყო 115.0 ათასი ლარი. ეს თანხა, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემცირებულია და შეადგენს 55.0 ათას ლარს.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა