„შევარცხვინე შენი კაცობრიობა…”

ა კიდო

„შევარცხვინე შენი კაცობრიობა…”

15 ოქტ. 2018, 08:48:36

რამდენიმე ათეული წლის წინ მასმედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე ხელოვანებზე და ქართული საზოგადოების ცნობილ პიროვნებებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში დიადი სსრკ-ის შემადგენლობაში შევდიოდით. კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ. საბჭოთა სინამდვილე მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდნენ და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდნენ.

დღევანდელ წერილში ახლო წარსულის პოპულარულ ქართველებზე და მათ თავს გადამხდარ, „კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ნაღდი თბილისელი, ქალაქის ნამდვილი კოლორიტი, ბატონი კიმი ალიაშვილი იქნება. ამ ადამიანს მთელი ქალაქი განსაკუთრებულ პატივს სცემდა. ერთ დღეს ბატონ კიმის იმდროინდელ კავშირგაბმულობის მინისტრთან „დიდი უსიამოვნობა“ შეემთხვა.

კიმი ალიაშვილი ვერიდან საცხოვრებლად საბურთალოზე გადავიდა. ახალ ბინაში ტელეფონი არ დახვდა და მის დასადგმელად რიგში დადგა. კარგა ხანი გავიდა და ტელეფონი არ დაუდგეს. ბრაზობდა, იმუქრებოდა: თუ მივუხტი მინისტრს, მე ვიცი, რასაც ვუზამო. ძმაკაცები ეუბნებოდნენ, რას უზამ, მინისტრია და ვერაფერს დააკლებო.

მოკლედ, ყელში რომ ამოსვლია, ჩაწერილა მინისტრთან მიღებაზე. მაშინდელი კავშირგაბმულობის მინისტრი კობახიძე იყო. შევიდა კიმი მის კაბინეტში და თან შეიტანა ლურსმანი და ჩაქუჩი. მიადგა კედელს და ეს ლურსმანი მიაჭედა. გადაირია მინისტრი: რას აკეთებთ, ბატონო ჩემო, ეს მინისტრის კაბინეტია და რამდენის უფლებას აძლევთ თქვენს თავსო. მოტრიალდა თურმე კიმი და მინისტრს მკაცრი ტონით უთხრა: რას ვაკეთებ და, ერთ კვირაში თუ არ დამიდგამთ ტელეფონს, მოვალ და პირდაპირ ამ ლურსმანზე ჩამოგკიდებო. იმდენად შეშინდა და დაფრთხა საწყალი მინისტრი, კიმი რომ სახლში მივიდა, ტელეფონი უკვე ქსელში ჩართული დახვდა.

ბატონი კიმი ორიგინალური პიროვნება ბრძანდებოდა. ერთხელ ამ ცხოვრების ბედისწერამ შორეულ მოსკოვში მოახვედრა. ეს სახალისო ისტორიაც იქ გადახდა.

„სოიუზტორგრეკლამაში“, რომელიც მოსკოვს ექვემდებარებოდა, კიმი სარეკლამო განყოფილების გამგედ მუშაობდა. ნაყინის რეკლამა უნდა გადაეღოთ. დაურეკა შვილს, კახას, სასწრაფოდ აიღე ბილეთი და მოსკოვში ჩამოდიო. ისიც ჩავიდა. წაუკითხა მამამ სცენარი და უთხრა, ამ როლში შენ უნდა გადაგიღო და, აბა, შენ იცი, თავი არ მომჭრა, არ შემარცხვინოო.

არადა, სცენარი ასეთი შინაარსის იყო: გაყინულ ტბაზე ჭრილია გაკეთებული, „მორჟები“ ჩადიან წყალში, ყვინთავენ, ცურავენ, მერე ამოდიან და სიამოვნებით მიირთმევენ ნაყინს. ანუ, ამ რეკლამის არსი ის იყო, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა, ნაყინის ჭამა ზამთარშიც სიამოვნებით შეიძლება და, თანაც, სასარგებლოაო.

