სამშაბათი, 28 აგვისტო 2012 16:55
ხვალ, ოზურგეთში, ბერა ივანიშვილის კონცერტი 8 საათზეა დაგეგმილი. კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მონტაჟდება სცენა და ეწყობა აპარატურა. პარალელურად, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდები ხალხს კონცერტზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.
საკონცერტო აფიშების გაკვრა კი მუნიციპალიტეტებში დღეს დილიდან დაიწყეს. თუმცა, გაკვრიდან რამდენიმე საათში, თითქმის ყველა პლაკატი ჩამოხეულია. როგორც გვითხრეს, პლაკატების ჩამოხევის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში, პლაკატების ჩამოხევაში "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტი შენიშნეს, მათ შორის ასაკოვანი ქალბატონიცაა.
ამასთან ერთად, წუხელ, სპეციალურ თათბირზე, საჯარო მოხელეები მკაცრად გააფრთხილეს, რომ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, მათ შორის თინეიჯერებიც, კონცერტზე არ უნდა მივიდნენ. ანალოგიური გაფრთხილება საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პედაგოგებმაც მიიღეს.
მასალების გამოყენებისას აუცილებელია რედაქციის ნებართვა