თეონა აქუბარდია, სამშაბათი, 13 მარტი 2012 09:09
ფიქრები საქართველოზე _ ასე ასათაურებს "ვიქლი სტანდარტი" გარი შმიტის სტატიას, რომლის ქართულ თარგმანს ფორინპრესი ავრცელებს. სტატიის ავტორი საქართველოს მიერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველების მონაწილეობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ "როდესაც საქმე ავღანეთში მეამბოხეებთან ბრძოლაზე მიდგება ხოლმე, სხვა მოკავშირეები ცნობილნი არიან იმით, თუ რას არ გააკეთებენ, ვიდრე იმით, თუ რისი გაკეთების სურვილი აქვთ. მათგან განსხვავებით, საქართველოს ჯარი ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სხვა ქვეყნებმა თავისი კონტიგენტისთვის დააწესეს, არ ექვემდებარება. კოალიციის მეთაურის გენერალ ჯონ ალენის თქმით, ქართველ სამხედროებს „კარგად ხელმძღვანელობენ, მათ ხალხი პატის სცემს, ხოლო მტერს მათი ეშინია."
იმას, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო ამ მისიაში 1700-მდე კაცით, რითაც საქართველომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, კოალიციის მისიისთვის გაგზავნილი სამხედროების რაოდენობის მიხედვით, ახლა უკვე ავსტრალიასაც გაუსწრო ჟურნალისტი ასე ხსნის: "იმის მიზეზი, რომ საქართველომ ავღანეთში (და აუცილებელია აღვნიშნოთ – ერაყში) ჯარები გააგზავნა ისაა, რომ ქვეყანა აშშ-ს და ნატოს სოლიდარობას უცხადებს, რამეთუ ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. თბილისს უნდა, რომ ბრიუსელი საქართველოს დასავლეთის უსაფრთხოების ქსელში მონაწილედ ხედავდეს და ამიტომაც ცდილობს საბჭოთა წარსულს დაშორდეს და ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ფართო ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროს დაუკავშირდეს.
მდგომარეობა ბევრად უფრო კრიტიკულია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოში მეზობელი რუსეთი შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინისა და მისი რევანშისტული პოლიტიკის დაბრუნების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოება უახლოეს მომავალში სავარაუდოდ უკეთესობისკენ არ შეიცვლება." _ ასკვნის სტატიის ავტორი და დასძენს, რომ "საქართველოსთვის მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აშშ-ს ინტერესებში უნდა შედიოდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ობამას ადმინისტრაცია ფეხს ითრევს, როდესაც საქმე საქართველოსთვის ტერიტორიის დასაცავად საჭირო სამხედრო ტექნიკის, მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მიდგება. ამის ნაცვლად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც საქმე საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას ეხებოდა, ამერიკა საქართველოს „ხერხი ჯობია ღონესა" მიდგომას სთავაზობდა, რაც გულისხმობდა დახმარებას თავდაცვის დოქტრინის შემუშავება, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმასა და სამხედრო განათლებაში,
გარი შმიტი აშშ-ს ამ სტრატეგიას უწუნებს და წერს, უკეთესი იქნებოდა ამ პროგრამების პარალელურად საქართველოს რეალური, მარტივი და ქმედითი სამხედრო საშუალებები გადაეცეს.
"ფაქტია, რომ ადმინისტრაციას უბრალოდ არ უნდოდა, რომ საქართველოსთვის რეალური თავდაცვითი საშუალებები მიეწოდებინა. ალბათ ვარაუდობდნენ, რომ ამას შეიძლება მოსკოვის უკმაყოფილება გამოეწვია და რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის" პოლიტიკაში პრობლემები შეექმნა. როგორც უმეტეს შემთხვევაში, თავისი პოლიტიკის გატარებისას, ადმინისტრაციის ინტერესები მეგობრების და თანამოაზრეების დახმარებაზე კი არაა ფოკუსირებული, არამედ უფრო იმაზე, რომ არ გაიუცხოვოს პოტენციური სტრატეგიული მეტოქეები" ნათქვამია სტატიაში . სინათლედ გვირაბის ბოლოში ამ ყოველივედან გამომდინარე სტატიის ავტორს ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიაჩნია, თუმცა ამის მიუხედავად მისი თქმით, ახლა მხოლოდ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, ნიშნავს თუ არა „ახალი სფეროები" კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც მოიცავს საქართველოს ჯარების აღჭურვას, წვრთნას და შესაბამისებად, ნაციონალური უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ძალისხმევას.
დასავლური გამოცემა შპიგელი აქვეყნებს ბენიამინ ბიდერის სტატიას სათაურით: შეიარაღება საქართველოში: პრეზიდენტი "ფეისბუკზე" რეაქტიული საარტილერიო სისტემით ტრაბახობს. სტატიის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს თავისი შეიარაღებული ძალების პირველი ადგილობრივი წარმოების ახალი რეაქტიული საარტილერიო სისტემით. იგი იმდენად ამაყია, რომ ეს სიახლე უმალ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე. ქსელში შეიარაღების დემონსტრირება დაუძინებელი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აშკარა განაცხადი იყო."
შეიარაღების სამამულო წარმოების დაწყებას შპიგელი ასე ხსნის: საქართველოს საკუთარი განვითარებით საქართველოს სურს უცხოური პარტნიორებისგან მეტად დამოუკიდებელი გახდეს. 2008 წლის შემდეგ "იარაღის შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა", განაცხადა სააკაშვილმა ახალი საარტილერიო სისტემის წარდგენისას. საქართველო "მიხვდა, რომ საკუთარი თავის გარდა არავისი იმედი არ უნდა ჰქონდეს". ეს მწარე მინიშნება როგორც ჩანს, ისრაელის მისამართით გაკეთდა გაკეთებული. საქართველომ წლების წინ ისრაელელი მწარმოებლის ელბიტის 40 უპილოტო საფრენი აპარატი "Hermes" შეიძინა.
ახლახანს ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული ამერიკული სპეცსამსახურების აჩრდილად წოდებული უსაფრთხოების კომპანია Stratfor-ის ელექტრონული მიმოწერა იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ისრაელმა 2008 წელს რუსებს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები გადასცა, რისთვისაც მოსკოვისგან მიიღო ინფორმაცია რუსული მოდელის ირანული რაკეტების შესახებ. _ ნათქვამია შპიგელში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა