თეონა აქუბარდია, ია მამალაძე, ორშაბათი, 23 იანვარი 2012 09:37
რეზონანსის "მთელი კვირა" აქვეყნებს სტატიას სათაურით: "კიდევ რა იურიდიულ დაბრკოლებებს შეუქმნიან ივანიშვილს", რომლის თანახმადაც ერთადერთი მექანიზმი, რაც ხელისუფლებას გააჩნია, არის მისი მოქალაქეობის საკითხის სასამართლოში გადატანა და ამ პროცედურის მაქსიმალურ ვადებში გაჭიმვა. სტატიის მიხედვით ეს ასევე ეხება ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძესთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსამართლემ უკანონოდ ცნო პრეზიდენტის ბრძანებულება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
ხელისუფლებას მაინც რჩება ბერკეტი იმისთვის, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აღსრულებამდე დროში გაწელოს, ამისთვის კი ელემენტარულად პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებები ყველა ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს და ამასთან ეს კანონით დადგენილ ვადების ბოლოს უნდა მოხდეს, რამაც ჯამში შეიძლება 1 წლამდე გაწელოს ეს პროცესი, _ ნათქვამია მთელი კვირის სტატიაში. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ თუკი სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისიც გასათვალისწინებელია თუ როგორ შეხვდება ამას საერთაშორისო საზოგადოება და რომ პრეზიდენტს მათი უკმაყოფილება არანაირად არ უნდა აწყობდეს. რაც შეეხება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, "მთელ კვირასთან" ინტერვიუში იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თეორიულად პრეზიდენტს შეუძლია მისთვის მოქალაქეობის მიცემის პროცედურა მაქსიმუმ 90 დღემდე გაწელოს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ სააკაშვილი რას მოიმოქმედებს ამასთან დაკავშირებით არავინ იცის. "აქ ერთადერთი ხიფათი იმისა, არის ის, რომ პრეზიდენტმა უარი თქვას ივანიშვილის მოქალაქედ მიღებაზე და ამით გზა გაუხსნას სასამართლო პროცესს. სასამართლოს შემთხვევაში კი მოქმედებას იწყებს ის ვადები, რამაც შეიძლება გაჭიმოს დრო", _ განმარტავს ქუცნაშვილი მთელ კვირასთან. რაც შეეხება თავად პარტიის შექმნას, როგორც სამართლის დარგში ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს გამოცემასთან ინტერვიუში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას თავად ივანიშვილი ან მისი მეუღლე, თუმცა აქვე დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, გაცხადებულია, რომ პარტია ყველა შემთხვევაში თებერვლის დასაწყისში შეიქმნება. ხმალაძის თქმით იმის ალბათობა, რომ პარტიის რეგისტრაციაზე უარი უთხრან და ეს საკითხიც სასამართლოში გადავიდეს, რეალურად არსებობს, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ ეს არსებითი დაბრკოლება მაინც ვერ იქნება, რადგან ეს ადამიანები ჩაეწერებიან ბლოკში პარტიის გარეშე და ისე მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. პიროვნულად ამ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობას ხელს ვერავინ შეუშლის, _ აცხადებს ვახტანგ ხმალაძე მთელ კვირასთან ინტერვიუში.
"სამთავრობო საცობი არასამთავრობოებს" _ ასე ასათაურებს "კვირის პალიტრა" სტატიას, სადაც წერს, რომ მედიაზე ზეწოლის შემდეგ ჯერი არასამთავრობო სექტორზეც მიდგა. კულუარული ინფორმაციით, სახელისუფლებო ტელევიზიებში გამალებით ამზადებენ სპეცსიუჟეტებს, რომლებიც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სტატიაში ნათქვამია, რომ შეფარული ზეწოლა არასამთავრობო სექტორზე იმით დაიწყო, რომ ხელისუფლებამ თავისი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნა და სხვა იმთავითვე მკვდრადშობილი და არაფრისმაქნისი ორგანიზაციები გაააქტიურა. სატელიტ არასამთავრობოთა ნუსხაში მოხსენიებულია "სოციალურად დაუცველ და ხელმოკლე ოჯახთა დახმარების კავშირი ერი", რომელიც ახლახან გამოჩნდა და რომლის დამფუძნებელი მიშა თავხელიძეა, ასევე "რეპატრიანტთა კავშირი" და კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის", რომელიც ვერა ქობალიამ დააფუძნა. "ევროპული კვლევათა ცენტრი" რომლის უკან ნინო ლაპიაშვილი დგას და რომელთან ერთადაც ზურა ჯაფარიძემ დააფუძნა ხელისუფლების კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკა". როგორც ა/ო "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, ბოლო დროს სხვადასხვა წყარო მას აფრთხილებს, რომ იმ არასამთავრობოებზე, რომლებიც უარს ამბობენ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, მზადდება მაკომპრომეტირებული ფილმები. კომრომატები არ არსებობს, _ აცხადებს ფუტკარაძე, თუმცა ამის მიუხედავად მისი თქმით, შესაძლოა მაგალითად ტელეკომპანია "იმედმა" შეთითხნოს მოდელირებული სიუჟეტი, ლოგიკისა და ფაქტების გარეშე, რომელიც ცილს დასწამებს არასამთავრობო სექტორს და საზოგადოებას ეჭვის მარცვალს გაუჩენს, მერე კი თავად არასამთავრობო სექტორმა უნდა იტეხოს ამაზე თავი. ფუტკარაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან არასამთავრობოების შეხვედრის დეტალებსაც და დასძენს, რომ იმის გამო, რომ კანონს "რელიგიის შესახებ" ყველა არასამთავრობომ მხარი არ დაუჭირა, ბარამიძემ მათ სულ თითი უქნია და საყვედურების კორიანტელი დააყენა. მისი თქმით კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო ბარამიძის საყვედურები პროფკავშრების წარმომადგენლის მისამართით, თუ როგორ დადიოდნენ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს ამბები როგორ გაჰქონდათ უცხოეთში. სტატიის თანახმად ამის შემდეგ ირინა ფუტკარაძეს სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დაუტოვებია.
არასამთავრობო სექტორთან ხელისუფლების ღია და ფარულ ომის თემაზე აქვეყნებს სტატიას "ახალი თაობა" სათაურით: "მოსახლეობის დიდი ნაწილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა!" / ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს დევნის. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ
"არასამთავრობო სექტორს რევოლუციური ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღეებიდან უკარგავდა ხელისუფლება მის ძირითად ფუნქციას. ის გახადა აბსოლუტურად უფუნქციო და უუნარო - იმან, რომ აკრძალა ციხეებში მონიტორინგი და ამ მდგომარეობის შესწავლა, რაც საპატიმროებში ხდებოდა და ეს გახადა დახურული, თავისთავად დაუკარგა ფუნქცია არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სფეროზე იყვნენ ორიენტირებული. ასევე, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გახადა დახურული და ვერანაირ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ მოიპოვებენ. ამ მიმართულებითაც შეწყვიტა მათი საქმიანობა".
კაკაბაძე ხელისუფლებას საყვედურობს იმასაც, რომ ამ შეზღუდული საქმიანობის ფარგლებში მესამე სექტორის მიერ გაკეთებულ დასკვნებზეც არ რეაგირებს. "რაც არ უნდა თქვა და რა რეკომენდაციებიც არ უნდა მისცე, ხელისუფლება მაინც არ ითვალისწინებს. ამ ყველაფერმა თავისთავად არასამთავრობო ორგანიზაციებს ფუნქცია დააკარგვინა. ახლა კი, თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქაღალდზე ფუნქციონირებს და ერთი-ორჯერ ხმას ამოიღებს, ესეც თუ არ მოეწონება, ხელისუფლება მათაც მოიშორებს. ეს არის არა 70-80-იანი, არამედ 20-30-იანი წლების ნეობოლშევიზმი. ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს ცხადია. უბრალოდ, მათგან განსხვავებით, ამათ საზოგადოებას საარსებო საშუალებაც გადაუკეტეს. ესენი რასაც რეფორმებს ეძახიან, მიმართულია არა საზოგადოების ინტერესების დასაცავად, არამედ ხელისუფლების ინტერესების გასაფართოებლად და გასაძლიერებლად, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რევოლუციის მერე არის მიღებული, ორიენტირებულია, მხოლოდ ხელისუფლების გაძლიერებისკენ. უფრო სწორად, ხელისუფლების განუზომლად გაძლიერებისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური შეზღუდვისკენ", _ აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
გაზეთი "ქრონიკა" აქვეყნებს სტატიას, სადაც მკითხველს მოუთხრობს 14 იანვრის საღამოს, თეატრის დღეს თეატრალებთან შეხვედრაზე მისულ ბიძინა ივანიშვილისა და მისმა მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ინტერვიუს დეტალებზე ჟურნალისტებთან. ბიძინა ივანიშვილი მისი მეუღლის დასახელებას პარტიის ლიდერად იმით, ხსნის, რომ საჭირო იყო მისი გვარის ხსენება. "მე მიმაჩნია, რამდენადაც მოსახლეობას სწორება აქვს ჩემს გვარზე დღეს და ამით იქნება ეს საინტერესო..."
ინტერვიუში ივანიშვილი მიმართავს მის მხარდამჭერებს და არა მხოლოდ მათ და აცხადებს: "ხშირად ისმის საყვედურები, რომ დაბალი აქტიურობაა ჩვენი გუნდიდან, პირადად ჩემზე მოდის ეს საყვედურები. მე მინდა დავაწყნარო ყველანი და ავუხსნა, რომ ყველაფერი კარგადაა, მე ყველაფერი გააზრებული მაქვს და დაგეგმილი მაქვს, ყველაფერი იქნება დროულად და იქნება კარგად. მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ყველაფერი კარგად, იყავით წყნარად, დინჯად და დაელოდეთ. და ნუ შეეცდებით პარალელები გაავლოთ იმ კაცზე, რომელიც ისტერიულად დარბის დააა.... აგრძელებს, ოღონდაც უფრო აქტიურ ფორმაში შექმნას ის ფასადური შეხედულებები, რომ აღმშენებელია და საქართველოში ყველაფერს აკეთებს - საქართველოში დღეს კეთდება, უკეთეს შემთხვევაში იმის მეათედი, რაც უნდა კეთდებოდეს და ის მეათედიც, რაც კეთდება, ეს კაცი ამას მიიწერს, ისე გვაწვდის ამას, რომ თითქოს თვითონ იყოს ამის გამკეთებელი.... ამავდროულად, მუდმივად ილანძღება და იწყევლება ტელევიზიიდან. მე იმის მეშინია, რომ კიდევ არ გააოცოს მსოფლიო ერთი რამით, რომ გინება არ დაიწყოს მალე ტელეეკრანიდან და ღამეს რომ დღე მოჰყვება, თვითონ არ მიიწეროს, დღის დადგომაც სააკაშვილმა არ დაიბრალოს..." _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ქრონიკაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე უკანონო იარაღის შენახვის გამო ერთი დღე ჰყავდათ დაკავებული. ის კალანდას, 14 იანვარს დააკავეს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გირაოს სახით 2000 ლარი აქვს გადასახდელი, რაც შეეხება მორიგ სასამართლო პროცესს, ის 7 მარტს არის ჩანიშნული.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლებმა ელგუჯა ჩხაიძეს სახლში მიაკითხეს და მოსთხოვეს მას, გაჰყოლოდა მის საკუთრებაში არსებულ ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც სახლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ტყის მასივთან, საძოვრებთან მდებარეობს. ელგუჯა ჩხაიძე მათ მოთხოვნას დაემორჩილა და აღნიშნულ ფერმაში გაჰყვა.
წყარო ამტკიცებს, რომ ჩხრეკას მოწმეები არ დასწრებიან. პოლიციელებმა შესვლისთანავე სხვენიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახალ ტომარაში იყო ჩადებული, ხოლო ის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა იარაღი, ობობას ქსელით იყო დაფარული.
"გურია ნიუსისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ ადვოკატის შეხვედრა დაკავებულთან დაგვიანებით მოხდა _ მათი პირველი კონტაქტი მას შემდეგ შედგა, როდესაც ლანჩხუთში ირაკლი ალასანია ჩამოვიდა.
ელგუჯა ჩხაიძის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა პარალელურ რეჟიმში განახორციელეს დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. როგორც ლანჩხუთში გვითხრეს, ჩხრეკის დაწყებამდე, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოითხოვა ტუალეტში შესვლა და შემდეგ, საპირფარეშოს უკანა მხრიდან, რომელზეც დამაგრებული იყო ქათმის ბუდე, ამოღებულ იქნა ავტომატური იარაღის მჭიდი. ჩხრეკის ოქმს თანამოწმეებმა ხელი არ მოაწერეს,
"გურია ნიუსის" ჟურნალისტებს პოლიციამ გამჭვირვალე შენობის ეზოში გადაღება და რესპონდენტების ჩაწერა აუკრძალა, თუმცა ვერ განმარტეს, რომელი კანონის საფუძველზე ეკრძალებათ ჟურნალისტებს პოლიციის შენობის ახლოს მუშაობა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ელგუჯა ჩხაიძის დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი ლანჩხუთის პოლიციის ახლომდებარე ტერიტორიაზე გამართა. ჩხაიძეც და ალასანიაც, დაკავებას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს
_ ხელისუფლება სწორედ განსხვავებული აზრის გამო დევნის საკუთარ მოქალაქეებს. გურიაში უკვე ქათმებმა კვერცხის ნაცვლად მჭიდების დადება დაიწყეს _ სწორედ ასე აღმოუჩინეს ელგუჯას სახლში ავტომატის მჭიდი. მინდა მივმართო პოლიციას და ვუთხრა მათ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, აღარასოდეს მათ მსგავს დავალება არავინ აღარ მისცემს. ასევე, მინდა დავპირდე სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს, რომ როცა უსამართლოდ დაპატიმრებულები გამოვლენ ციხეებიდან, მათ მოუწევთ ქართული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება იმ დანაშაულობებზე, რომელსაც ახლა ჩადიან, _ განაცხადა ალასანიამ ბრიფინგზე.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩხაიძის სასამართლო პროცესი მეტად უჩვეულო სიტუაციაში ჩატარდა _ სანამ ელგუჯა ჩხაიძეს მოიყვანდნენ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მანამდე გავრცელდა ხმა, რომ დარბაზში არავინ არ უნდა შესულიყო _ არც ჩხაიძის მეგობრები, არც ნათესავები, არც თანაპარტიელები და არც ჟურნალისტები. ელგუჯა ჩხაიძის ადვოკატის ვლადიმერ გვარჯალაძის თქმით, ასეთი იყო სასამართლოს და პროკურატურის სურვილი.
პროცესი სულ ხუთ წუთს გაგრძელდა და ჩხაიძე გირაოთი გაათავისუფლეს.
tspress.ge-ს ინფორმაციით, საახალწლოდ ფოთის მერია-საკრებულოს ყველა თანამშრომელს პრემიის სახით გაორმაგებული ხელფასები დაურიგდათ. სოციალურად დაუცველ ბავშვებს კი, "ბარამბოს" ტკბილეულის ნაკრები. თითო ბავშვის საჩუქრისთვის მერიამ 3,2 ლარი გამოყო.
სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სადღესასწაულოდ მატერიალური დახმარებები არ გაუციათ, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ სხვა დღესასწაულების მსგავსად, თანამშრომლები საახალწლოდაც წაახალისა.
გასული წლის ბიუჯეტში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამისთვის, 40 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული და 22 დეკემბრისათვის სრულად იყო ათვისებული. სწორედ ამ დროს, მერიამ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით, თანამშრომლებს სამჯერ მეტი თანხა, 130 ათას ლარი პრემიისთვის გამოუყო.
საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებული 275-მდე თანამშრომელი პრემიებს წელიწადში 6-ჯერ, სხვადასხვა დღესასწაულზე იღებს, რამაც გასულ წელს 577ათასი ლარი შეადგინა. (ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით _ 105 ათასი ლარი, აღდგომის დღესასწაულზე _107 ათასი ლარი, მარიამობაზე _ 105 ათასი ლარი, გიორგობაზე _ 130 ათასი ლარი, შობა-ახალი წლისთვის _ 130 ათასი ლარი).
ყველა შემთხვევაში, პრემიის გაცემის საფუძვლად, საკრებულოს თავმჯდომარის, ბრძანების თანახმად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი სახელდება.
კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უნდა მოხდეს.
რა სახის სამუშაოს განხორციელების სანაცვლოდ იღებენ ფოთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პრემიებს, არც ერთ შემთხვევაში განმარტებული არაა.
გაზეთი "რუსთავის ამბები" რუსთავში, მე-6 მიკრორაიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. წყალმომარაგების სისტემა, რომელიც ამორტიზებულია და მწყობრიდანაა გამოსული, ინფექციის გავრცელების წყაროა _ დაჭაობებული და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული ტერიტორია დღისით წნევით მომავალი წყლით იტბორებან, საღამოობით, წყლის გათიშვისას, დაბინძურებული წყლის მასა ისევ უკან სისტემაში შეიწოვება. მოქალაქეების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამისს სამსახურებს, მაგრამ ყურადღებას არავინ იჩენს. კორპუსის თავმჯდომარეები კი მხოლოდ საარჩევნოდ მმართველი პარტიისთვის ხმების მოგროვებით არიან დაკავებული, _ აღნიშნავენ მოქალაქეები.
წყალკანალის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ მისი სამსახურისთვის ეს ფაქტი ცნობილია და პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება. იგი ნაწილობრივ მოქალაქეებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოსახლეობა არ უფრთხილდება ტექნიკურ ბაზას.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2010 წელს, სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გაქრა. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ჭამეს. ცენტრის ცნობით, ორი მამრი დათვი ერთ გალიაში მოათავსეს. ცხოველებმა ერთმანეთი დაასისხლიანეს, რის შემდეგაც სასიკვდილოდ ნაცემი ერთ-ერთი დათვი დაკლეს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური მხოლოდ ერთი დათვის შესახებ ფლობს ინფორმაციას. ნათია ხაჩიურის თქმით, ე.წ. "ახალბაღის" ზოოპარკში დათვის ადგილი არ იყო და ის ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. კითხვაზე, რა ბედი ეწია მეორე დათვს, ნათია ხაჩიურმა გვითხრა, რომ ადრე პატარა დათვი ჰყავდათ და "ისიც მგონი ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს", _ აღნიშნა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
2010 წელს გორის ზოოპარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა. ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა