JoomlaWatch Stats 1.2.9 by Matej Koval

მოცვის პლანტაციები ჩაის ნაცვლად

მსოფლიო ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება, რაც, ბუნებრივად, მასზე ფასის ზრდასაც განაპირობებს. სხვადასხვა საინფორმაციო რესურსების მიხედვით, საერთაშორისო ბაზარზე მოცვის ღირებულება 2-დან 3 დოლარამდე მერყეობს.

საქართველოში მოცვის პლანტაციების საცდელი განაშენიანება გასულ წელს დაიწყო. საქართველოს სამ რეგიონში _ აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში, 15 ჰექტარ ფართობზე 10 სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, სახეობების მრავალფეროვნება, ადგილობრივ ნიადაგთან შესაბამისობის საშუალებას იძლევა.

"რამდენად გაამართლებს მოცვის კულტურა საქართველოში, ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ, ნერგების ზრდისა და ადაპტირების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამ კულტურის განვითარებას მომავალი აქვს ", _ გვეუბნება აგრონომი ჯამბულ საჯაია.

აგრონომი, მაქსიმალური წარმატებისთვის, საჭირო ტექნიკის აუცილებლობაზე აპელირებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, გლეხი, ამ კულტურის განაშენიანებას ვერ შეძლებს.

მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, გახორციელდა ორი მისაბმელი აგრეგატის შესყიდვა, რომელთა ფუნქციაა დაფრეზვა, ბაზის წარმოქმნა, წვეთოვანი მილის ჩადება და სპეციალური ფირის _ მალჩის დაგება. აღნიშნული მექანიზმი ინოვაციური მიდგომაა, რომელიც უზრუნველყოფს კენკროვანი კულტურების პირველადი საწარმოო ჯაჭვის სწორად და სრულფასოვნად წარმართვას.

გასული წლის გაზაფხულზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, დარგული იქნა 34 ათასი ძირი მოცვის ნერგი. სადემონსტრაციო ნაკვეთი 5.7 ჰექტარზეა გაშენებული, იმ ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ ჩაის პლანტაცია იყო.

გლეხების უმრავლესობა, მთავრობის ამ წამოწყებას უნდობლად უყურებს და ამბობს, რომ ფინანსური რესურსები, უმჯობესი იქნებოდა სხვა მიმართულებით გადანაწილებულიყო, მაგალითისთვის, ისინი კივის მეურნეობების დახმარებას ასახელებენ: "მოცვი ტყეშიც მოდის და თან ბლომად. საქართველოში არც ამერიკული ნერგების ჩამოტანა იყო საჭირო, რადგან ადგილობრივიც მშვენიერი გვაქვს, თან ორმოსავლიანი. კივის ნაკვეთები ვისაც აქვს, დიდი მოგება ნახეს. მართალია, კივს უფრო მეტი მოვლა უნდა და მოსავლიანობის მხრივაც პრეტენზიულია, მაგრამ ბაზარი ადგილობრივიც არის და უკრაინულიც, სომხეთში და აზერბაიჯანშიც ბევრი გადის, ანუ გლეხებს მისი რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს. ეს მოცვი მოგვიყვანია, მაგრამ მერე სად წავიღოთ?! ციტრუსი, რომელიც დიდი შემოსავალი იყო ოჯახებისთვის, სარდაფებში ლპება, არავის უნდა. თუ ვინმემ აიღო, ისეთ დაბალ ფასს იძლევიან, ადამიანს ყველაფერზე გული აგივარდება, რა გარანტია გვაქვს, რომ მოცვზეც ასე არ იქნება? " _ გვეუბნება ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, მერაბ გოგია.

მისგან განსხვავებით, კმაყოფილები არიან ის ადამიანები, რომლებიც საცდელ მეურნეობაში არიან დასაქმებულნი: "შემოსავალიც გვაქვს და მომავლის იმედიც, რომ რაღაც ახალი საარსებო გაუჩნდებათ ადამიანებს. ყველას და ყველაფერს უნდა დახმარება, მაგრამ, ერთი ხელის მოსმით არ მოხდება ეს. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ პროგრამას ", _ ამბობენ იქ დასაქმებული ადამიანები.

პროგრამის გაგრძელების მიზნით კი, სს "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციასა " და "FALL CREEK FARM & NURSERY"-ს შორის, გაფორმებული იქნა ოთხწლიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უცხოური კომპანია, მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, პასუხისმგებელია მოცვის ნერგების მიწოდებაზე. ასევე, იგი უზრუნველყოფს ოთხწლიან საკონსულტაციო მომსახურებას. კომპანიის აგრონომები, სრული საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში, ზედამხედველობას გაუწევენ მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთებს საქართველოს რეგიონებში და იზრუნებენ ადგილობრივი მომსახურე პერსონალის გაწვრთნაზე. ცნობისთვის _ " FALL CREEK FARM & NURSERY"-ი ამერიკულ კომპანიაა, რომელიც მოცვის ინდუსტრიაში მსოფლიო ლიდერია.

ქართული ვიკიპედიის მიხედვით, მოცვი (VACCINIUM) არის მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა, მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აერთიანებს 100-მდე სახეობას. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი _ მთის მოცვი (VACCINIUM MYRTILLUS), ლურჯი მოცვი (VACCINIUM ULIGINOSUM) და წითელი მოცვი (VACCINIUM VITIS-IDEA) ბორეალური ელემენტებია და გავრცელებულია ჰოლარქტიკული სამყაროს სუბალპურ და ალპურ სარტყელში ერთი კი _ კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. მთის მოცვი მეტად დაბალი ბუჩქია. ჩვენში იზრდება სუბალპურ ტყეებში, გვხვდება უფრო მაღლაც _ დეკიანებში, ბევრია მთა-თუშეთში. წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს, ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი უმწიფდება ივლის-აგვისტოში.

მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმევა ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს ჩ ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა.

მედიკოსები მოცვის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას და გვირჩევენ: ნაყოფმა სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-70 გრადუს ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.

ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა პათოლოგიათა თანმხლებ ანთებით პროცესებს. მისი ნაყენი კარგია ანემიის დროს, აგრეთვე, თირკმელებიდან ქვიშის გამოსატანად. მოცვს გარეგანადაც იყენებენ, კერძოდ, ეგზემის, დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობებისა და ძნელად მოსაშუშებელი მუწუკების სამკურნალოდ. ამისთვის, მოცვის ნაყოფი ქვასანაყში უნდა დანაყოთ, საცერში გაგლისოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და მტკივან უბანზე დაიდოთ.

მოცვის ფოთლები უხვად შეიცავს გლიკოზიდებს (განსაკუთრებით _ მირთილინისა და ნეომირთილინის, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს), ამიტომ, მათი ნახარში დიაბეტის მკურნალობისას წარმატებით გამოიყენება.

ანემიის დროს რეკომენდებულია ნაყოფის ნაყენი: აიღეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, გაანაწილეთ თანაბარ ულუფებად და დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.

გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გულძმარვის, ენტერიტის (წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების), ფაღარათისა და დიზენტერიის დროს, ნაჩვენებია მოცვის ნაყოფის ნახარში: აიღეთ 1 სუფრის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, 10 წუთით შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, განუზავებლად, 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ. ფაღარათისა და დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის დროს, სასარგებლოა მოცვის ფოთლების ნაყენი: აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მშრალი ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 4-5 საათს გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ბუასილის დროს რეკომენდებულიამოცვის ფოთლების ნაყენის ოყნა (60 მლ თითოეული პროცედურისთვის).

გარდა ამისა, ეფექტიანია ჰემოროიდულ კვანძებზე გასრესილი ნაყოფის სქლად დაფენა. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაყოფის ნაყენი, ისე ახალგამოწურული წვენი.

შარდკენჭოვანი პათოლოგიის დროს, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ასევე, ოპერაციის წინა პერიოდში, როდესაც კენჭების ტიპი არ არის დადგენილი, მოცვის ნაყოფის ნაყენის სმას ურჩევენ. სასურველია მისი მიღება დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად, ყოველ ჯერზე _ 60-100 მლ მოცულობით.

ნაყოფი ნებისმიერი სახით რგებს მხედველობას. თვალების ანთებითი პროცესების დროს, მისი წვენის კომპრესებს იყენებენ. პოდაგრის დროს მტკივან სახსრებზე საკუთრივ მოცვის ნაყოფი უნდა დაიფინოთ. ამავე დროს, უნდა სვათ ნაყენი _ დღეში 4-ჯერ თანაბარ ულუფებად.

სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით, თეთრად შლის დროს, გამორეცხვისთვის გამოიყენება მოცვის ფოთლების ნახარში: წვრილად დაკუწულ 3 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 3 ჭიქა წყალი, 15 წუთს ადუღოთ და გადაწუროთ.


rssfeed
Twitter Facebook Myspace Digg google YahooWebSzenario

მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა