თეონა აქუბარდია, სამშაბათი, 14 თებერვალი 2012 13:56
დასავლური გამოცემა "ევრაზიანეტი" აქვეყნებს ჯოშუა კუცერას სტატიას სათაურით: "თბილისი-ვაშინგტონი: სამხედრო თანამშრომლობის ანალიზი." სტატიის ავტორი აანალიზებს საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისმა ბოლოდორინდელმა ვიზიტმა ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები "ახალ საფეხურზე" გადაიყვანა, თუმცა ამერიკელი ჩინოვნიკები თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე გაცილებით თავშეკავებულები არიან–ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ საკითხის დეტალურ განმარტებაზე EurasiaNet.org-ს უარი უთხრა. კომენტარზე თხოვნას არ გამოეხმაურა არც საქართველოს საელჩო ვაშინგტონში.
მართალია, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თემაზე ზოგადი განცხადებები გააკეთეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ უნდა ჩამოყალიბდნენ იმ მხრივ, თუ რაში იქნება ეს გამოხატული, ხაზგასმით აღნიშნავს კავკასიის ექსპერტი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კორი უელტი. ექსპერტის აზრით, ნაწილობრივ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება საქართველოში წლევანდელი საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
"თუკი არჩევნები, ჩვენი აზრით, შესაბამისად ჩაივლის, მაშინ შევძლებთ დამატებითი საკითხების განხილვას, თუ არა, მაშინ არაფერი ახალი არ იქნება", – ხაზგასმით აღნიშნავს იგი.
სტატიაში საუბარია ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც. ჯოშუა კუცერა ეყრდნობა რა ბარაკ ობამას განცხადებას, იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას საბოლოო ჯამში გაწევრინდეს ნატოში", _ აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება – შორეული მომავლის საქმეა. ამ აზრს იზიარებს კარნეგის მშვიდობის ფონდის კავკასიის ექსპერტ თომას დე ვაალიც. მისი თქმით ვიზიტის ეს და სხვა სიგნალები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ არანაირი არსებითი ცვლილება აშშ-ს პოზიციაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ იქნება.
სტატიის დასასრულს აშშ-ს თავდაცვითი უწყების წარმომადგენელი გამოცემასთან ინტერვიუში დასძენს, როგორც ჩანს აშშ-ს სურს დააჯილდოვოს საქართველო თანამშრომლობისთვის და ეძებს ამ ქვეყნის ალიანსთან კავშირების განმტკიცების გზებს, არ დგამს რა იმავდროულად ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც რუსეთს შეაშფოთებს, ხაზგასმით აღნიშნავს ის.
"ევრაზია რევიუ" რუბრიკა "კავკასიური კონტექსტში" საქართველოში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ყოფილ ხელმძღვანელ კენეტ იალოვიცის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს აფასებს.
ყოფილი ელჩი გამოცემასთან ინტერვიუში სკეპტიკურად უყურებს თავდაცვის სფეროში თანამშროლობის ახალ საფეხურზე აყვანას და აცხადებს:
"ცხადია, ქართველები მათი საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობენ შეხვედრა შეძლებისდაგვარად საუკეთესო რაკურსით აღწერონ, რაც სავსებით გასაგებია. შეხვედრის წინ ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებით ჩანდა, რომ საქართველოსთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. აშშ-ს ყურადღება კვლავ კონცენტრირებული იქნება წვრთნაზე, განათლებასა და ტექნიკურ თანამშრომლობაზე. შესაძლოა შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებაზე ლაპარაკი იყო, რუსეთთან ურთიერთობათა გაუარესების შემთხვევაში, მაგრამ ეს ჯერ ცნობილი არ არის."
ამერიკელი დიპლომატი საქართველოსთვის უდიდესი გამოწვევად დემოკრატიის განმტკიცებას ასახელებს. მისი თქმით, თუ შეხვედრის შემდეგ აშშ-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებს დავეყრდნობით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული საპრალამენტო არჩევნების საჭიროებას. იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ახლა შეცვლილია და მეტი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცა, მან, ალბათ, ხაზი გაუსვა ცვლილების მნიშვნელოვნებას, მომავალ წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ოფისს დატოვებს. იალოვიცი დასძენს, რომ პუტინთან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე, როდესაც ელიან მის დაბრუნებას რუსეთის პრეზიდენტად, შესაძლოა ობამამ გააფრთხილა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის იმავე ვარიანტის განმეორებასთან დაკავშირებით.
"საქართველოს გამოცდილება მექრთამეობასთან ბრძოლაში" – ასე ასათაურებს ბრიტანული "ეკონომისტი" სტატიას, სადაც საუბარია საქართველოს ვარდების ხელისუფლების კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებზე და შედეგებზე. სტატიის ავტორი ამ გზაზე წონასწორობის დაცვის საკითხს წევს წინა პლანზე და წერს, რომ ზოგიერთი ინსტიტუტი, ყველაზე მეტად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზედმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობს.
ავტორი საუბრობს რა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ კანონზე, დასძენს, რომ მთავრობის ავტორიტარული მიდრეკილებანი ცოცხალია და არ ქრება. მისი თქმით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი კანონი მიზნად ისახავს, ყველაზე მდიდარი ქართველი კაცის შეზღუდვას, რათა მან თავისი სიმდიდრე მთავრობის ხელისუფლებიდან გასაშვებად არ გამოიყენოს.
ამ არგუმენტის გასამყარებლად სტატიაში მოვანილია წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის განცხადება, რომლის თანახმად კანონში შეტანილი ეს ცვლილებანი "საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებას" და "არათანაბარ საარჩევნო სივრცეს" ქმნის.
სტატის დასასრულს ავტორი წერს, რომ მომავალი არჩევნები ქვეყანაში გადამწყვეტი გამოცდა იქნება.
"საქართველოს სჭირდება უფრო მტკიცე ინსტიტუტები, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსის სისტემა. მაგრამ ამან არ უნდა დაჩრდილოს უკანასკნელ წლებში მიღწეული წარმატებები. ის, რომ საკვანძო პოლიტიკოსები ქუჩის გამოსვლებს საარჩევნო ყუთს არჩევენ, მნიშვნელოვანი მოვლენაა", – ნათქვამია "ეკონომისტის" სტატიაში.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა