დევნილთა საცხოვრებლებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

ჟურნალისტური გამოძიება

დევნილთა საცხოვრებლებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

28 ოქტ. 2015, 16:40:30

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები დღესაც უკიდურესად მწვავედ დგას, რადგან წლების განმავლობაში არ არსებობდა დევნილთა პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება და სახელმწიფო სტრატეგია.

მაგალითისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი დევნილთა განსახლების უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ეს თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. სწორედ ამის გამო, 2012 წლის ბოლოსთვის 85 953 დევნილი ოჯახიდან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა მხოლოდ 23 973 ოჯახი, ბინის სანაცვლოდ კი, ფულადი კომპენსაცია  5 155 ოჯახმა მიიღო.

დღეს ქვეყანაში 260 000-მდე რეგისტრირებული დევნილია, მაგრამ სამინისტროს მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

რა სტარტეგია აქვს სახელმწიფოს დევნილთა განსახლებისთვის და იხარჯება თუ არა მათთვის განკუთვნილი თანხები მიზნობრივად, ამის შესახებ "გურია ნიუსის" კვლევიდან შეიტყობთ.

სამინისტროს ბიუჯეტი და შემოწირულობები დევნილებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  დევნილთა სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი,  2014 წელთან შედარებით,  20 მილიონი ლარით გაიზარდა და  70 მილიონი ლარით განისაზღვრა. 
მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის მომატება გაზრდიდა შესაძლებლობებს, რომ დევნილთა  განსახლებასთან დაკავშირებული მწვავე მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო.

გარდა ამისა, ევროკავშირის (EU)დაფინანსებით,  იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიზნით, ამ ეტაპზე,  სექტორული პოლიტიკის დახმარების მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს 2012 წლის ოქტომბერი - 2015 წლის დეკემბრის პერიოდს და ხელშეკრულების ღირებულება  19 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული თანხა  მთავრობაზე სამ ტრანშად გადანაწილდა, პროექტის მიზანი კი, სამინისტროსთვის  დევნილთა დახმარების ღონისძიებების ეფექტური განხორციელებისათვის შესაძლებლობების შექმნა იყო.

ამ დახმარების გარდა, აშშ-ის განვითარების სააგენტომ (USAID) იძულებით გადაადგილებული პირების გრძელვადიანი განსახლებისთვის 34 668 597 მლნ დოლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, რომლის ღირებულებამაც 6.8 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, USAID-მა 2013 წელს დაასრულა 10 ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის რეგიონში 400-მდე ოჯახისთვის.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) (მაისი 2012 – დეკემბერი 2014) 30 მლნ. შვედური კრონა (4 404 864 აშშ დოლარი) გამოყო. თანხა სრულად იქნა ათვისებული.

ეს იმ თანხების არასრული ჩამონათვალია, რაც დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამებისთვის გამოიყენა. თუმცა, როგორც სამინისტროში, განმარტავენ, დევნილთა დასაკმაყოფილებლად სამუშაოები გრძელდება და მათ უზრუნველყოფას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. გეგმის შეუსრულებლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, სამინისტროში გარკვეულწილად გაუთვალისწინებლად წარმოქმნილ პრობლემებს ასახელებენ.

წამგებიანი ტენდერები

უმთავრეს პრობლემად, რის გამოც, ამ დრომდე ვერ მოხერხდა დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი, სამინისტრო იმ კომპანიების საქმიანობას ასახელებს, რომელთანაც სატენდერო ხელშეკრულებები გაფორმდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 6-მა ხელშეკრულებამ, რომელიც სამ კომპანიასთან გაფორმდა, პრობლემები შექმნა. არამიზნობრივად გაიხარჯა სამინისტროს მიერ წინასწარ გადარიცხული თანხები. რის გამოც, სამართალმდაცავმა ორგანოებმა, გამოძიება დაიწყეს. კომპანიების ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს მაღალჩინოსნები პასუხისგებაში არაინ მიცემულები. ძიება კვლავ მიმდინარეობს.

თუმცა, სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ტენდერები წესების სრული დაცვით გამოცხადდა და ჩატარდა, კომპანიებთან პრობლემების წარმოქმნისთანავე კი მათ საგამოძიებო უწყებებს თავად მიმართეს. ამ დროისთვის, პასუხისგებაშია მიცემული, სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის 5 პირი, მათ შორის, ორი დეპარტამენტის თავმჯდომარე, ორი სამმართველოს ხელმძღვანელი და ერთი რიგითი თანამშრომელი. ასევე კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ქვეყნიდან გაქცეულები არიან. პროკურატურაში ჯერჯერობით გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

სამინისტროს გარდა, სამართალდამცავ ორგანოებს ანგარიშები მოსაკვლევად და გამოსაძიებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გადაუგზავნა.

 2015 წლის ივნისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისობის აუდიტი დაასრულა. რითაც დადასტურდა, რომ არა მარტო მოქმედი ხელისუფლებისა, არამედ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც, დევნილებისთვის განკუთვნილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
როგორც აუდიტორი ზურაბ მაისურაძე აცხადებს, სამინისტროს მიერ 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა.
"მათ შორის, დარღვევები დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვებში: კერძოდ, 2011-2012 წლებში სამინისტრომ დევნილთა სასარგებლოდ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებები გაუფორმა ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნდათ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2,037,538 ლარი. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ... "მეგკოს" და ... "მე-სას" აქვთ საერთო იურიდიული მისამართი, ასევე, შპს "მე-სა"- ერთ-ერთი დირექტორი წარმოადგენს შპს "მეგკო"- 100%-იანი წილის მფლობელს. აუდიტის ჯგუფმა აღნიშნულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ანალიზისას გამოავლინა, რომ მოცემული მომსახურების ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სულ მცირე 654,361 ლარის მოცულობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა", _  განაცხადა მაისურაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა გამოვლინდა, რომ 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების უმეტესობა გაფორმებული იყო კომპანიებთან, რომლებიც არაპირდაპირ სამინისტროს თანამშრომელთან იყო დაკავშირებული.
"2013 წელს სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმდა 42 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 21,430,384 ლარი. ხელშეკრულებების ღირებულების 53% გაფორმდა ორ კომპანიასთან, შპს "NBG" და შპს "ნიუ კონსტრაქშენი", რომლებიც არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ სამინისტროს იმ თანამშრომელთან, რომელსაც ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება. მოცემული კომპანიები (შპს "ნიუ კონსტრაქშენი" და შპს "NBG"-) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ და შესაბამისად მსხვილ კონტრაქტებს იგებდნენ  2013 წელს, სწორედ ამავე პერიოდში დაინიშნა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესყიდვების და საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით მენეჯმენტთა ახალი შემადგენლობა", _ აღნიშნა აუდიტორმა და დასძინა, რომ შემოწმების შედეგად სამინისტროს მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაც დაფიქსირდა. 

"2011-2012 წლებში შპს "მონოლითმშენ"-თან და შპს "იკა"-სთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს. აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2,621,757 ლარი.

ასევე, სამინისტროს მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა კომპანიების მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 59,544 ლარის გადახდა

გარდა ამისა, 2011 წელს სამინისტროს მიერ მისი ცენტრალური აპარატის . გორში განთვასებასთან დაკავშირებით . გორში გორკის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების შემდეგ შენობა გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამისად 2011 წელს გაწეულმა არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 4,046,018 ლარი", - განმარტა ზურაბ მაისურაძემ.
მისივე განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის პროცესშიც.
"კერძოდ: ხუთ დევნილ ოჯახს, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ საკუთრებაში გადაეცა ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი. ასევე გამოვლინდა 6 შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ამასთან განხორციელდა საცხოვრებელი ბინის დაკანონება. იყო შემთხვევა, როცა 13 დევნილ ოჯახზე 2-ჯერ მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, რის შედეგადაც ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ შეადგინა 130,000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა ფაქტი, როცა საცხოვრებელი ფართები დაკანონებული ჰქონდა 4 ისეთ ოჯახს, რომლებსაც შეუწყდათ დევნილის სტატუსი", - განაცხადა აუდიტორმა.

დევნილებისთვის განკუთვნილი დაკარგული თანხები

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში საპარლამენტო უმცირესობაც ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა 2015 წლის 25 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის თანხები გაფლანგა.

 "სახეზე გვაქვს დაუდევრობა, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. თანხების გამოყოფის შედეგად არცერთი სამუშაო შესრულებული არ არის. დევნილთა და განსახლების სამინისტრო როგორც წესი ახორციელებს შენობების რეაბილიტაციას, მშენებლობას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და ის დოკუმენტები რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნავს როგორ უდიერად და უპასუხისმგებლოდ  ეპყრობა დევნილთა სამინისტრო დევნილთა განსახლების თემას", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ნადირაშვილმა.

დეპუტატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,  სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 იანვარს გამოცხადდა ტენდერი გორში ცხინვალის გზატკეცილის 14 ნომერში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1.859.081 ათასი ლარი იყო. ტენდერში კომპანია - შპს NBG-მ გაიმარჯვა, გამარჯვებულის ფასი - 1.100.000 ათასი ლარია. კომპანიასთან ხელშეკრულება კი, 2014 წლის 6 მარტს გაფორმდა და მისი ჩაბარების ვადა 2014 წლის 03 აგვისტო იყო.

"სახელშეკრულებო ღირებულება 1.100 000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად და შენობას თითი არ აქვს დაკარებული და ისევ ისე გამოიყურება", _ აცხადებდა ნადირაშვილი.

მისივე თქმით, ასევე ტენდერი გამოცხადდა  ქუთაისში, ნიკეას . 21-ში, ყოფილი "აისი"- ქარხნის შენობის გასარემონტებლადაც, სადაც 96 ბინის რეაბილიტაცია იგეგმებოდა.

"სატენდერო ღირებულება 2.712.611 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ნიუ ქონსტრაქშენი", გამარჯვებულის ფასი - 1.920.000 ათასი ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა  2013 წლის 29 აგვისტოს. ობიექტის ჩაბარების ვადა - 2013 წლის 27 დეკემბერი იყო. სამუშაოების ღირებულება 1.920.000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად, მათ შორის პირველი გადახდა 576 000.00 ლარი ავანსად. დღეს არსებული მდგომარეობით ობიექტი დაკონსერვებულია ,შემდგომი ბედი კი  უცნობია", _ ამბობდა ნადირაშვილი.

მისივე თქმით,  ასეთივე სიტუაციაა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზეც, სადაც  72 ბინის საპროექტო დაგეგმარება უნდა განხორციელებულიყო.

"სატენდერო ღირებულება 1 699 294.00 ლარი; გამარჯვებული კომპანიის ფასი 1 174 764.00 ლარი; გამარჯვებული კომპანია შპს "NBG"; შენობის რეაბილიტაციის ღირებულების 100% 1 174 764.00 ლარი გადახდილია მთლიანად ავანსად. სამინისტრომ იმის გამო რომ ამ თანხით ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების შესრულება, რომელიც ავანსად გასცა, იგივე შენობაზე გამოაცხადა  ხელმეორე ტენდერი ღირებულებით 505.367 ათასი ლარი", _ აცხადებდა ნადირაშვილი.     

ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ასევე წარუდგინა ვაზიანის ტერიტორიაზე არსებული კიდევ სამი ობიექტის სატენდერო ღირებულებები და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციაც:

"კიდევ ერთი ობიექტი ვაზიანის სამხედრო დასახლება
კორპუსი №2 და კორპუსი №3;   ტენდერში გამარჯვებული კომპანია - კვლავ  შპს "NBG"; სატენდერო ღირებულება 3 497 740.00 ლარი; გამარჯვებულის ფასი 2 640 000.00 ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 8 ოქტომბერს, ჩაბარების ვადა კი, 2014 წლის 3 ივნისი იყო.

შენობების ამჟამინდელი მდგომარეობა - მიტოვებული, ინგრევა, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 2 640 000.00 ლარი გადახდილია მთლიანად, სამი გადარიცხვით, სამივე ავანსად.

ასევე, ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №5 და №6;
კონტრაქტორი კომპანია / "ტრანსმშენი"; საკონტრაქტო ღირებულება 2 418 000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა    2014 წლის 30 მაისი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით, 2 ტრანშით, ავანსად.

ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №1 და №4; კონტრაქტორი კომპანია შპს "ნიუ ქონსტრაქშენი"; საკონტრაქტო ღირებულება  960 000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა 2013 წლის 2 დეკემბერი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100%-ით, ავანსად", _ აღნიშნა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ეს ხელშეკრულებები ფორმდებოდა 2013 წლიდან, როცა მინისტრი იყო დავით დარახველიძე და იგივე ტენდენცია გააგრძელა სოზარ სუბარმაც.

"მის დროსაც გაფორმებულია ხელშეკრულებები შენობების რეაბილიტაციისთვის საერთო ღირებულება თანხის არის 10 მილიონზე მეტი. ეს თანხები გაცემულია უმეტეს შემთხვევაში 80% ავანსად  და ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში  არცერთხელ სამუშაოები არ არის შესრულებული და მდგომარეობა იმ ობიექტების რომლის რეაბილიტაციას უნდა მომხდარიყო  არის სავალალო. ამის შედეგია ის რომ 500 ოჯახი რომელიც ელოდებოდა ამ შენობების რეაბილიტაციას, დღეისთვის დარჩენილია უსახლკაროდ და შესახლებულია სხვადასხვა ფართებში. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის კორუფციული სქემა რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში ეს  არის საგანგაშო ფაქტი ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და მივმართავთ პროკურატურას გამოიძიოს სოზარ სუბარის და მისი წინამორბედის დროს როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა", _ აცხადებდა ნადირაშვილი.

"გურია ნიუსმა" ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გადაამოწმა. მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა ჩვენთან საუბარში ირმა ნადირაშვილის განცხადების ნამდვილობა ნაწილობრივ დაადასტურა და განმარტა, რომ პრობლემურმა კომპანიებმა მართლაც შექმნეს სიძნელეები, თუმცა სამინისტროს ხელმძღვანელობა რომ  ხელს არავის აფარებს და მათი ინიციატივით არის რეაგირებები გაკეთებული, რასაც ამ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობა ადასტურებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრობლემური სულ 6 ხელშეკრულება იყო, რომელიც  სამ კომპანიასთან გაფორმდა, ეს კომპანიებია: "ნიუ კონსტრაქშენი", "NBG" და "ტრანსმშენი". სულ ხელშეკრულების ღირებულება 10  212 000 ლარი. ამ ხელშეკრულებებიდან შპს "ტრანსმშენს", ვაზიანში, ხელშეკრულების ღირებულებით 2 მილიონ 418 ათასი ლარი სრულად აქვს შესრულებული სამუშაო.

ორმა კომპანიამ, "ნიუ კონსტრაქშენმა", "NBG"-მ  არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. როგორც კი ეს გამოვავლინეთ, ორივე კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებებში გადავაგზავნეთ დოკუმენტაცია. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

 "NBG"-ს  ხელმძღვანელობა პასუხისგებაშია მიცემული, მათთან ერთად, პასუხისგებაში მიცემულია სამინისტროს თანამშრომლები - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თემურ მაღალდაძე და სპეციალისტი რატი სვანიძე.

"გურია ნიუსის" კითხვაზე - 10 მილიონ 212 ათასი ლარიდან რა თანხის სამუშაოა შესრულებული და რა თანხაა დაბრუნებული ბიუჯეტში, მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა: _ 10 მილიონ 212-დან არის 5 მილიონ 520 ათასი ლარის სამუშაო შესრულებული. ბიუჯეტში დაბრუნდა 2 149 429 ლარი; დასაბრუნებელია 2 553 118 ლარი, რის გამოც, დღეს სამინისტროს  სასამართლო დავები აქვს ამ კომპანიებთან.

იმ ობიექტებზე, სადაც შეჩერდა სამუშაოები,  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მეშვეობით ზუსტად დადგინდა ამ ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები და რაც ჰქონდათ შესრულებებში  დაფიქსირებული თანხები უფრო ნაკლები გამოუვიდათ დანახარჯი, ამან გამოიწვია დასაბრუნებელი თანხის  გაზრდა.

მათ შორის არის "NBG"-ს ვაზიანის ობიექტი, რომლის საგარანტიო თანხა სრულად დაბრუნდა - 1 მილიონ 622 ათასი ლარი. ასევე დაბრუნებულია "ნიუ კონსტრაქშენის" ნიკეას ობიექტის თანხა 526 ათასი ლარი.

პრობლემური ობიექტები რაც არის, მაგალითად, რკონში, დაუბრუნდა ეკონომიკის სამინისტროს.  აქ  1 მილიონ 100 ათასიანი ხელშეკრულებიდან მხოლოდ 177 ათასია შესრულებული. დასაბრუნებელია  917 ათასი ლარი, რაზეც ვდავობთ", _ აღნიშნა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება იმ ობიექტებს, სადაც კომპანიების ბრალეულობით შეწყდა სამუშაოები, რეხვიაშვილი განმარტავს, რომ ხელახალი ტენდერები უნდა ჩატარდეს.

"ქუთაისში, ნიკეაზე მდებარე ობიექტზე ხელახალი ტენდერი ახლა იწყება, გამოვლინდება გამარჯვებული და გაგრძელდება სამუშაოები. რაც შეეხება ავტომშენებლის სამუშაოებს, გამიჯნულია შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები, ახალი ტენდერით გამოვლენილია კომპანია შპს "დავითი". მან გააგრძელა სამუშაოები და ივლისში უნდა ჩაგვაბაროს ეს ობიექტი სრულყოფილად", _ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ სამინისტრო კომპანიებთან უკვე საავანსო, საბანკო გარანტიებით დებს ხელშეკრულებებს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესრულებული სამუშაოს  ოდენობის განსაზღვრის შემდეგ მოხდეს კონკრეტული საბიუჯეტო  თანხების გადარიცხვა. ამასთანავე, საბანკო გარანტიების ვადებიც მკაცრად  გაკონტროლებულია.  ახლა დაიწყო ქუთაისსა და ზუგდიდში დიდი მშენებლობები, მაგრამ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგიც შესაბამისია. ჩვენ ეს პრობლემები დაგვხვდა და კარნახის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ამ კომპანიების საქმიანობა საგამოძიებო ორგანოებს შეესწავლათ.

ხელშეკრულებები დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდშია დადებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ წინა პერიოდიდან შესრულებული სამუშაოები სასურველი იქნებოდა  უფრო მაღალი სტანდარტის ყოფილიყო. 2014 წლის აგვისტოდან ამის მონიტორინგი ძალიან მაღალ სტანდარტზეა. რადიკალურად განსხვავებულად არის მენეჯმენტი დალაგებული. ობიექტს ისე არ ვიბარებთ, თუ მშენებლობის ხარისხი,  შესაბამისი ექსპერტიზით არ არის დადასტურებული. საბოლოო ანგარიშსწორებას ჩვენ ისე არ ვახდენთ, თუ დოკუმენტალურად არ არის გამყარებული ყველა მოცულობის შესრულება", - აცხადებდა მინისტრის მოადგილე და დასძენდა, რომ მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, 17-ია. დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, 13.

სტატისტიკა

დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტს მინისტრმა სოზარ სუბარმა 2015 წლის 13 ოქტომბერს წარუდგინა, ბინების რეაბილიტაციის პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ვაზიანში, კასპში, გორში, ხაშურში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში, სადაც მალე 1030 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს.

✓ რეაბილიტირებულ, ახალაშენებულ და გამოსყიდულ შენობებში ბინა 3 373
 დევნილმა ოჯახმა მიიღო.

✓ სამინისტრომ კერძო მესაკუთრებისგან გამოისყიდა და დევნილებს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა 18 ობიექტი, სადაც განსახლებულია 721 დევნილი ოჯახი.

✓ 2012 წლიდან დღემდე 21 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და 550-მდე დევნილმა
 ოჯახმა ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში მიიღო ბინა.

✓ "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 
758 დევნილ ოჯახს კერძო სახლის შეძენაზე თანხმობა განუცხადა.

✓ ამ ეტაპზე სამინისტრომ მენაშენეებისაგან უკვე შეისყიდა 735 ბინა თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში.

✓ დღევანდელი მონაცემებით, 10 100 დევნილ ოჯახს საკუთრებაში უკვე გადაეცა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები.

გარდა გამოსყიდვისა, სამინისტრო იწყებს მასშტაბურ მშენებლობებს. ქუთაისში აშენდება 25 თექვსმეტსართულიანი, ზუგდიდში 34 თორმეტსართულიანი კორპუსი. წყალტუბოსა და გორში კი, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.

დასკვნა

ზემოაღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში სატენდერო ხელშეკრულებები წესების დარღვევით და დაუდევრადაა შესრულებული, რამაც შემდგომ რამდენიმე წლის მანძილზე დროულად განსახლების პრობლემა წარმოქმნა. სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა დაშვებული შეცდომებს გამოსწორებას ცდილობს, თუმცა, მილიონობით ლარი, რომელიც კომპანიებზეა გაცემული, გამოძიების დაუსრულებლობის გამო, კვლავ ვერ ხმარდება დევნილთა პრობლემებს.





 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში ლენინის ბიუსტი მოიპარესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალდოია წულაძის სახლ-მუზეუმში მოპარულია რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი. ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა ... ...
  • არასამთავრობო ორგანიზაციები შშმ პირთა შესახებ კანონის აღსრულების შეფერხებას ეხმაურებიანარასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხების პროცესს ეხმაურებიან და მთავრობას კანონით ნაკისრი ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ, _ ერთობლივ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს. შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი , რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2020-2021 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად   პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს დროულად ვერ მოხერხდა. „საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის პირველი იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა. ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის  მიღების  პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა. აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. ისინი მთავრობას მოუწოდებენ შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში შშმ პირთა მიმართ სახელმწიფოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  პრიორიტეტები, რომელიც თავის მხრივ მომავალში გატარებული პოლიტიკის საფუძველი იქნება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას სთხოვენ, რომლის ვალდებულება იქნება, განსაზღვროს  და დააკოორდინიროს ქვეყანაში კონვენციის აღსრულება და უზრუნველყოს შშმ თემისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მონაწილეობა ამ პროცესში: „საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების აქტიური ჩარ-თულობა; უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმების მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს; შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს; განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. საქართველოს პარლამენტს: შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO); ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP); გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი; ააიპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი (EPC); ასოციაცია დეა; პლატფორმა სალამი; ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი; მარიკო კობახიძე; ესმა გუმბერიძე; გიორგი ... ...
  • საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი 1256 ლარამდე გაიზარდა2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3 პროცენტით); 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ... ...
  • თანხები რეგფონდიდან, წინსწრებით დაგებული გზები და უკმაყოფილო სოფლის დეპუტატებიმერიის წინადადების საფუძველზე ლანჩხუთის საკრებულოში დეპუტატებს რიგგარეშედ მოუწიათ შეკრება და სხდომის გამართვა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგი კი  ორი საკითხისგან შედგებოდა. პირველი საკითხი  2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ  ლანჩხუთის  საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა და ის დეპუტატებს მერის მოადგილემ ბიძინა იმნაიშვილმა გააცნო. მეორე საკითხის შესაბამისად კი საკრებულოს წევრებმა განკარგულება დაამტკიცეს და  „ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებულ -„ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობის მიცეს. როგორც პირველი საკითხის მომხსენებელმა ბიძინა იმნაიშვილმა აღნიშნა, რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2719106 ლარი გამოეყო, საიდანაც 48315 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. დარჩენილი თანხა, მერიის მხრიდან გაჟღერებული განმარტებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდება და ისიც შიდა გზების რეაბილიტაციისთვის გაიხარჯება. სწორედ ბიუჯეტში  შესაბამისი ცვლილების ასახვის მიზნით დაიწყო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება. თუმცა, მანამ  საკითხს დასტურს მისცემდნენ, დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირეს. უმრავლესობის წევრმა და „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ,  ციცი ჩხაიძემ აქცენტი სანახევროდ რეაბილიტირებულ, განსაკუთრებით კი ქალაქის ტერიტორიაზე,  გააკეთა და ინფრასტრუქტურის სამსახურისგან ამასთან დაკავშირებთ განმარტებებიც მოითხოვა. „მაინტერესებს ერთი რამ ამ გზებთან დაკავშირებით, ქალაქში გადმოსასვლელი რომ არის, იქ სულ მოუწესრიგებელია, ჩიბათში მივდივარ-გზა სოფელში შეწყვეტილია, გვიმბალაურში თუ აგარაკში ავდივარ, გზა ბოლომდე მიყვანილი არაა, თამარ მეფის ქუჩაზე გავდივარ-საშინელი მდგომარეობაა. ერთხელ და სამუდამოდ რა აფერხებს ამის დასრულებას, რა ხდება ან რატომ?! თანხა არყოფნის?! გათვალისწინებული არაა პროექტში თუ რატომ ვაწყდებით ასეთ პრობლემებს?!