გადარეულა მისი შვილი – 27-გრადუსიან ყინვაში ნაყინის ჭამა და ყინულიან წყალში ყვინთვა როგორი საქმეა?! მამას უარი ვერ უთხრა და, მისივე რეკომენდაციით, წინასწარ შესაგუებლად, ყოველ დილით 7 საათზე უნდა მიეღო ცივი წყლის შხაპი. დაიწყო კახამ მზადება. თან, აბაზანის კარი ღია უნდა ჰქონოდა, რომ მამას შეემოწმებინა, მართლა ცივი წყლით იბანდა თუ ატყუებდა.

ერთი კვირის შემდეგ დაინიშნა გადაღებები. წავიდნენ გაყინულ ტბაზე, იქვე ქოხი იდგა, სადაც ტრენაჟორები იდგა და „მორჟები“ ვარჯიშობდნენ. გადაკრავდნენ 100 გრამ არაყს „მორჟები“, ქუდს დაიხურავდნენ და ხტებოდნენ წყალში. კიმის შვილმა კი არც არაყი დალია, არც ქუდი დაიხურა, ისე გავარდა და გადახტა გაყინულ წყალში. გაგიჟდნენ რუსები, დააჭყიტეს თვალები. გაცურა, გამოცურა, ჩაყვინთა კახამ, მერე ამოხტა წყლიდან, გაიქცა ნაყინის გამყიდველ რუს ქალთან, გამოართვა ორი ნაყინი და ბედნიერი სახით დაიწყო კბეჩა.

მოკლედ, რეკლამა ორ დუბლში გადაიღეს. მაგრამ, მერე ატყდა ამბავი, თუ ატყდა: თურმე, გადაღებების დროს, როცა კიმის შვილი გაყინულ წყალში ჩახტა, მამას გულმა ვეღარ გაუძლო და შვილის მხარდასაჭერად ისიც გადახტა წყალში. მაგრამ, ცურვა არ სცოდნია და სადაც ჭრილი იყო, იქ ვეღარ ამოყვინთა. ატყდა ერთი ამბავი არიქა, კიმი დაიხრჩოო. ჩახტნენ „მორჟები“ წყალში და, როგორც იქნა, ამოიყვანეს წყლიდან. საკუთარი შვილის მხარდაჭერის გამო, კიმი კინაღამ იმ ტბაში გაიყინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რუსები ქართველი მამა-შვილის გმირობის ამ ამბავს დიდხანს იხსენებდნენ.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი გივი სიხარულიძე ბრძანდება. ერთხელ, გაგანია კომუნისტების მმართველობის პერიოდში, ახალგაზრდა გივიმ მაშინდელ რეჟიმს პროტესტი ფრიად „უცნაური“ ფორმით გამოუცხადა. ალბათ უკეთესი იქნება  ამ შემთხვევას თუ თავად მისი მთავარი გმირი გაიხსენებს.

„ერთხელ, ვორონცოველი გოგო-ბიჭები ჩერქეზოვის ბაღში ვართ. თამაშისგან გათანგული ბორდიურზე ჩამოვჯექი. ბაღის შესასვლელში გამოჩნდა ჩემი მეზობელი, ბატონი გრიშა, აფთიაქის პროვიზორი, ვერშემდგარი მხატვარი. მომესალმა და მანიშნა გამომყევიო. ზანტად ავდექი და გავყევი. ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ურდულს მოარგო, მაგრად გადაატრიალა, კარს მუხლი ჰკრა და შევედით. კუთხეში ღვინით სავსე ჭურჭელს მოვკარი თვალი. ეტყობა, მეორე დღისთვის ჰქონდა გამზადებული, პირველი მაისის დღესასწაული მოდიოდა. დამსვა და მკითხა, ხვალისთვის დედამ ბუშტები თუ გიყიდაო. ვუპასუხე, არა, ფული არ აქვს-მეთქი. მაშინ მე გაჩუქებ ბუშტებსო და საგულდაგულოდ გადამალული პრეზერვატივები კარადიდან გამოიღო.