“- აღნიშნა „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.  კითხვები სხვა დეპუტატებსაც გაუჩინა წარმოდგენილმა საკითხმა. მათი არგუმენტით, ზემონახსენები დაფინანსება რამდენიმე  ადმინისტრაციულ ერთეულს არ მოიცავს და მათთვის გაუგებარი რჩება თუ რატომ. „ლესა სად არის? გვიმბალაური სადაა? სხვა რამდენიმე  ადმინისტრაციული ერთეული სადაა? თუ იქ არ არის შიდა გზების პრობლემები?!“-  იკითხა დეპუტატმა ამირან გიგინეიშვილმა.  პასუხად კი საკითხის მომხსენებლისგან მიიღო, რომ ზემონახსენები თანხა იქ გამოიყო, სადაც უკვე მზა პროექტები არსებობდა. ლესის მაჟორიტარის, ელისო ჭიჭინაძისთვის პრიორიტეტების შერჩევამ შექმნა ბუნდოვანება. „საინტერესოა როგორ შეირჩა პრიორიტეტები. სულ გზას ვიძახით და ვინ უნდა გაამზადოს ეს პროექტები?! ჩვენ თავად თუ რა ხდება?! ვერ გავიგე! ხომ ამბობენ, რომ ეს წინასწარ გამზადებული პროექტებიაო, გვაჩვენონ ინფრასტრუქტურის სამსახურში ვის რამდენი განცხადება აქვს შენატანი გზების თაობაზე. თუ არ ვცდები სულ 16 ადმინისტრაციული ერთეულია და აქ 11-ია ასახული, ანუ 11 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი და ის დანარჩენი ხუთი უკეთეს მდგომარეობაშია?! “ საფინანსო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მახათაძემ კი მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურიდან სრული ჩამონათვალი მოითხოვა თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგფონდიდან  რა თანხა გაიხარჯა2017 მოყოლებული დღემდე.  „მომავალი საკრებულოს  სხდომისთვის, როცა ეს წარმოდგენილი ბიუჯეტში ცვლილება უნდა დავამტკიცოთ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა წარმოგვიდგინოს 2017 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით რეგიონალური განვითარების ფონდიდან რა თანხებია გახარჯული. გზა იქნება, პარკი იქნება თუ რაც იქნება“, _ საკუთარი მოთხოვნა დააყენა საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ.    დეპუტატთა მხრიდან გაჟღერებული პრეტენზიების საპასუხოდ განმარტებების გაკეთება  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველ პირს ლევან ჩხაიძეს მოუწია. მისი თქმით, ლესაში გზა წინსწრებით დაიგო და ამიტომაც ვერ მოხვდა ის ახლანდელ ჩამონათვალში: ლესაში წელს გასაკეთებელი გზა  შარშან,  წინსწრებით დაიგო. 2020 წელს ლესაში 250 ათასი ლარი დაიხარჯა. იგივე მოხდა გვიმბალაურში. აქედან გამომდინარე, თანხები იმდენი არაა, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს  ეყოს, ამიტომ გავათანაბრეთ. ღრმაღელეში რეგფონდიდან უკვე მიმდინარეობს გზის დაგება. მაჩხვარეთში კი მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია და გამოცხადდება ტენდერი“, -განმარტა ჩხაიძემ.  რაც შეეხება სანახევროდ გაკეთებულ ქუჩებს, ლევან ჩხაიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ისეთ ქუჩებს ენიჭება, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა ლესის მაჟორიტარის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა. „სულ საუბარია, რომ ლესაში კეთდება სკოლა, გაკეთდა საბავშვო ბაღი, გაზი, მაგრამ მე ვკითხულობ ამ ფონდის თანხებიდან რა გაკეთდა ჩემს სოფელში?! რატომ მიდებთ საპირწონედ სკოლა და ასე შემდეგ. არ უნდა გაკეთებულიყო?!  რაც არ გაკეთდა ის რატომ არ გახსოვთ და არასწორად რომ შეირჩა პრიორიტეტები. საექიმო უბანი რომ არაა სოფელში და ადამიანები ოჯახში აკითხავენ ექიმს. არასწორად იყო შერჩეული პრიორიტეტები და ახლაც არასწორადაა.  მე ამ საკითხს მხარს დავუჭერ სხვა სოფლების განვითარებისთვის, მაგრამ  არასწორად გაქვთ პრიორიტეტები!“ დასძინა ელისო ჭიჭინაძემ. ცხარე დებატების შემდეგ ჯერი საკითხის  კენჭისყრაზეც მიდგა და ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას სხდომაზე მყოფებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, მიუხედავად აზრთა ... ...
  • "ეს სურების წმინდა გიორგის სახელობის ხის იავარქმნილი ეკლესიაა" _ ვახუშტი მენაბდეკონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ხის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს. "ეს წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიაა გურიის სოფელ სურებში. სამწუხაროდ, იავარქმნილი - დასანანია, რომ ასეთ კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ხის ეკლესიები აქა იქ თუ შემორჩა ჩვენში, არადა, ერთ დროს ძირითადად ასეთებს აშენებდნენ. ძალიან სპეციფიურია მისი არქიტექტურა და საინტერესო. სოფელი მდინარე სუფსის მისტიურ ხეობაშია მდებარეობს და ძველი დროიდანაა ცნობილი", _ წერს ვახუშტი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...