აიღო ფუნჯი, ჩააწო საღებავიან ქილაში და ბუშტების მოხატვას შეუდგა. ერთზე მტრედები დახატა და თან მიაწერა „მირუ მირ“ ანუ მშვიდობა მსოფლიოსო. მეორეზე ხილი დაახატა, მესამეზე თვითმფრინავი, მეოთხეზე გემი და ასე შემდეგ. კი მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, გრიშა ბიძია, ამ უწმინდურ რამეზე „მირუ მირს“ რომ აწერ, არ დაგიჭირონ და მამაჩემთან არხანგელსკში არ გაგამწესონ-მეთქი. მიპასუხა, იცი რას გეტყვი, შვილო, მადლობა მითხრან, რომ ამ სიტყვებს ეზოში რომ ტუალეტია, იმაზე არ ვაწერო. სამი მანეთიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ის მოხატული პრეზერვატივებიც გამომატანა და გამომიშვა.

სახლში მიხვდნენ, ვინც დამასაჩუქრა და მითხრეს, რა ლამაზი ბუშტები უჩუქებიაო. ბებიამ კი გადაულაპარაკა დედას, ამ გრიშას თავში იოტისოდენა ჭკუაც არ აქვსო. მოკლედ, გათენდა პირველი მაისის დილა. მე, ჩემი ლამაზად მოხატული პრეზერვატივებით, ეზოს გოგო-ბიჭების გვერდით დავდექი. მათ ნამდვილი ბუშტები ეჭირათ ხელში.

ერთმა სომხის ბიჭმა, რომლის მამაც პურის ქარხანაში საამქროს გამგედ მუშაობდა, შურით სავსე თვალებით გადმომხედა და შემომაპარა, ბუშტები ხომ არ გავცვალოთო. მეც მეტი რა მინდოდა? მტრედებიანი და „მირუ მირით“ გაფორმებული პრეზერვატივები სასწრაფოდ ხელში შევაჩეჩე. ბავშვებიც დამესივნენ, ჩვენც გვინდა, გაგვიცვალე რაო. მოკლედ, გადავცვალე პრეზერვატივები ნამდვილ ბუშტებში და დავბრუნდი სახლში, ხოლო ის „ბურჟუის“ შვილები კი პრეზერვატივებით გავისტუმრე შინ“.

ალბათ დადგა დრო და თბილისის კიდევ ერთი კოლორიტი - გურამ ლორთქიფანიძეც უნდა გავიხსენოთ. ამ „საინტერესო“ შემთხვევას ბატონი ნიკო ლეკიშვილი მოგვიყვება.

„დოდო აბაშიძის ძეგლი უნდა გაგვეხსნა. მაშინ ქალაქის მერი ვიყავი. იმ ადგილას ახლოს იდგა ლორთქიას – გურამ ლორთქიფანიძის „ბუტკა“. რომ მივედი ადგილის სანახავად, ვთქვი, აქ ამ „ბუტკას“ რა უნდა, დოდო აბაშიძის ძეგლი უნდა გავხსნათ და, სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, ბოლოს და ბოლოს, აიღეთ და სახლის წინ დაუდგით-მეთქი. გაუგია ლორთქიას და უთქვამს: სახლთან რად მინდა, აქვე, ძეგლის გვერდით გადავდგამ, მთავარია, ნიკო არ წავიდეს წინააღმდეგი, თორემ დოდო თანახმაა, ძლივს დავითანხმეო“.

ერთხელ ბატონ ნოდარ დუმბაძეს თუშეთში სტუმრობა მოუწია და ერთ თუშის ქალთან „სერიოზული შელაპარაკება“ მოსვლია. ამ ისტორიას ბატონი ვალერიან სულაკაური გაიხსენებს.

„ერთხელ, თუშეთში ლეკებისგან აოხრების 130 წლისთავს აღნიშნავდნენ. მწერლებიც დაპატიჟეს. მოკლედ, ჩავედით მთელი დელეგაცია თბილისიდან თუშეთში, ლეკების აკლების თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ნოდარ დუმბაძე მოედანზე, ცენტრში იდგა. თუში ქალი მიუახლოვდა და თუშური კილოთი ჰკითხა: „ნოდარ, შვილო, რაგვერ ხარ?“ ნოდარმა უპასუხა – დუმბაძეო. ის ქალი კიდევ შეეკითხა – რაგვერ ხარო, ნოდარმა ისევ უპასუხა – დუმბაძეო.

არ მოეშვა ის ქალი, ვიცი ვინც ხარ და რაგვერ ხარო. დაიბნა ნოდარი, იფიქრა, თუ იცის ამ მამაცხონებულმა, დუმბაძე რომ ვარ, რაღას მეკითხება, რა გვარი ვარო. არჩილ სულაკაური თურმე იქვე იდგა და ნოდარს აუხსნა: ბიჭო, ეს ქალი გეკითხება, როგორა ხარ, რა ვერ გაიგეო. ნოდარი მომკვდარა სიცილით – მეც არა ვთქვი, ეს ქალი ხომ არ მემასხრება, გადაუთარგმნე ერთი, როგორ ვარ და კარგადო“.

დღევანდელი მოგონებების ბოლო სტუმარი, ანსამბლი „ოთხი გიას“ წევრი, ბატონი გია ღარიშვილი იქნება. პროფესიით ფიზიკოსი და მუსიკოსი ერთ ნაღდ თბილისურ ისტორიას მოგვიყვება.

„დედაჩემი ისეთი მკაცრი ქალი იყო, სულ მაფრთხილებდა, შვილო, არ შეიძლება ლექციაზე დაგვიანებაო და დილაადრიან წამომახტუნებდა ხოლმე საწოლიდან. ამიტომ, ყველაზე პირველი მე ვიყავი ხოლმე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჭიმული.

იქ სულ მხვდებოდა მეეზოვე დეიდა სარა, რომელსაც ისე უყვარდა თბილისი, ისე უვლიდა, ხვეტდა და ასუფთავებდა, რომ, ერთი შეხედვით მიხვდებოდა ადამიანი, ამას დიდი სიყვარულით აკეთებდა და არა მოვალეობის მოხდის მიზნით.

უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რომ დაჰყვებოდა თავისი ცოცხით ქუჩას, პირველ კორპუსამდე ერთ ნამცეცს არ ტოვებდა. ერთ დღესაც, ვდგავარ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჩერებაზე და ჩემს თანაკურსელებს ველოდები. დეიდა სარა იქვე ახლოს გვის. გავიხედე, მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე დაჯდა ქართველი ქალი, დადო ჩანთა, მოხსნა პირი და გაამზადა მზესუმზირა გასაყიდად. სარამ თვალები ჭყიტა, გაიდო მხარზე ცოცხი და მიადგა იმ ქალს: „რა არის, ქალო, ესა, რა გამოდის, რომ შენ ქართველი არის და თბილისი გიყვარს და მე ქურთი ვარ და თბილისი არ გიყვარს? აი, აი... შენ ჩემი უნივერსიტეტი ნაგავი ქნა, ბალღები მოვლენ სემიჩკა იყიდიან და ჩავჩავაზეს და ცერეთელს აი ფუ უქნას? ნამუსი აღარ არის? შენ მე ვის უნდა, ვინ არის ვარ, შევარცხვინე შენი კაცობრიობა”.

მე შორიდან ვუყურებ. უცებ, ეტყობა, ის სიტუაცია წარმოიდგინა დეიდა სარამ, რაზეც ლაპარაკობდა, თავისი გამობრძმედილი ცოცხი მოუქნია საწყალ „მესემიჩკეს” და ზედ თავზე გადაატეხა.

ამ ამბიდან გავიდა ოცი წელი. უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მომიწია გაჩერებაზე დგომა. გავიხედე, ისევ ზის ვიღაც „მესემიჩკე” მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე და, უცებ თავზე დაადგა მეეზოვე ქურთი ქალი. როგორც შემდეგ გაირკვა, დეიდა სარას შვილი ყოფილა. მიადგა „მესემიჩკეს” და დაუწყო ყვირილი: „შენ აქ როგორ ზიხარ? მე მოვხვეტე, შენთან მოვიდა, იყიდა სემიჩკა, ჩავჩავაზეს და ცერეტელს ახ თფუ ქნა, დაყარა, ნამუსია? დავაი აბა აქედან”! – და თავზე გადაატეხა ცოცხის ტარი იმ საწყალს. გამეღიმა. ვიფიქრე აი, ესენი არიან ნაღდი თბილისელები, კოლორიტები და ამ ქალაქის ნამდვილი პატრიოტები-მეთქი“.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...